Google+

შეხვედრები და ვიზიტები

12.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ენერგოსამიტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. კრაკოვში გაიმართა ენერგოსამიტი, რომელზეც ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებასა და სახელმწიფოებს შორის ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების შექმნაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები ახალი ევროპული ენერგოდერეფნის შექმნაზე შეთანხნდნენ. კასპიის ზღვის ქვეყნებიდან ევროპაში ენერგომატარებლები რუსეთის გვერდის ავლით მოხვდება.

სამიტს ასევე ყაზახეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მასშტაბის ახალი მილსადენი ყაზახურ და აზერბაიჯანულ გაზსა და ნავთობს საქართველოსა და უკრაინის გავლით ჯერ პოლონეთს, მოგვიანებით კი მთელ ევროპას მიაწვდის. რამდენიმე დღეში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ახალ საერთაშორისო კომპანიას დააფუძნებს. ახალ მილსადენს სწორედ ეს კომპანია გაუწევს ოპერირებას.

"ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ახალ სანავთობო გზას, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნავთობსადენის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" პარალელური იქნება, თუმცა ამ გზასაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭება. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მხრივ, ყოვლისმომცველ შეთანხმებას მაინც მივაღწიეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმაც, კერძოდ, მან განაცხადა, რომ შეხვედრები ამით არ დასრულდება. "შეიქმნება საერთაშორისო კომპანია, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტების ზედამხედველობით იმუშავებს. ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება ექსპორტიორი ქვეყნები და ენერგორესურსები ევროპას ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან მიეწოდება" - აღნიშნა ლეხ კაჩინსკიმ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)