29.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, რომელიც ვარშავაში 29-30 სექტემბერს მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები გამართა.
პირველი ორმხრივი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის შედგა. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს. ლიდერებმა, ასევე, ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ორი ქვეყნის მომავალზე ისაუბრეს.
შეხვედრა გამართა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბარონესა კეტრინ ეშტონთან. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, კერძოდ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კონკრეტული საკითხები განიხილეს. კეთრინ ეშტონმა და მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრეს და მოლაპარაკების დაწყების მზადყოფნაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც კეტრინ ეშტონმა აღნიშნა, საქართველომ ამ თვალსაზრისით დიდ პროგრესს მიაღწია. წარმატებული რეფორმებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილს მან მადლობაც გადაუხადა. საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ანდრუს ანსიპთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. როგორც ანდრუს ანსიპმაგანაცხადა, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ეს სარგებელს მოუტანს არა მარტო საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირის ქვეყნებსაც. რაც შეეხება ესტონეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან მყარი. მან ასევე დაბეჯითებით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. საუბრისას, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის კავშირი, განსაკუთრებით, ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით უნდა განმტკიცდეს. როგორც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრისას გადაწყდა, რომ წლის დამლევამდე ორმხრივი ვიზიტები გაიმართება უმაღლეს დონეზე.