16.12.2011
მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზუს შეხვდა
ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „ევროპის განვითარების დღეები“ ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზუს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილმა ხოსე მანუელ ბაროზუს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას დიდი გარღვევა უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა.
„მადლიერები ვართ იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი ყველა სამიტსა და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი თემაა, ისევე, როგორც ეს მოხდა ევროპარლამენტის რეზოლუციის შემთხვევაში. ორი დღის წინათ, რუსეთთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ჩვენი რეგიონების ოკუპაციის საკითხია ხაზგასმული - ძალიან ძლიერი დოკუმენტია. მე დარწმუნებული ვარ ევროპის მხარდაჭერასა და ჩვენს პროგრესში ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრისას, ხოსე მანუელ ბაროზუმ კიდევ ერთხელ გამოხატა ღია პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმ სირთულეების მიუხედავად, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას, ინტეგრაციის პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, 2012 წლის მარტში საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის მიერ დაკომპლექტებული მისია და ყველა იმ საკითხს შეისწავლის, რომელიც უვიზო მიმოსვლის მოლაპარაკების დაწყებისთვისაა აუცილებელი.
„ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ყველა ასპექტი. თქვენ იცით, რომ საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ დავიწყეთ მოლაპარაკება. როგორც ხედავთ, ევროკავშირსა და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. ჩვენ, ევროპასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც ვისაუბრეთ. რაც შეეხება რუსეთ-ევროკავშირის სამიტს, მინდა გითხრათ, რომ რუს პარტნიორებთან საქართველოს თემას ყოველთვის განვიხილავთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.