დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ებრაული დღესასწაულის, ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას დაესწრო. ხანუქას პირველ სანთელს უკვე მეხუთე წელია საქართველოს პრეზიდენტი ანთებს. წლევანდელი ხანუქა აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებულ ქართველ ჯარისკაცებს მიეძღვნა, რომელთაგან, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 22-ს ძვირადღირებული მკურნალობის კურსი ისრაელში საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ორგანიზებით ჩაუტარდა. ხანუქას სანთელი დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ქართველმა ჯარისკაცმა მიხეილ დოლიძემ აანთო.
მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ქართველი ჯარისკაცების მკურნალობის საქმეში გაწეული დახმარებისთვის, ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-პალატას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„თქვენ არ ხართ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმაპირობებელი, თქვენ ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ნაწილი ხართ! არასდროს დამავიწყდება ჩემი ვიზიტი აშდოთში, როდესაც მეც და ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრს ქუჩებში სიარულის დროს დაეუფლა განცდა, რომ იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ყველაზე თბილ და სტუმართმოყვარე ქართულ ქალაქში. იქ გვხვდებოდნენ ჩვენი თანამემამულეები, გულანთებული ქართველები, რომლებიც, ამავდროულად, საკუთარი ქვეყნის ერთგული შვილები და პატრიოტები არიან. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ისრაელისა და საქართველოს პატრიოტიზმი შეიძლება იყოს სრულად თანხვედრილი და ერთი-მეორის შემცველი. საქართველო-ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებულად კარგად ვითარდება იმის მიუხედავად, სიამოვნებს ეს ვინმეს ჩვენს გარშემო თუ არა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ისრაელში უამრავი ქართველი ებრაელი ცხოვრობს და არანაკლებია საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა რაოდენობა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ებრაელებს დიდ პატივს სცემენ და განსაკუთრებით უყვართ, ამის დასტურად, მან ქვეყნის ხელისუფლებაში თემურ იაკობაშვილის ყოფნა დაასახელა.
საღამოზე შეკრებილ სტუმრებს, მიხეილ სააკაშვილის გარდა, მიესალმნენ ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, ისრაელის ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერგი და ის ჯარისკაცები, რომელთაც ისრაელში გაიარეს მკურნალობის კურსი.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-პალატისა და საქართველოში მცხოვრები ებრაელობის წამომადგენლებმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური