საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში დღეს გუბერნატორებს და მთავრობის წევრებს შეხვდა. უწინარესად, მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალით დაინტერესდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად სამი რაიონი - დუშეთი, მცხეთა და თიანეთი დაზარალდა. მისი თქმით, დაზიანებულია წყლის რამდენიმე სათავე ნაგებობა, გზები და ხიდები. მან ასევე აღნიშნა, რომ ზიანის აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია. მიხეილ სააკაშვილმა იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რომლებიც ძლიერი წვიმების დროს წეროვანში, დევნილების დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს ექმნება მუდმივად. როგორც ცეზარ ჩოჩელმა განმარტა, მდინარე, რომელიც წეროვანის ტერიტორიაზე მოედინება, წვიმების დროს კალაპოტიდან გადმოდის და ამის გამო, დასახლება ხშირად იტბორება. პრეზიდენტმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა დაავალა.
კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ კახეთში სეტყვამ ორი ათასამდე ჰექტარი ვენახი, ნათესები და ხეხილი დააზიანა, ძლიერი წვიმების შედეგად კი დაიტბორა ნათესები, ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, პრეზიდენტს ინფორმაცია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც მიაწოდა. რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, სტიქიამ, საქართველოს მასშტაბით, 9 ხიდი დააზიანა, მაგრამ მთავრობამ მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 900 ათასი ლარი გამოყო და ინფრასტრუქტურა სამ კვირაში აღდგება.
მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორებისა და მინისტრებისგან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წელს რეგიონებში გახორციელებული პროექტების საერთო თანხა 2 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან მილიარდ 200 ათასი ლარი მსხვილ საგზაო და სარკინიგზო პროექტებზე იხარჯება, რომლის ფარგლებშიც ყველა რეგიონში ათას 335-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. საავტომობილო გზებისთვის 550 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს 510 მილიონი ლარი მოხმარდება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 150 მილიონია გათვლილი, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე - 85 მილიონი ლარი. ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ წელს, მომავალ წელს და 2013-ში საქართველოში განხორციელდეს ისტორიული პროექტი - ყველგან იყოს კარგი წყალსადენი, ყველგან იყოს კარგი გზა და იყოს რკინიგზა, რომელიც საქართველოს რკინიგზის ევროპულ ქსელში ჩართავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ინფორმაცია წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე მოითხოვა. რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, პროექტები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა შედგენილი და, ამ მხრივ, სამუშაოები გეგმაზომიერად ხორციელდება. მესტიის, ფოთის, ზუგდიდისა და მარნეულის შემდეგ, სადაც სამუშაოები წელს დაიწყება, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები საქართველოს კიდევ ექვს ქალაქში გაკეთდება. მინისტრმა განმარტა, რომ საგანგებოდ არის შედგენილი წყლის რუქები, რომელთა მიხედვითაც ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. წელს წყლით მომარაგების გაუმჯობესება 28 ქალაქში იგეგმება, ხოლო 2013 წელს დაწყებული საქმე დასრულდება. კახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ გურჯაანსა და თელავში წყლის სისტემები უნდა გამოიცვალოს, რისთვისაც გურჯაანის წყალსადენზე სამი მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო თელავში ოთხი მილიონ 800 ათასი ლარი. ამ თანხაში შევა ქალაქის გამრიცველიანებაც, რათა წყალი ფუჭად აღარ დაიხარჯოს. მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მოსახლეობის პრობლემაც გაიხსენა, რაზეც ქვემო ქართლის გუბერნატორმა უპასუხა: „რუსთავის უწყლობა ისტორიას ჩაბარდა და ქალაქს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება". პრეზიდენტმა ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს საგანგებოდ დაავალა წყაროების პოვნა, რათა საქართველოში აუთვისებელი რესურსი არ დარჩეს.
საავტომობილო გზებთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ საავტომობილო მაგისტრალის სვენეთი-რუისის მონაკვეთი შემოდგომით გაიხსნება და დაიწყება რუისი-რიკოთის 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ივნისში იწყება ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის დაგება. ამჟამად მიმდინარეობს გრიგოლეთის მონაკვეთის დაპროექტება და მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. დაწყებულია ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს დასრულდება, ხოლო აგვისტოში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, 2013 წელს ჩქაროსნული გზატკეცილი მთლიანად იქნება დასრულებული, რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის გარდა.
მიხეილ სააკაშვილი ბათუმი-ანაკლიის შემაერთებელი გზის პროექტითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ანაკლიის კურორტისთვის ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„გუშინ ანაკლიაში ვიყავი და მიხარია, რომ წარმოუდგენლად კარგი კურორტი გამოდის. ჩვენ უბრალოდ დავიწყებული გვქონდა, რომ ანაკლია ლაზიკას, კოლხეთის, სამეგრელო-აფზახეთის, მთელი შავიზღვისპირეთის, ასევე გენუელი ვაჭრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, რომელიც მთლიანად განადგურდა და რომლისგანაც პატარა სოფელი დარჩა. იქ ახლა დიდი ქალაქი შენდება, მაგრამ გზის გარეშე არაფერი არ გამოვა. ჯერ ერთი, ავტობანთან უნდა იყოს დაკავშირებული, რადგან ზუგდიდის გავლით სიარული სწორი არ არის და მეორე, პირდაპირ უნდა უერთდებოდეს ბათუმს, რადგან ბათუმი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იქნება, ხოლო ანაკლია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი კურორტი, სადაც სხვა ადგილებისგან განსხვავებით, თითქმის, არასდროს არ წვიმს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მინისტრის თქმით, ბათუმი-ანაკლიის, დაახლოებით, 100-კილომეტრიანი მონაკვეთიც ჩქაროსნული იქნება, რომლის დაფარვას, მგზავრები ერთ საათში შეძებენ. ამას გარდა, აგვისტოში დასრულდება ზუგდიდი-მესტიის გზის 132-კილომეტრიანი მონაკვეთი. მიხეილ სააკაშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უშგულსა და თეთნულდში მიმავალი გზების რეაბილიტაცია დაავალა, რაც, მისი თქმით, სვანეთის საკურორტო ზონის გასავითარებლად, ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
„მესტიისკენ მიმავალი ხეობა იმდენად ლამაზია, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ამ ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ უამრავი რესტორანი, პატარა-პატარა სასტუმროები უნდა აშენდეს, რაზეც კერძო სექტორს აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ. რეალურად, წელს ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, მაგრამ 2013-ში, როგორც კურორტები, სრული მოცულობით უნდა ამუშავდეს უშგული, თეთნულდი, ბუნებრივია, ადიში. ამიტომ, მესტიის გზას ეს გზებიც უნდა მივაყოლოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რამაზ ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მესტია-უშგულის პროექტირება, თითქმის დასრულებულია, და თეთნულდისკენ მიმავალი გზის მშენებლობაც წელსვე დაიწყება.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჯავახეთისა და ქუთაისის შემაერთებელ გზაზე, რომელიც საირმეზე გადის. პრეზიდენტის განცხადებით ეს არის სტრატეგიული გზა, რომელსაც ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს.
იგი ყაზბეგის გვირაბითაც დაინტერესდა, რომელიც გუდაურს უერთდება. როგორც მან აღნიშნა, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზამთარში მუდმივად ზვავსაშიშროებაა და სტეფანწმინდა მუდმივად წყდება დანარჩენ საქართველოს.
მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ არაოკუპირებულ რეგიონებში, რეალურად, მხოლოდ ყაზბეგის, ქუთაისი-მესტიის, აბასთუმნისა და ქუთაისის შემაერთებელი გზები რჩება. მისი თქმით, აუცილებელია გოდერძის უღელტეხილზე გაკედეს კარგი გზა და როდესაც ეს პროექტები დასრულდება, საქართველოს ყველა მიმართულებით გამართული გზები ექნება.
რამაზ ნიკოლაიშვილმა კახეთისა გზატკეცილსა და რუსთავის შემოვლით გზაზეც ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა მინისტრთან ერთად, იგი რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის გასწვრივ, სწრაფი ტრამვაი გაყვანასაც გეგმავს, რომელიც თბილისის ტრამვაის ხაზს მიებმება.
საქართველოს პრეზიდენტი, საუბრისას, სარკინიგზო პროექტებსაც შეეხო. რაც შეეხება ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას, ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო თავად სადგურის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება. მნიშვნელოვანია ის, რომ რკინიგზის მშენებლობის პროცესში 3100 ადამიანი დასაქმდება.
