Google+

შეხვედრები და ვიზიტები

25.06.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ცნობილი გახდა, პირისპირ შეხვედრისას, საქართველოსა და გერმანიის პირველმა პირებმა საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტურ ზონებზე ისაუბრეს. ასევე საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყო. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ალიანსის არაწევრი ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ ამ საკითხის გადაწყვეტაში. მან ასევე გარკვეული რეკომენდაციები მისცა საქართველოს პრეზიდენტს თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისათვის, რომ ალიანის წევრი გახდეს. მისი თქმით, არც ისე შორს არის დღე, როდესაც საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდებიან.

"გერმანია მხარს უჭერს დინამიკური რეფორმების კურსს საქართველოში. ჩვენ მივესალმებით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება და მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიზიარებთ თქვენი ქვეყნის შეშფოთებას რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების გამო. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევს ბოლო შეხვედრისას პირადად ვუთხარი. მიმაჩნია, რომ სიტუაციის გაანალიზება და რეაგირება ყველა მხრიდან უნდა მოხდეს. გაუთვლელი ნაბიჯები თავიდან უნდა ავიცილოთ. სამშვიდობო ფორმატი ჯერ-ჯერობით არ უნდა შეიცვალოს. მოლაპარაკების პროცესში გერმანია აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტას, მაგრამ ეს უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს. მზად ვართ, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ეს მთავარი თემა გახდეს. რუსეთს მოვუწოდებთ გააგრძელოს მოლაპარაკება. 30 ივნისს გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გერმანიამ ბუქარესტში მკაფიო პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება. ნატო-ს არაწევრი არც ერთი სახელმწიფოს საქმე არ არის თუ ვინ გახდება ალიანსის წევრი. მე შევპირდი პრეზიდენტს, რომ შევეცდები საქართველოში ჩამოვიდე. შესაძლებლობის ფარგლებში გერმანია მონაწილეობას მიიღებს ქართულ-აფხაზურ დიალოგში. კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსეთიც აქტიურად უნდა ჩაერთოს. 2-3 კვირაში აფხაზეთის პრობლემა არ გადაიჭრება, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში პროგრესი უნდა შეინიშნებოდეს. მაპ-ის მღებასთან დაკავშირებით, გათვლა დეკემბრისათვის არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს არც ისე შორს გადადებული საკითხია. დღეს ის კრიტერიუმები გავაცანი პრეზიდენტს თუ რომლებიც საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის სჭირდება. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის ერთი მშვენიერი დღე შორეულ მომავალში - ეს დღე მალე დადგება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში აქტიური ჩარევა სთხოვა.

"გერმანია ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმ განცხადებისა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის თაობაზე ბუქარესტში გაკეთდა. ფაქტია და ამ აზრს ბევრი ჩვენი პარტნიორი იზიარებს, რომ არსებული ფორმატი ვერ მუშაობს და მისი ალტერნატივა დიპლომატიური გზებით უნდა მოიძებნოს. ამისათვის ჩვენ ყველასთან აქტიურად ვიმუშავებთ - ევროკავშირთანაც და რუსეთთანაც. მე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მისი განსხვავებული მიდგომითა და ლიბერალური დამოკიდებულებით. თუმცა თუ რეალობას დავეყრდნობით და დავსვამთ კითხვას რა შეიცვალა საქართველოსთვის ამ მხრივ, პასუხად მივიღებთ იმას, რომ ცვლილებები მხოლოდ უარესობისკენ მოხდა. ჩვენ დიალოგის გაგრძელების და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრე ვართ. შევეცდებით თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელია "გაზპრომის" გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთის გაზიფიკაციას ითვალისწინებს და რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემების გადასალახად და ვითარების განსამუხტავად რუსეთთან მოლაპარაკება ვაწარმოოთ. იმედი გვაქვს, რომ გერმანიასთან თანამშრომლობა კონფლიქტების გადაჭრაში დაგვეხმარება და გზას გაგვიხსნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ. მადლობელი ვარ, რომ საქართველოს საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე და აქტიურად განიხილება. ასევე აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. გვესმის, რომ ეს კომპლექსური საკითხია, მაგრამ უკვე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფლიქტურ რეგიონებსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომაზეც ილაპარაკა.

"ევროპის ყველაზე დიდ და წამყვან სახელმწიფოში საქართველოს პოზიციის დასაცავად ამ დღეებში აქ ჩამოსვლას ჩემთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გერმანია ამ პროცესებში ჩართულია, რასაც მივესალმებით. ეს ყველაზე კარგი გზაა იმისათვის, რომ გერმანიისა და ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გიუნტერ კრიხბაუმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

"გერმანია მხარს უჭერს დიალოგის გაგრძელებას. ჩვენ ვიზიარებთ ქართული მხარის შეშფოთებას რუსეთის მიერ აფხაზეთში დამატებითი ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით. რუსეთს მოვუწოდებთ არ დაასხას ცეცხლზე ნავთი და განაგრძოს დიალოგი. რაც შეეხება ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოში გაგრძელებულ ცვლილებებს, მივიჩნევთ, რომ ქვეყანამ დიდ წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული განვითარებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გერმანიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს თქვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა", - განაცხადა გიუნტერ კრიხბაუმმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. მათ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური და მშვიდობიანი გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა აღმოუჩინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარება ევროპისა და მსოფლიოს მხარდაჭერით. შეხვედრისას გადაწყდა, რომ კონდოლიზა რაისი საქართველოს 9 ივლისს ესტუმრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)