Google+

ბრიფინგები

05.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც საქართველოსა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე აღკვეთეს.

„ამჯერად ტერაქტი  ქუთაისში იყო დაგეგმილი და როგორც პეზიდენტმა  აღნიშნა, ეს შეტევა უნდა განხორციელებულიყო მშვიდობიან ობიექტებზე. ამას წინ უძღოდა ტერაქტების საკმაოდ  დიდი ჯაჭვი, რომელიც  ვიცე-პოლკოპვნიკ დიომიდე კორძაძის აფეთქებით დაიწყო და თბილისსა და რეგიონებში ტერაქტების სერიით გაგრძელდა. გამოძიების შედეგად იკვეთება, რომ ეს ყველაფერი ერთი სქემის ნაწილია და კვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული  აფხაზეთისკენ მივყავართ. ყველა საფუძველი გვაქვს  ვივარაუდოთ, რომ განსახორციელებლად დაგეგმილ  ტერაქტებში რუსული სპეცსამსახურები და  მათი წარმომადგნლები  მონაწილეობდნენ. ხელისუფლების უპირველესი  მოვალეობაა, მაქსიმალურად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს. ეს პროცესი სულ უფრო მეტად უნდა იყოს  მოქნილი და ადეკვატური იმ გამოწვევების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკების  ბოლო რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ რუსულ მხარეს სრულად გადასცა ის მასალები, რომლებიც წინა ტერაქტების გამოძიების შედეგად გამოიკვეთა და  რუსეთის  ფედერაციას საქმის ერთობლივად გამოძიება შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება უპასუხოდ დარჩა, ის ისევ ძალაში რჩება.    

ბრიფინგზე, მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა   კონგოში გუშინ მომხდარი ავიკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

„კომპანია „აირზენას" თვითმფრინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა,  მორიგი რეისის შესრულების დროს, კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის დაღუპული ოთხივე  წევრი  საქართველოს  მოქალაქეა. გარდაცვლილთა შორის არიან გაეროს  მისიის წარმოადგენლები. საქართველოს პრეზიდენტი თანაუგრძნობს თითოეული დაღუპულის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და თანადგომას უცხადებს მათ", - განაცხადა პრესსპიკერმა. 

მანჯგალაძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი და იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code