მიხეილ სააკაშვილს ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმაც მიაწოდა. მისი თქმით, მატარებლების ძრავები კეთდება უცხოეთში, ხოლო საქართველოში მათი აწყობა ხდება. ამ მომენტისთვის საკუთარი ტექნოლოგია ქვეყანას არ აქვს, თუმცა სატვირთო მიმართულებით, ვაგონმშენებელი ქარხანა მუშაობს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაობს, ვაგონმშენებელი ქარხნის მთავარი სტრატეგიაა, გადაეწყოს ახალი ვაგონების მშენებლობაზე, რის საფუძველზეც მას მიეცემა შესაძლელობა პროდუქცია კავკასიასა და უკრაინაში ექსპორტზე გაიტანოს. ირაკლი ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ვაგონმშენებელ ქარხნებში ამჟამად 1200 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ელმავალმშენებელში - დაახლოებით, 800 ადამიანი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საავიაციო ქარხანაში 2500 კაცია დასაქმებული, თბილისის მასშტაბით ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4500 აღწევს. თუმცა მას მიაჩნია, რომ არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, 10 ათასი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს მაღალტექნოლოგიებზე გადასვლას, რათა სამგზავრო მატარებლები ადგილზე აეწყოს. როგორც მან აღნიშნა: „თუკი თვითმფრინავების აწყობა შეგვიძლია, მატარებლების აწყობა მით უფრო შესაძლებელია". „საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორს მან ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა.
„თავიდან თუნდაც პატარა დეტალი, რომელიმე „დინამო" ავაწყოთ, მართვის პულტი ან რაიმე სხვა ელემენტი და თანდათან მაღალ ტექნოლოგიებზე უნდა გადავიდეთ. თუ ეს არ მოხდა, მომავალი არ გვექნება", - აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობით, კერძოდ კი, ხვნა-თესვის პროცესით დაინტერესდა. ყურადღება მან სიმინდის ახალ, ამერიკულ ჯიშზე გაამახვილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პროექტი ყველაზე წარმატებულად კახეთში განხორციელდა - ჰიბრიდული ჯიში კახეთის რეგიონში 14 ათას ჰექტარზე დაითესა. აღნიშნული კულტურა იმერეთში, დაახლოებით, 8000 ჰექტარზეა დათესილი, რაც სრული რაოდენობის 70-75 პროცენტია. თესვის პროცესი რეგიონში ჯერ არ დასულებულა.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის მიხედვით, ადგილობრივ ბიუჯეტს მოსახლეობა ადგილზე არსებული პრიორიტეტების მიხედვით თავად განსაზღვრავს, რაჭაში თანხა, ძირითადად, საუბნო გზებისა და სასმელი წლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ასევე მცირე საწარმოების მოწყობას ხმარდება. პრეზიდენტის თქმით, ერთი მხრივ, კარგია, რომ ხალხი თავად წყვეტს რაში დახარჯოს ფული, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითმმართველობა ვითარდება და მოსახლეობას დამოუკიდებლობისა და საკუთრების განცდა უჩნდება, მაგრამ, მეორე მხრივ, პროექტები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ხალხს ერთი და იგივე საქმის კეთება, რამდენჯერმე არ მოუწიოს.
ქართლში ამ მხრივ, მოთხოვნა სოფლების შიდა გზების შეკეთებასა და შიდა არხების გამწმენდაზე, ასევე მოედნებისა და სკვერების მოწყობაზე აქვს. ნიქოზსა და მიმდებარე სოფლებში სასმელ-სარწყავი წყლის პრობლემის გადაჭრის მიზნით, მუშაობა დაწყებულია. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა პრეზიდენტს განუცხადა, ეს იქნება საჩვენებელი პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამ რეგიონში დევნილთა რამდენიმე დასახლებაა, მათ შორის, თბილისიდან მოშორებით. პრეზიდენტმა ზურაბ არსოშვილს საგანგებო პროგრამების შემუშავება დაავალა, რათა არც ერთი დევნილი უყურადღებოდ არ დარჩეს, მით უმეტეს, ისინი, რომლებსაც მიწები ჯერ არ აქვთ გამოყოფილი.
გურიის რეგიონში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას, ჩაის წარმოების გარდა, მცირე ფერმერული მეურნეობების მოწყობით ვარაუდობენ. ასევე გურიისა და იმერეთის რეგიონებს უმუშევრობის დასაძლევად ეკონომიკის სამინისტრო ახალ გეგმას სთავაზობს, რომელიც ტექსტილის წარმოების განვითარებას ითვალისწინებს.
