Google+

შეხვედრები და ვიზიტები

02.08.2011
საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიაში ტერაქტის დროს გადარჩენილ გოგონას შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიაში ტერაქტისას გადარჩენილ ქართველ გოგონას ნათია ჩხეტიანს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი თამთა ლიპარტელიანის ოჯახს. მიხეილ სააკაშვილმა ნათია ჩხეტიანი გაამხნევა და ის წლები გაიხსენა, როდესაც ნორვეგიაში მუშაობდა. მისი თქმით, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ მისი შესაბამისი სასჯელი არც კი არსებობს.

„ახლა შევხვდი ნათია ჩხეტიანს, რომელიც ძალიან ღირსეული და კარგი ახალგაზრდაა. მან,  მართლაც, ჯოჯოხეთი გამოიარა და გაკვირვებულიც დავრჩი იმით, თუ რამდენად შეინარჩუნა  წონასწორობა და სიმშვიდე. რა თქმა უნდა, ძალიან განიცდის მომხდარს, მაგრამ წარმოუდგენელი ბედნიერებაა ის, რომ გადარჩა.

ის, რაც თამთა ლიპარტელიანის ოჯახს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, უზარმაზარი ტრაგედიაა. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ტელევიზიით ვიგებთ სადღაც თუ რაღაც მოხდა, ვიღაც თუ ააფეთქეს და მოკლეს. ყოველივე ეს ბევრისთვის სტატისტიკად რჩება, ვიდრე ვინმეს პირადად არ შეეხება - კონკრეტულ ოჯახს, ახლობელს, მეგობარს ან თანამემამულეს. წარმოიდგინეთ, დედისერთა გოგო, რომელსაც მშობლებმა  ასწავლეს, ცხოვრების გზა გაუხსნეს, თანაც საკმაოდ რთულ ვითარებაში (ეს არ არის შეძლებული ოჯახი - საშუალო დონის ქუთაისური ოჯახია),  რომელიც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა გასულიყო, წავიდა მსოფლიოს, თითქოს,  ყველაზე უსაფრთხო რეპუტაციის მქონე ქვეყანაში  და ასეთი უბედურება დაატყდა თავს...

მხეცი საქართველოშიც მხეცია, სამხრეთ პოლუსზეც და ნორვეგიაშიც. ის არსება კი, რომელმაც ასეთი რამ ჩაიდინა, ნამდვილი ცხოველია - მას სხვა სიტყვას ვერ უწოდებ.

თავის დროს, ნორვეგიაში მეც ვარ ნამყოფი და იქ სწორედ იმ ასაკში ვმუშაობდი, რა ასაკშიც იქ თამთა და ნათია ჩავიდნენ. მათ შორის, ნანახი მაქვს ნორვეგიული ციხეები, რომლებიც სანატორიუმებს უფრო მოგვაგონებს. არც კი ვიცი, იმ „სანატორიუმში" რა სასჯელი უნდა მოიხადოს იმ ცხოველმა და როგორ არის ეს ადეკვატური დასჯა იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. მან უამრავი ოჯახი გააუბედურა, მათ შორის, ეს ქუთაისური ოჯახი და ამ მდგომარეობაში ჩააყენა თამთას ახლოებლები და ნათესავები.

მინდა, ნათიას ვუსურვო, დროულად დაძლიოს გადატანილი უბედურება, თუმცა კი, ალბათ, ვერასდროს დაივიწყებს მომხდარს, ცხოვრებაში ძალიან წარმატებული ადამიანი გახდეს  ჩვენი ქვეყნისთვის და, თუნდაც, მისი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად", - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)