გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭო სხდომაზე გამოეხმაურა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგების შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია.
საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტი ნიუ-იორკთან პირდაპირი ვიდეო-ჩართვით ესაუბრა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაეროში კახა ლომაიას და ელჩისგან მოისმინა ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ.
პრეზიდენტმა კახა ლომაიას და გაეროში საქართველოს მისიის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მუშაობა არის ენერგიული, პატრიოტული და ინტელექტუალური.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, რუსეთის შანტაჟის შედეგად გაეროს გენერალურმა მდივანმა თავისი პოზიციები დათმო. არსებობდა საფრთხე, რომ რუსეთის 15-16 წლიანი ზეწოლის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დათმობაზე წასულიყო. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ დღეს თანამეგობრობის მხრიდან აბსოლუტურად კონსოლიდირებული მხარდაჭერა მიიღო.
„რუსეთი იძულებული იყო ვეტო გამოეყენებინა და შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნას ყოველგვარი იურიდიული საფუძველი აქვს გამოცლილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთი მზად იყო ნებისმიერ გარიგებაზე წასულიყო იმის სანაცვლოდ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს საქართველო დაეთმოთ.
"გაერო არ იყო ის ორგანო, სადაც ჩვენ საბოლოოდ, ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებდით. იმიტომ რომ უსეთს აქვს ყველა უფლება იქ ნებისმიერ კარგ წამოწყებაზე. ის, რომ მათ სანაცვლოდ ვერაფერი ვერ გაიტანეს, ეს არის ჩვენი დიპოლომატიური წარმატება. ის, რომ 15 წლიანი ლეტარგიული ძილის შემდეგ, გაერო გამოერკვევა და იმოქმედებენ უფრო აქტიურად, ესეც ჩვენთვის კარგი დასაწყისია.
რუსეთი ჩამოყალიბდა წმინდა წყლის აგრესორად და ოკუპანტად.
მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთს პარტნიორობისთვის, იმიტომ რომ ის იყო საბჭოს თავმჯდომარე.
გუშინწინ გამოვიდა მედვედევი და განაცხადა, რომ ის საქართველოში ელის არჩევნებს, რომლის შედეგად მოვა საქართველოს სამართავად ხელისუფლება, რომელიც აღიარებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს. ეს არის იგივე რუსეთის ხელმძღვანელობა, რომელიც უკრაინაში აუქმებდა არჩევნებს.
რუსეთი ელოდება საქართველოში არჩევნებს იმისათვის, რომ მოიყვანოს ხელისუფლება, რომელიც თურმე აღიარებს ამ ქვეყნებს.
მათ იციან, რომ დღეს ერთი გრამი შანსიც კი, რომ საქართველო დაითანხმონ ოკუპაციაზე, არ არსებობს. მათ იმედი აქვთ, რომ ვინმე სხვა შეიძლება მოიძებნებოდეს საქართველოში, ვინც ამაზე წამსვლელია.
ამ აღმაშფოთებელ განცხადებაზე უნდა დაფიქრდეს ყველა ჩვენი მოქალაქე. უნდა გვესმოდეს, რომ მათი ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა.
არ არსებობს არანაირი სეპარატისტული რეჟიმი და დე-ფაქტო მთავრობა, არსებობს მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური