რელიზები
12.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა
თბილისში საქართველო- ბელორუსის ბიზნეს ფორუმი გაიხსნა.
ვიზიტის მიზანი ქართულ კომპანიებთან პარტნიორობის გამყარება და ბიზნეს გარემოს შესწავლაა. ბელორუსის სავაჭრო პალატის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ, მთავრი სასაუბრო თემა ინვესტიციების მოზიდვა იყო.
"მოხარული და ბედნიერი ვარ ჩვენი ბელორუსი მეგობრების სტუმრობით. ჩვენ სავაჭრო, სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მივესალმებით.
ვფიქრობ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს შორის ურთიერთობის განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს.
იმის მიუხედავად, რომ საქართველო დსთ-ს წევრი აღარ არის, ჩვენ შევინარჩუნეთ თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი დსთ-ს წევრ ყველა ქვეყანასთან.
საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე.მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლებ ბელორუს სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბელორუსიდან ჩამოდიან ტურისტები და მოსწონთ ჩვენი მხარე. საერთო კრიზისის ფონზე ბელორუსი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური ზრდა მიმდინარეობს. ჩვენსა და ბელორუსს შორის ასეთი კარგი ურთიერთობები ნამდვილად სასიამოვნოა. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება და განვითარდება." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური