საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ჯარის გააქტიურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარკეთილში, მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც იაფი დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ექიმებს და ასევე იმ პაციენტებს, რომლებიც ამ დროს პოლიკლინიკაში იმყოფებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა რამდენი ადამიანი სარგებლობს იაფი დაზღვევის პროგრამით და რამდენი აქვთ ხელფასი პოლიკლინიკის ექიმებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ვრცელი კომენტარი გააკეთა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარისა და ტექნიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ფაქტი რუსული აგრესიის გაგრძელებაა.
"მართალია, ახლა რუსების კონცენტრაცია საქართველოს ფარგლების შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ აღემატება იმას, რაც გასული წლის აგვისტოში იყო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტურის განახლების სიტუაცია, რეალურად არ არის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ყოველივე ეს შიდა არეულობაზე იყო გათვლილი. ბოლო დღეების მოვლენებმა კარგად გვაჩვენა, რომ რა რაოდენობის ფულიც არ უნდა დაიხარჯოს და რაც არ უნდა მოიმოქმედინ მათ, საქართველო სტაბილური ქვეყანაა და სერიოზული არეულობის გამოწვევა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ჩვენ ახლა ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე შარშან აგვისტოში გვქონდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ასეთი ურთიერთობა ამერიკას ძალიან ცოტა ქვეყანასთან აქვს. იანვარში ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას და ახლა იქმნება ამერიკა-საქართველოს ქარტიის ანუ სტრატეგიული პარტინიორობის განხორციელების უმაღლესი დონის სამთავრობო კომისია. ევროპაში 6 მაისს ჩვენ აღმოსავლეთის პარტნიორობას ვაწერთ ხელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირველად, ორგანიზაციულად მჭიდრო კავშირს დავამყარებთ ევროკავშირთან. ერთი წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. პირველად პრეზიდენტმა ობამამ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. მას არ უთქვამს "ძალის გადამეტება", "არასწორი პასუხი" ან "არათანაზომადი მოქმედებები", მან პირდაპირ თქვა "ეს არის შეჭრა სხვა ქვეყანაში". ამის შემდეგ უკვე ყველამ იყენებს ტერმინებს "შეჭრა", "აგრესია", "ანექსია" და სხვა. ერთი სიტყვით, სიმართლემ იპოვა თავისი გზა.
"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსები იმეორებენ, რომ უნდათ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა შეიცვლება. თუმცა, ყველამ, ვისაც ადვილად უნდა ამის დაჯერება, გაითვალისწინოს, რომ როცა ისინი ჩვენს ქვეყანას ახსენებენ, ისინი გულისხმობენ საქართველოს არა როგორც დანარჩენი მსოფლიო - ფსოუდან როკის გვირაბამდე, არამედ გულისხმობენ საქართველოს მხოლოდ ნაწილს - ქართლ-კახეთისა და იმერეთის სახით. სწორედ ეს არის დღეს რუსეთისთვის საქართველო. ამიტომ, იმისათვის რომ რუსეთთან მოვამზადოთ ნამდვილი დიალოგი, ჩვენი ამოცანაა, გავიმყაროთ საერთაშორისო პოზიციები, მოვახდინოთ ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ამის უნიკალური შანსი უკვე გვაქვს), გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს გარე და შიდა არევა შეუძლებელია. ეს ყველაფერი იქნება ბევრად უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ არსებითად სწორი დიალოგი გაიმართოს და გადაილახოს ის უბედურება, რაც აქამდე არის ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში და გამოიხატება ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციაში. მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია, რომელზეც ალბათ ზოგიერთები ოცნებობენ, ახლა ჩვენი მთავარი საფრთხე არ არის. ახლა დღის წესრიგში უნდა დადგეს საქართველოს სრული დეოკუპაციის საკითხი. ამის პირობებს ჩვენ ახლა ყველანი ვამწიფებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური