Google+

რელიზები

04.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სამკერვალო ფაბრიკა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" გახსნა.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლებში გზების, საავადმყოფოების, გაზიფიკაციის პროექტების განხორციელებაზე და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ ხელისუფლება თავის ყველა წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკურ გაჭირვებაზე და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო გართულდა.

"ჩვენ მართლა გვაქვს შანსი იმისა, რომ თუ ერთად ვიქნებით და გავაგრძელებთ ყველა დაწყებულ რეფორმას, ყველა იმ პროექტს, რომელიც გზების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, აუცილებლად მოვიზიდავთ ინვესტორებს. ეს ყველაფერი კი, ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას, რომ შექმნილი კრიზისიდან ღირსეულად გამოვიდეს. სერიოზულად დგას უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა, თუმცა თუ ვიქნებით ერთად, თუ იქნება სტაბილურობა და არ მივცემთ კორუმპირებულებს უკან დაბრუნების საშუალებას, აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავარი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა - განაცხადა

მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში ფაბრიკის გახსნისას. მისი თქმით, ამ საწარმოს გახსნა ნიშნავს იმას, რომ დღეს ერთი ბრძოლა მტერთან მოგებულია.

დღეს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის წინ ამ ფაბრიკაში წარმოებული „PUMA"-ს ქურთუკი ჩაიცვა და იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან ყველა ქართული ნაკრები ამ ქარხნის ნაწარმით შეიმოსება. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტსმენებს, ფაბრიკას გაუწიონ დახმარება და მოახდინონ მათი პროდუქციის რეკლამირება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღეისთვის მთავარი ამოცანაა მსოფლიო კრიზისის მიუხედავად შენარჩუნდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილები.

პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში ქარხნები აღარ იხსნება, მსოფლიოში მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ საქართველოში ქარხნები იხსნება და ბათუმში მშენებლობა გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერების პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი კვირის წინ იგი სოფიადან ბოდრუმში ჩავიდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი თურქეთში სასათბურე მეურნეობების სიახლეების გასაცნობად ჩავიდა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან დაათვალიერა ახალი ტექნოლოგიები ამ დარგში და უახლოეს მომავალში ეს ტექნოლოგოები საქართველოში დაინერგება.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც არ უნდა ილაპარაკონ მის ვიზიტებზე, სიარულს და ხალხთან მუშაობას გააგრძელებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)