„ვერა ქობალია რამდენიმე ქვეყანაში გავუშვით ინვესტორების მოსაზიდად. უახლოესი მასობრივი დასაქმების სექტორებია ტურიზმი, მშენებლობა, რომელიც ისევ ტურიზმს უკავშირდება და ქალებისთვის სამკერვალო წარმოება. ამიტომ, ტექსტილზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რათა მაქსიმალურად შემოვიყვანოთ ხალხი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვერა ქობალიას განცხადებით, ესპანელი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული გამოცდილებით, მწარმოებლებითა და ფასებით. ამას გარდა, USAID პროგრამასთან ერთად, იგეგმება ტრეინინგებიც. თურქეთიდან რამდენიმე ჯგუფი უკვე იყო კიდეც ჩამოსული, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში დიდი წარმოება გახსნან. ლევან ვარშალომიძის ინფორმაციით, ამ წარმოების განვითარებას ინვესტორები არატურისტულ რეგიონებში ითხოვენ. შედეგი უკვე არის, რადგან ორი წარმატებული პროექტი უკვე ხორციელდება. ამას გარდა, ბათუმში მალე „ადიდასის" ფირმის სპორტული ტანსაცმლის წარმოებასაც დაიწყებენ.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, რუსთვის მეტალურგიულ ქარხანაში მილსაგლინავი საამქრო დაიწყებს მუშაობას, ხოლო თვის დამლევს დიდი რკალური ღუმელიც ამუშავდება. ამჟამად, ძველ მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, აზოტში 2100 კაცი, ხოლო „ჯეოსტილში", დაახლოებით, 600 ადამიანია დასაქმებული. „რუსთავცემენტში" 300-მდე ადამიანი მუშობს, ძველ წარმოებაში კი დასაქმებულთა რაოდენობა 500-ს აღწევს. შეიქმნა რამდენიმე ახალი კომპანია, მაგალითად, „რუსმეტალი" - რუსთავის მეტალი, რომელც გამოუშვებს პროდუქციის იმ რაოდენობის ორ მესამედს, რასაც ზესტაფონის ფეროშენადნობთ ქარხანა უშვებს.
რამდენიმე დღეა, რაც რუსთვში ახალი ავტობაზრობა გაიხსენა და ის ადგილი, საიდანაც ქალაქს ნიაღვრისა და სხვა საფრთხეებს უქმნიდა, რუსთავის მეორე სუნთქვად გადაიქცა.
„ 135 ათასიან ქალაქში წარმოებაში დასაქმდა 7-8 ათასი ადამიანი, ამას ემატება სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 1000-1500 კაცი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში მარტო წარმოებასა და სახელმწიფო სექტორში, დაახლოებით, 10 ათასამდე დასაქმებული გაჩნდა. ამას ემატება კერძო სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობა, ეს კი რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს გაწვდება. ის გზა, რომელიც თბილისსა და რუსთავს დააკავშირებს, ძალიან დიდ პრობლემებს მოხსნის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ტურისტულ სექტორზე და მის განვითარებაზე ილაპარაკა და ყურადღება იმ რეგიონებზე გაამახვილა, რომლებიც, ამ მხრივ, ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული.
„კახეთში ბევრი გეგმა გვაქვს ტურიზმთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკთანაც ვმუშაობთ და კერძო ინვესტორებთანაც, რომ ვეჯინში არსებული პოტენციალის რეალიზება მოხერხდეს. მართალია, ყვარელში ტბა გაკეთდა, მაგრამ პრობლემაა ის, რომ კერძო საკუთრებაა და იქ ხალხს არ უშვებენ. ამიტომ, ყვარელში ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ლამაზ ტბას, მთლიანად მოეწყობა ინფრასტრუქტურა და საყოველთაო მოხმარების იქნება. იქ არის ბულვარი, ძალიან ლამაზი ბუნება, კეთდება ხიდი, გზა და, რაც მთავარია, ხალხისთვის იქნება ხელმისაწვდომი - იქ მისვლისთვის ფულს არავინ არ გადაახდევინებს, რადგან ეს სახელმწიფო ინვესტიციაა და ხალხს უნდა მოხმარდეს. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, კახეთს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი და ამას უნდა მიხედვა. მომავალ წლებში ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ხალხის გადამზადება და პატარ-პატარა საწარმოების გახსნა. მსოფლიო ბანკის პროექტით, სწორედ ამ სამი მიმართულებით მიდის მუშაობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
იგი ასევე საირმის კურორტის განვითარების საკითხსაც შეეხო. ამჟამად, საირმეში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და პირველ ივლისს ტურისტული სეზონი სრულად გაიხსნება. ამ დროისათვის, რეაბილიტირებული იქნება პარკი, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემები. ასევე დასრულებული იქნება ორი სასტუმრო.
დაბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელი სხდომა შეაჯამა. მან გუბერნატორებს მოუწოდა, მიმდინარე პროექტების თაობაზე, ხალხს მუდმივად ჩააბარონ ანგარიში, რათა მოსახლეობა რეგიონებში მუდმივად იყოს ინფორმირებული.
„მომავალ წელს ჩვენ გვექნება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, მაგრამ მთავარია არა ციფრები, თუმცა ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ ის, რომ საქართველო სწრაფად განვითარდეს. ჩვენი მეზობლები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ ნელა განვითარების უფლება არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩამოვრჩებით და ეს სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკური ზრდა უნდა ეფუძნებოდეს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს გულისხმობს დიდი ჰესების მშენებლობას, ტურიზმს... განსაკუთრებით, ეს შეეხება რაჭას, სამცხე-ჯავახეთს, აჭარას, იმერეთს, მთლიანად საქართველოს... წელს ჩვენ ველით 3 მილიონ ტურისტს, მომავალ წელს - 4 მილიონს, მომდევნო წელს - 5 მილიონს და ა.შ. ჩვენი დროის დიდი ნაწილი უნდა დაუთმოთ იმაზე ფიქრს, რომ ხალხი ამისთვის მოვამზადოთ. მაგალითდ, 5 მილიონი ტურისტის მიღება ნიშნავს იმას, რომ ქართული ღვინო მთლიანად დაილევა საქართველოში. ძალიან დიდი რამ არის ის, რომ შენ გეყოლება ბევრად უფრო მეტი ტურისტი, ვიდრე გყავს მოსახლეობა. ბუნებრივია, უახლოეს წლებში, მინიმუმ, უნდა გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, რადგან რეალურად, გასამმაგების და გაოთხმაგების პოტენციალი გვაქვს. 2013 წელი საქართველოსთვის იქნება ისტორიული პერიოდი - არა იმიტომ რომ ჩემი საპრეზიდენტო ვადა მთავრდება, არამედ იმის გამო, რომ 2013 წელს საქართველოში გაკეთდება ის, რაც არასდროს არ ყოფილა. ამ პერიოდში ყველგან გვექნება საუკეთესო გზა, თითქმის ყველა ძირითად ადგილზე გავა თანამედროვე წყალსადენი, ყველა ონკანიდა წამოვა წყალი, გვეყოლება უფრო მეტი ან იმდენივე ტურისტი, რამდენიცაა საქართველოს მოსახლეობა. 2013 წელს უმუშევრობა უნდა ჩამოვიდეს, დაახლოებით, 10 პროცენტამდე. 2013 წელს ჩვენი რკინიგზა საბოლოოდ უნდა შეუერთდეს ევროპის რკინიგზას (შესაძლოა ეს 2012-შიც მოხდეს) და ჩვენ გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ევროპულ ერთიან სისტემას დავუბრუნდეთ. თუ ყველა პროექტი განხორციელდა ეს ასე იქნება - ასეთია ჩვენი ვარაუდი. ეს ხდება ყველა მიმართულებით. საქართველოში არ არის არც ერთი რეგიონი, ოკუპირებული რეგიონების გარდა, სადაც არ ხორციელდება ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას შემდგომი ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში. ეს არის ჩვენი პროექტების გლობალური მნიშვნელობა, ხოლო თუ კონკრეტულად შევხედავთ, დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი და როგორც ვვარაუდობთ, 2015 წლისთვის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გაორმაგდება. ასევე იცით, რომ განათლების სისტემაში უკვე შეუქცევადად ხორციელდება რეფორმა. ცუდი რიცხვია 13, მაგრამ ძალიან ბედნიერი იქნება საქართველოსთვის თუკი ყველაფერს განვახორციელებთ. მინდა, რომ ჩვენი ხალხი მუდმივად იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა კეთდება და საზოგადოებასთან ანგარიშგება კვლავაც გავნაგრძოთ. არ არის საჭირო მთავრობა დარბოდეს ყველგან, რადგან გუბერნატორები, რომელთა უფლებებიც გაიზრდება, მუდმივად უნდა აბარებდნენ ანგარიშს ხალხს და არა მხოლოდ მე ან მთავრობას. თქვენ ანგარიშვალდებულები ხართ, უპირველესად ქართულ საზოგადოებასთან იმ მხარეებში, რომლებსაც ხელმძღვანელობთ", - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.