შეხვედრები და ვიზიტები
21.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ამერიკელ ბიზნესმენს დონალდ ტრამპს იმ თაუერში შეხვდა, სადაც ტრამპის ოფისია განთავსებული. შეხვედრას ქართული დელეგაცია, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ესწრებოდა. შეხვედრისას, მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად საქართველოში Trump Tower აშენდება. მშენებლობისთვის კონკრეტული ადგილი ჯერ-ჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, პროექტი, სახელწოდებით "საქანელა", თბილისში, ბათუმში ან ბობოყვათში განხორციელდება. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ამერიკელი ბიზნესმენი ინვესტიციას ჩადებს.
შეხვედრის მსვლელობისას ქართულმა მხარემ ამერიკელ მილიარდერს აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც ბათუმში ხორციელდება. დონალდ ტრამპი მოიხიბლა მონათხრობით და ბათუმს ევროპული სტილის ქალაქი უწოდა. მან ქართული პრესის წარმომადგენლებთან განცხადებაც გააკეთა.
"თქვენ ახლა დიდ საქმეს აკეთებთ და ამას პრესის გასაგონად ვლაპარაკობ. ყველა ამ კაცზე [მიხეილ სააკაშვილზე] ლაპარაკობს და შემდეგ ლაპარაკობენ საქართველოზე", – აღნიშნა მან.
შეხვედრას დონალდ ტრამპის კომპანიის ვიცეპრეზიდენტი მაიკლ კოენიც ესწრებოდა.