შეხვედრები და ვიზიტები
09.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და იმ ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა იყო, რომელიც დააჩქარებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებების ამოქმედებას. მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ევროკომისარი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას შეეხო. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველოში მართლმსაჯულება მიუკერძოებელი უნდა იყოს. მისი თქმით, დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, თუმცა მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხორციელდებოდეს.
მიხეილ სააკაშვილისა და შტეფან ფულეს შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, კახეთის გუბერნატორი - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი და სხვები.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და შტეფან ფულემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ევროკომისარი 11-12 ივლისს ბათუმში მონაწილეობას მიიღებს მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით, "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ".