Google+

რელიზები

15.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ფოლადსადნობი ქარხნის მუშებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

ეს ქარხანა მე თქვენთან ერთად 2006 წელს გავხსენი.

მას შემდეგ, რაც თქვენგან გავიგე, რომ ქარხანას კრიზისთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, თქვენსკენ გამოვემართე.

2006 წელს ჩვენ დიდი იმედები გვქონდა და მათი უმეტესი ნაწილი გამართლდა - შევქმენით ძალზე მძლავრი ღუმელი, მეტალო-კონსტრუქციების ძალიან კარგი საამქრო და სამჭედლო.

საქართველოში მოქმედი საწარმოებისაგან ძალიან ბევრი შეკვეთა მივიღეთ, მაგრამ ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, სამწუხაროდ, არც თქვენი ბრალი არ არის და არც საქართველოს ცალკე აღებული მოვლენაა.

ჩვენ გავიარეთ აგვისტოს ომი ისე, რომ რუსეთის ეკონომიკა თითქმის ჩამოიშალა და საქართველოს ეკონომიკას თითქმის არაფერი არ დატყობია.

ნოემბრის ბოლოს საქართველოში მთელი სიმძლავრით შემოვიდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ასეთი კრიზისი მსოფლიოს 30-იანი წლების შემდეგ არ უნახავს. საქართველოზე ამას რა თქმა უნდა ექნება სერიოზული გავლენა. მთავრობა მარტო იმისთვის კი არ არის, რომ წითელი ლენტები გაჭრას და თავი მოიწონოს წარმატებებით, ნამდვილი პასუხიმგებელი მთავრობა პირველ რიგში დგას იქ, სადაც გაჭირვებაა და ამ გაჭირვებას საკუთარ ხალხთან ერთად იზიარებს.

დღეს საქათველოს მთავრობის წინაშე დგას ამოცანა -საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება.

90-იან წლებში ჩვენ უმძიმესი კრიზისი გადავიტანეთ, 1993-94-წლებში აფხაზეთში ომის შემდეგ და 1998 წელს, როდესაც რუსეთმა დაარტყა საქართველოს ეკონომიკას.

19 93-94 წლებში საქართველოში ჩამოიშალა მთელი ინფრასტრუქტურა, და საფინანსო-საკრედიტო სისტემა, გაუფასურდა და გაქრა ვალუტა, გაჩერდა საქართველოს ენერგეტიკა, ჩაბნელდა ჩვენი სახლები, განადგურდა გათბობის სისტემები, შეწყდა გაზის მიწოდება იქ, სადაც მიეწოდებოდა მანამდე.

ეს იყო ჩვენი ეკონომიკის კატასტროფიული ნგრევა.

საქართველოში დადგა პურზე რიგი, ხალხი იყინებოდა და კვდებოდა შიმშილით.

ეს იყო მაშინ, როცა მსოფლიოში არანაირი კრიზისი არ იყო.

1998-ში მსოფლიოში ჩამოიშალა საფინანსო სისტემა, რამაც აზიას და რუსეთს დაარტყა და დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ახლა არის ისეთი კრიზისი, რომელიც არ ყოფილა 60 წლის განმავლობაში.

მიუხედავად ამ კრიზისისა, საქართველოში ჩვენ ვუზრუნვეყოფთ იმას, რომ არ გაჩერდება ენერგეტიკა,ამისათვის აზერბაიჯანთან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ხუთწლიანი კონტრაქტი გვაქვს.

ჩვენი ჰიდრო და თბოელექტროსადგურები მზად არიან იმისათვის, რომ საქართველოს ყველა ოჯახმა და საწარმომ მიიღოს დენი შეუწყვეტლივ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ჩარჩო.

იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჩავდეთ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ენერგეტიაკში, აღმოვფხვარით კორუფცია, მოვახდინეთ გაზისა და ელექრტოენერგიის დანაკარგების შემცირება რა კრიზისიც არ უნდა იყოს, ჩვენ ჩვენს დაპირებას, რომ საქრათველოს ოჯახების 80პროცენტს, ჩვენი 50 თვიანი პროგრამის ფარგლებში მიეწოდება გაზი.

ჩვენ ამას შევასრულებთ, გაზიფიკაცია გრძელდება ისეთივე ტემპებით, როგორც ამას ჩვენ ვვარაუდობდით მსოფლიო კრიზისის დაწყებამდე. მეორე საკითხი ეს არის საქართველოს საკრედიტო სისტემის შენარჩუნება.

უკრაინა, უნგრეთი,ლატვია აღმოჩნდა საბანკო სისტემის ძლიერი ჩამოშლის პირობებში.

მთელ რიგ ქვეყნებში ვალუტა ჩამოიშალა 30-40-50 პროცენტით.

ჩვენ გარკვეული რყევების პირობებში მოვახერხეთ ვალუტის კურსის დაჭერა. ეს კონტროლირებადი პროცესია.

ჩვენი ბანკებმა ამ კრიზისს გაუძლეს.

