Google+

შეხვედრები და ვიზიტები

09.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დანიის სამეფოში. პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა. მიხეილ სააკაშვილს მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გახდეს მცირე ენერგორესურსების მქონე ქვეყანა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.

"ჩვენ ვანვითარებთ ჰიდროენერგეტიკას, ვმუშაობთ ბირთვულ ენერგიაზეც, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც მოაწყვეს, რომელზეც ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ დანია ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა დანია-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გახსნა, სადაც უხვად იყო წარმოდგენილი საქართველოდან ჩატანილი ღვინო.

"ბიზნესის განვითარებისთვის საქართველო ძალზე საინტერესო ადგილია. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ. ჩვენმა ქვეყანამ არნახულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიზნესის წარმოების მხრივ საქართველომ 35-ე ადგილიდან მე-15 ადგილზე გადმოინაცვლა. სერიოზული წარმატებები შეინიშნება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითაც. ის რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი რუსეთისთვისაც სამაგალითო უნდა გახდეს, თავად ანატოლი ჩუბაისმა აღნიშნა", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ორი ქვეყნის გაფართოებული შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ასევე განიხილეს ინვესტიციების წახალისებისა და საჰაერო მიმოსვლის საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტისა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ ბრიფინგზე როიტერის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ორაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ საკითხს შეეხებოდა, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული პრინციპები უმთავრესია, თავისუფალი სიტყვა კი ამ პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

"ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სადაც აზრის გამოხატვა ყოველთვის შეიძლება. რაც შეეხება შეკითხვას, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრს უკავშირდება, ეს არის კანონის უზენაესობის დიდი გამოცდა. მიხარია, რომ საქართველომ ტესტი სამართლიანობაზე წარმატებით ჩააბარა. გამოძიება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე, როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია გითხრათ, რომ უკანონოდ მითვისებული ფულის დაბრუნება ცივილიზებული მეთოდებით ხდება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ყვითელ პრესაში ბრალდებები ხშირად ისმის. იქ ნებისმიერ ბრალდებას მოისმენთ და თუკი ქართულ ყვითელ პრესას წაიკითხავთ, უფრო ცუდ რამეებსაც გაიგებთ. თუმცა, თუკი საქმე სასამართლომდე მივა, ბრალდებების დამამტკიცებელი საბუთებიც უნდა გქონდეს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)