Google+

შეხვედრები და ვიზიტები

25.02.2004
ჯორჯ ბუში: ''მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ჩემი მეგობარი გიწოდოთ''

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი 25 თებერვალს, ამერიკის დროით, ნაშუადღევს დასრულდა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა, დაახლოებით, 45 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ კი თეთრ სახლში მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იგი აფასებს ქართველი ხალხის მიღწევას - მშვიდობიანი, "ვარდების რევოლუციის" გზით ხელისუფლების შეცვლას, რომელიც ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრებისათვის მოხდა.

- ახალმა ხელისუფლებამაც სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენების პასუხისმგებლობა იკისრა, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. - ამ რევოლუციას ისტორიული მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსათვის და "ვარდების რევოლუცია" სწორედ რომ, მთელი მსოფლიოსთვის არის მაგალითი. ეს გამარჯვება მსურს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს და მის გუნდს. აღფრთოვანებული ვარ ახალი ლიდერით მისი პოლიტიკითა და გამბედავობით. მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმედს არ გაუცრუებს თავის ხალხს, უფრო მეტიც, იგი მათ ნდობას გაამართლებს.

ჯორჯ ბუში დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ არის მიმართული.

პრეზიდენტებმა სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და რუსეთის ბაზების საკითხიც განიხილეს. ჯორჯ ბუშის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ეუთოს სტამბულის სამიტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან ბაზები გაიყვანოს. რუსეთზე საუბრისას ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალზე წარმატებული იყო და ამ თვალსაზრისითაც დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილის კურსს. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობა უნდა დამყარდეს და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ ბუშმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

- ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრი რამ გვაქვს საერთო და მოკავშირეებიც ვართ, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. - ამ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხებში, როგორიც ერაყის პრობლემა და სხვა. საქართველო ძლიერი ქვეყანა უნდა გახდეს, დემოკრატია უნდა განმტკიცდეს და ამისათვის თქვენი დახმარება გვჭირდება. როდესაც ამას მივაღწევთ ჩვენი ქვეყანა სამაგალითო მოდელი გახდება მთელი რეგიონისათვის. საქართველომ თავად აირჩია თავის მომავალი და ჩემთვის და ჩემი თაობისათვის ეს ყველაზე საამაყოა. ამერიკის დახმარება მარტო ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროებით არ შემოიფარგლება. შეერთებული შტატები სწორედ იმ დროს გვეხმარება, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ამას საქართველო არასოდეს დაივიწყებს.

ამერიკის პრეზიდენტმა მეგობრობის ხელი გაუწოდა საქართველოს პრეზიდენტს და დასძინა:

- მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ჩემი მეგობარი გიწოდოთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)