Google+

ბრიფინგები

04.04.2005
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც გელა ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა რაციონალური ადამიანი ქართველი და ამერიკელი პროფესიონალების დასკვნებს უნდა ენდოს, მით უმეტეს, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და დაეჭვების უფლება ნებისმიერს აქვს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა კომენტარი დავით კეზერაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზეც გააკეთა. მისი თქმით, ფინანსური პოლიციის უფროსს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, კარგი რეპუტაცია აქვს და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

გელა ჩარკვიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერიდან ამ სატელეფონო საუბარზე მომზადებული სიუჟეტის ამოღებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს თავად ტელეკომპანიის გადასაწყვეტი საკითხია და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარი არ შეიძლება. "საქართველოში პრესა აბსოლუტურად თავისუფალია. პრეზიდენტი თავად არის ამ თავისუფლების გარანტი. მას ძალიან კარგად ესმის მისი მნიშვნელობა და ისიც, რომ პრესის თავისუფლების გარეშე, დემოკრატიული სისტემის მუშაობა წარმოუდგენელი იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code