Google+

რელიზები

27.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვას დაესწრო. ლოცვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების გასამთლიანებლად და ქვეყნის გადასარჩენად დიალოგისთვის მზადაა. მან ასევე განაცხადა, რომ უერთდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდებას.

"თქვენო უწმინდესობავ!

ჩემო თანამოქალაქენო!

მე, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი მოკვდავი და თანამოქალაქე, განსაკუთრებით ვალდებული ვარ გავიმეორო სიტყვები, რომელიც უწმინდესმა საკუთარ თავზე წარმოთქვა.

ცოდვილთაგან პირველი მე ვარ.

მინდა ყველა დავდგეთ ყოველგვარი ამპარტავნობის გარეშე, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი ეკლესია, ჩვენი უწმინდესი და ქრისტიანული რელიგია. მინდა ყველანი გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან, რადგან ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს საქართველოში ეს არის პიროვნული ქიშპი, დაპირისპირება და ადამიანებს შორის სიძულვილი. ჩვენ არასდროს არ უნდა გვრცხვენოდეს ერთმანეთის თვალებში ჩავხედოთ, არასდროს არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ნათქვამის შემდეგ ერთმანეთის ხელის ჩამოვართვათ. ჩვენი წყენა, ეჭვიანობა და პირადი ამბიციები მეათეხარისხოვანი და არაფერია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რაც უწმინდესთან ბრძანა: თავი გავწიროთ საკუთარი ქვეყნისთვის, გვიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა და ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისთვისა და უკეთესი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა შევუერთდე იმ დიდ მოწოდებას, რომლითაც მოგვმართა ჩვენმა სულიერმა მამამ.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, სხვადასხვა ხალხი ვართ და სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებები შეიძლება გვქონდეს. მაგალითად, პირადად მე და მთავრობის წარმომადგენლები შეიძლება არ ვეთანხმებოდეს ბევრ რადიკალურ მოთხოვნას, მაგრამ როგორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრიც არ უნდა გვქონდეს, ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ჩვენი სამშობლო, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ერთმანეთის დაფასება. პოლიტიკური მოწინააღმდეგე უნდა დავაყენოთ არა მხოლოდ თანაბარ პოზიციაში, არამედ ერთმანეთს ქვემოდან ზემოთ უნდა ვუყურებდეთ, ერთმანეთს პატიება ვთხოვოთ და ვაპატიოთ ყველაფერი. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ ვაწყენინოთ, ჩვენ არ გამოვხატოთ სიძულვილი და ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ აგრესია სხვის მიმართ. აგრესია და სიძულვილი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას ანგრევს და ანადგურებს და ასე იყო ათწლეულების განმავლობაში. დადგა ის პერიოდი, როდესაც ქართველებმა ყველაფრის მიუხედავად უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა და ერთმანეთსთვის ხელის გაწოდება.

მიდა მივესალმო აქ შეკრებილ ყველა ადამიანს. აქ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. შესაძლოა ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს და ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მზად ვარ, დღესვე ან ხვალვე განვაახლოთ ერთმანეთთან დიალოგი და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ხალხს, როგორ დავძლიოთ გაჭირვება და ქვეყანაში არსებული სირთულეები, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო, როგორ დავუდგეთ ერთად მტერს, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით იმყოფება და ზარბაზანს გვიმიზნებს... დიალოგის და ჩვენი ერთად ყოფნის პირველი ნაბიჯად მინდა აქ, ამ დიდ ტაძარში, ყველამ ერთად ვთქვათ, რომ სიძულვილი და აგრესია ჩვენს ურთიერთობებში არ უნდა იყოს.

ჩვენ განვსხავდებით ერთმანეთისგან, არ ვეთანხმებით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკასა და მის მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით ერთმანეთის მოსისხლე მტრები და მოწინააღმდეგეები, ჩვენ არასდროს არ ავიღებთ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ და ყველა საკითხს ყოველთვის გადავწყვეტთ საუბრით, სიძულვილისა და აგრესიის გარეშე, მეორე მხარის პოზიციის გათვალისწინებით. ამის სიმბოლოდ, მსურს თითოეულ აქ მდგომ პოლიტიკოსს ხელი ჩამოვართვა და ვუთხრა: ერთად ყოფნის, დიალოგისა და ერთიანი მომავლის მშენებლობის გარდა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო მინდა თითოეულ თქვენგანს ჩამოვართვა ხელი იმის ნიშნად, რომ ერთმანეთის მტრები ნამდვილად არ ვართ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ტაძარში მყოფ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ალასანიას საჯაროდ ჩამოართვა ხელი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)