Google+

რელიზები

21.08.2009
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია დასაკარგი კადრი არ არის. მისი თქმით, ყველამ იქ უნდა გააგრძელოს მუშაობა, სადაც ქვეყნისთვის მეტი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრის გადაყენების კომენტირებისას გააკეთა.

"საკადრო სტაბილურობა საკადრო უძრაობას არ ნიშნავს. ლაშა ჟვანია ჩემი მეგობარია. იგი ძალიან ნიჭიერი და სასარგებლო ადამიანია. ჟვანია არ არის დასაკარგი კადრი. თუმცა, პრემიერს საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას სრული ავტონომია აქვს, მით უფრო, როცა საქმე ეხება ეკონომიკას. აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესია, საქმე არ მივიდეს იქამდე, რომ თანამდებობაზე ორიდან მხოლოდ ერთის დარჩენის საკითხი დადგეს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, მთავრობის გუნდმა საკმაოდ კარგად გაუძლო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და ქვეყანა შედარებით ნაკლები დანაკარგებით გადაურჩა ამ პროცესს. თუმცა, პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ საჭიროა გუნდური მუშაობა და შეთანხმებულობა.

„საქართველოს მთვარობას აქვს ჩემი და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. დღეს შევხვდი ნიკა გილაურს, უახლოეს დღეებში ასევე შევხვდები ლაშა ჟვანიას და ჩვენ ყველამ იქ უნდა გავაგრძელოთ მოღვაწეობა, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანას შევძლებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მუშაობაში ბევრია ხარვეზიც და პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი რეაგირებაა აუცილებელი.

„კიდევ ვიმეორებ, დასაკარგი კადრები არ გვყავს. თუ ვინმე კარგად აკეთებს საქმეს, ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, ხოლო პრობლემების გადასაჭრელად მათზე ხმამაღლა საუბარია საჭირო", - განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)