მომავალ წელს ვიღებთ 400-500 მილიონიან დახმარებას იმისათვის, რომ საბანკო სისტემა ავამოქმედოთ, ამას დაჭირდება დაახლოებით 5-6 თვე.

ჩვენ ამ სისტემას გავაუმჯობესებთ, გადავარჩენთ, შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ.

ჩვენი მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაა.

მომავალ წელს ვიწყებთ დიდი დახმარების მიღებას ევროპიდან და ამერიკიდან.

იმ ქვეყნებშიც კი, ჯერ-ჯერობით ყველაფერი პრობლემატურია, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც უფრო ახლოს მივალთ ამ ქვეყნებთან, ისინი გამოვლენ ამ კრიზისიდან და ჩვენც ასევე.

ჩვენ გვაქვს გეგმა, ხედვა. დაღლისა მოშვების დრო არ გვაქვს.

ეხლა არის მობილიზაციისა და როგორც არასდროს, ენერგიული მოქმედებების დრო.

მინდა იცოდეთ ჩემო ძვირფასებო! სიღნაღს ვაკეთებთ, ქუთაისის ცენტრსა და ბათუმს ვაკეთებთ, ძველი თბილისის მაშტაბური აღდგენა დაიწყება.

ჩვენ შევძელით, რომ რუსების მიერ გამოყრილმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა პრაქტიკულად ყველამ მიიღო ბინა გათბობით, წყლით, დენით და მიწის ნაკვეთით.

ეს არის ჩვენი გზა ამ კრიზისიდან გამოსვლის.

შემდეგი ექვსი თვე საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება საკმაოდ მძიმე, მაგრამ შემდეგ ჩვენ ველით ტენდენციების გამოსწორებას. ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, საწარმოების შექმნა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება.

ჩვენ ვართ გონიერი ხალხი და გვესმის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის, საზოგადოებრივი დიალოგისა და მთავრობის აქტიური მოქმედების პირობებში.

ეკონომიკური სიძნელეების დროს, არის კორუფციის განახლების საფრთხე, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

ჩვენი გამოსავალი ერთად დგომასა და სტაბილურ განვითარებაშია.

ჩვენ მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკასთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სენატორ კერისთან ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ.

ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, რომელიც არ აქვს არცერთ ქვეყანას ამ რეგიონში.

ამ ხელშეკრულებას ვიღებთ იმისათვის, რომ გავიდეთ ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის გასაყიდად.

რთული პერიოდი გვაქვს, ეს დაზგები ისე ვეღარ გუგუნებენ, როგორც თუნდაც რამოდენიმე თვის წინ, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთდ ეს ყველაფერი უნდა გადავარჩინოთ და ვნახავთ როგორი საწარმოები გვექნება შემდგომ წლებში.

ამისათვის მთავარია ჩავჭიდოთ ყველამ ერთმანეთს ხელი, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, შევინარჩუნოთ საბიუჯეტო სისტემა.

მიუხედავად ყველა სიძნელისა, ჩვენ ვიპოვით განსაკუთრებულ ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს მსოფლიო ეკონომიკაში იმისათვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე.

თუ დღეიდან ერთ წელიწადში, ჩვენ ყველანი ვიტყვით, რომ მოვახერხეთ ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისაკენ.

თუ ორ წელიწადში ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოს დაუბრუნდა ეკონომიკური ზრდა და ამ კრიზისიდან წელში გამართული გამოვალთ და ყველაფრისაკენ გაგვეხსნება პერსპექტივა.

საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ გამავალი გზა გადის იმაზე, რამდენად შევძლებთ ჩვენი ეკონომიკისა და სახელმწიფოს შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

ის სირთულე,რომელიც დღეს არსებობს, ყველა ჩვენს გეგმას ცვლის.

ჩვენ შევძლებთ ახალი შეკვეთების თქვენთან ერთად მოპოვებას.

ბოლო ორი თვეა, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტის შეკვეთით გადარჩა 150-მდე სამუშაო ადგილი.

საბოლოო ჯამში დაბრუნდება ტურიზმის ინდუსტრია, გაიზრდება შეკვეთები და როგორც დავხვდებით ამ დონეს იმ დროისათვის, ისე განისაზღვრება ჩვენი მომავალი.

მთავრობას ვავალებ შეიმუშაოს ეკონომიკის გადარჩენის, შენარჩუნების საკანონმდებლო და საფინანსო პაკეტი,

ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავიდეთ სამშვიდობოზე.

მინდა მადლობა გითხრათ გამძლეობისათვის.

ჩვენ პრობლემებს არსად არ გავექცევით, მე არ დავუშვებ, რომ რომელიმე მოხელემ თავი ჩარგოს ქვიშაში და ეს არ შეიმჩნიოს.

ეს სახელმწიფო აპარატის თითოეულ თანამშრომლის მთავარი გამოწვევაა.

იმის მიხედვით, თუ როგორ ვიმუშავებთ, საქართველო დადგება ფეხზე. ამაში დარწმუნებული ვარ.

მაქვს თქვენი თანადგომის, გაგების, შრომისა და ნიჭის დიდი იმედი.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)