საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მოწვევით იმყოფება, სამიტის დაწყებამდე ორმხრივ შეხვედრებს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პირველ პირებთან მართავს.
ბრიუსელში დღეს ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპაკებების პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილეს. შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების თემები და შიდა პოლიტიკური ვითარება. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა სრული მზაობა, რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი დაესწროს ევროპარლამენტიდან ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების პროცესს. თავის მხრივ, მარტინ შულცმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროინტეგრაციის პროცესში.
ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი იყო საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის გამართულ შეხვედრაზე. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ბარონესა ქეთრინ ეშტონთან გამართული დიალოგისას მხარეებმა ის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. შეხვედრაზე ქეთრინ ეშტონმა ყურადღება იმ პროგრესზე გაამახვილა, რომელიც მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე დაწყებულ დიალოგში მიაღწიეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ პროცესის დაჩქარების შესაძლებობების განხილვა იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და დასაქმების პრობლების გადაჭრას შეუწყობს ხელს.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურდღება და ამ პროცესის მონიტორინგის თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი მიიღოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ახალ სამთავრობო პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებასაც გულისხმობს. ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული დიალოგი წელიწადნახევარში დასრულდება.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოტენციალის როლის გააქტიურება იყო. ევროკომისარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს ენერგომწარმოებელ ქვეყნად და სანდო პარტნიორად განიხილავს.
ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილსა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების ფართო სპექტრი და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსადმი მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. საუბარი შიდა პოლიტიკურ ვითარებას და მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო.
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით, ხვალ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრება. დღის განმავლობაში პრეზიდენტი რამდენიმე შეხვედრასაც გამართავს.