Google+

რელიზები

08.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმროში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმი გახსნა.

ლატვიის ბიზნესმენთა დელეგაციის წევრები უძრავი ქონების, ასევე სამშენებლო, ავეჯისა და ტექსტილის წარმოების, კვების მრეწველობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სხვა სფეროს ბიზნესმენები იყვნენ. ფორუმზე სიტყვით საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები გამოვიდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორი საინვესტიციო გარემოა ქვეყანაში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა წინ წავიდეს.

მისი თქმით, საქართველოში მოიმატა მშენებლობამ, ასევე, ეკონომიკური მაჩვენებლები სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესია. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს ეკონომიკის გარანტირებული ზრდა იქნება. ასევე, საქართველო 2010 წელს 2 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიციას ელოდება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო ცდილობს იაროს სინგაპურის გზით. "ქვეყანას არ აქვს ნავთობი, გაზი და სხვა ბუნებრივი რესურსები, თუმცა, აქვს კარგი სატრანზიტო მარშრუტი",-დასძინა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოში აღმოიფხვრა კორუფცია, ასევე, არ არის ბიუროკრატია, შემცირდა კრიმინალური ფაქტები. ბიზნესის კეთების რეიტინგით ქვეყანა მე-11 ადგილზეა, ხოლო საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება რეფორმატორ და კორუფციასთან მებრძოლ ქვეყნებს შორის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალ წელს საქართველოში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც საქართველოში დემოკრატიის სერიოზული შემოწმება იქნება.

საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა და ის კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, ომამდე ბათუმში 500 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო წელს ეს რიცხვი 600 ათასამდე გაიზრდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმში მილიონ ექვსასი ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა, შენდება სხვადასხვა ბრენდების სასტუმროები. გაიხსნა "შერატონი", ასევე, გაფორმდა ხელშეკრულებები "ჰაიატისა" და "ჰილტონის" მშენებლობასთან დაკავშირებით. ბათუმში აშენდება სხვა ბრენდების სასტუმროებიც. პრეზიდენტის თქმით, მთლიანად საქართველოში შენდება გზები, ეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, არის რკინიგზის ხაზი, ვითარდება ახალი პორტები და მუშაობს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფოთში. მისივე განცხადებით, სამომავლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის კლიმატიც ძალიან კარგია. საახალწლოდ დაგეგმილია ხოსე კარერასის ჩამოყვანა. პრეზიდენტის თქმით, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა სამთო - სათხილამურო კურორტებზეც. მან მოუწოდა ლატვიელ ბიზნესმენებს, უფრო ხშირად ჩამოვიდნენ საქართველოში და უფრო ახლოს გაიცნონ აქ არსებული ვითარება.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანის განვითარების რამდენიმე მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ საქართველოში უსაფრთხოა ქუჩები და ქუჩაში მოძრაობა. დღეს კი, საქართველოს პოლიციას აქვს 68%-იანი ნდობა, როცა რამდენიმე წლის წინ ეს ნდობა მხოლოდ ერთნიშნა მაჩვენებელზე იყო. პრეზიდენტის განცხადებით, გამარტივებულია მართვის მოწმობისა და სხვა დოკუმენტაციების მიღების პროცედურები.

სააკაშვილმა ისაუბრა ეკონომიკური თავისუფლების აქტზეც, რომლის ინიციატივითაც რამდენიმე თვის წინ იგი თავად გამოვიდა. პრეზიდენტმა ლატვიელ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული აქტით მომდევნო მთავრობები რეფერენდუმის გარეშე ვერ შეძლებენ გადასახადების გაზრდასა და ახლის შემოღებას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მუხლი, რომელიც გათვალისწინებულია ეკონომიკური თავისუფლების აქტით, ეს არის ის, რომ სახელმწიფო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)