შეხვედრები და ვიზიტები
02.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეფ ანტონი დურან ი ლეიდა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ესაუბრა, რომლებიც ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წარმომადგენელმა განხორციელებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო, ამ მხრივ, რეგიონის ლიდერია. ჯუზეფ ანტონი დურან ი ლეიდამ ესპანეთის პარლამენტის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივაც დასახეს. ჯუზეფ ანტონი დურან ი ლეიდამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ესპანეთის საპარლამენტო ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში ესპანური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაც იყო.
ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წარმომადგენელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა, ყურადღება ამ რეგიონების დეოკუპაციის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს მიღებული 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ.