Google+

რელიზები

16.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინიტრ გრიგოლ მგალობლიშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელსა და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. პრეზიდენტმა გაწეული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ ახალი დავალებები მისცა.

საუბრისას მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო კრიზისის თემას შეეხო. მისი თქმით, კრიზისის დაძლევის საქმეში სოფლის მეურნეობის სფეროს თანმიმდევრულ განვითარებას დიდი როლის შესრულება შეუძლია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია ახლავე უნდა დაიწყოს, რათა მომავალი წლისთვის მისი ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდოს. მისი თქმით, სწორი ორგანიზებისა და მუშაობის პირობებში, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინაში ღვინის რეალიზაცია შესაძლებელია 5 მილიონამდე ბოთლზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით,10 მილიონ ბოთლზე ავიდეს. 2011 წლისთვის ქართული ღვინის გაყიდვის პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ამ მიზნის მისაღწევად ასევე აუცილებელია ფალსიფიცირებული ქართული ღვინის საბოლოოდ მოსპობა. ამისთვის კი, კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტი სოფლებში ტრაქტორების შეყვანის საკითხითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საქართველოს სულ 2 ათასი ტრაქტორი სჭირდება და თუ ამ რაოდენობის დიდი ნაწილის შემოყვანა გაზაფხულისთვის მოხერხდება, 2010 წელს ქვეყანაში ტრაქტორების დეფიციტი აღარ იქნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა დონორებთან აქტიურად მუშაობს და მომავალ წელს ამ მიზნით დაახლოებით 20-მილიონიანი დახმარება შემოვა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო კრიზისი სერიოზულ გავლენას ახდეს სურსათის ფასზე - სურსათის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება.

"დღეს საქართველოს შიდა ბაზარი გაუჯერებელია. უმეტესად მოიხმარენ რძის ფხვნილს, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ადგილობრივი რძის პროდუქტების გამოყენება. ასევე არ არის ათვისებული ბოსტნეულისა და მეფრინველეობის პროდუქტების ბაზარი. თუ ამ ბაზარს ჩვენი პროდუქტებით გავაჯერებთ, მარტო ეს იქნება სოფლის მეურნეობის ზრდის მნიშვნელოვანი რესურსი. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში იმხელა ეფექტი არაფერს მოუტანია, რამხელაც უფაასოდ დარიგებულმა ტრაქტორებმა მოგვცა. ერთადერთი, რაც კარგად უნდა ავაწყოთ მათი მომსახურება, მომსახურების ცენტრები და საბაზრო მექანიზმებია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომავალი წლის დამლევისთვის, ამ მხრივ, კომუნისტებისდროინდელ ნიშნულზე ავალთ. მისი თქმით, არხების მშენებლობასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა დასაქმდნენ.

"ვფიქრობ, მომავალი წლიდან სოფლის მოსახლეობა მასიურად უნდა დავასაქმოთ არხების გაწმენდის სამუშაოებზე. საამისოდ, აუცილებელია გადავხედოთ ბიუჯეტს და გამოვყოთ თანხა. ეს დროებითი დასაქმების მნიშვნელოვანი სქემაა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროექტს "ასი საწარმო", პრეზიდენტის თქმით, ის გრძელდება და მეტიც, მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ ინვესტორებთან, რათა საქართველოში ცნობილი ბრენდების ახალი საწარმოები გაიხსნას.

"სოფლის მეურნეობის სფეროს ხალხის დასაქმების მხრივ, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. ხელოვნურად უნდა მოხდეს სხვადასხვა პროექტების სტრუტურირება, რათა ხალხმა მსოფლიო კრიზისის მძიმე დარტყმა შედარებით ადვილად გადაიტანოს. ფული უნდა დაიხარჯოს სოფლის მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამ ხალხისთვის სწორედ ეს იქნება დახმარების გაწევა. სოფლის პოტენციალის 80 პროცენტი დღესდღეობით გამოუყენებელია. ამიტომ, ბაზრების ათვისებასთან ერთად, მთავრობისა და, უპირველეს ყოვლისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოცანა უნდა იყოს შიდა რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესი. თუ ამას მოვახერხებთ, შესაძლებელი გახდება მსოფლიო კრიზისის შედეგები საქართველოში მაქსიმალურად შევამციროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)