Google+

ბრიფინგები

08.03.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი მთავრობის იმ გადაწყვეტილებით დაიწყო, რომელიც ხელისუფლებამ გასული დღეების განმავლობაში  ფართო კონსულტაციების შედეგად  მიიღო. ეს შეეხება პენსიების გაზრდის საკითხს, რომლის თაობაზეც საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში პენსიონერებთან  გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მთავარი არსი  არის ის, რომ 2011 წლის 1 სექტემბრიდან  საბაზისო პენსიის რაოდენობა  საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე  100 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატი სტაჟისა  და  დამსახურების მიხედევით, ხოლო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის - ამ შემთხვევაში კი,  კონკრეტულად, პენსიონერებისთვის, საბაზისო სოციალური პაკეტი შენარჩუნებული იქნება. ამგვარი გადაწყვეტილება  მთელ მსოფლიოში პროდუქტებზე ფასების მატებით და, ზოგადად, იმ  ინფლაციური პროცესებით არის ნაკარნახევი, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენს  ქვეყანასაც შეეხო. ამასთან ერთად,  100 დოლარიანი  საპენსიო პაკეტი ის კონკრეტული ღონისძიებაა, რომლის განხორციელებას მთავრობა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაპირდა. მნიშვნელოვანია ისიც,  რომ ამ  გადაწყვეტილების საფუძველეზე  ის ერთგვარი დისბალანსი, რომელიც აქამდე იყო თბილისისა და  რეგიონების  საპენსიო ანაზღაურებებს შორის, გასწორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქისა და რეგიონების პენისონერები საბაზისო საპენსიო თანხას ერთნაირად აიღებენ. აქედან გამომდინარე, თბილისელი პენსიონერებისათვის საბაზისო პენსია 10 ლარით მოიმატებს, ხოლო რეგიონებში მცხოვრებთათვის - 20 ლარით", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას  უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში საპენსიო რეფორმის და ამ მხრივ, შესაბამისი  წინადადებების მომზადება დაავალა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის, რომ ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგების დასრულებათან ერთად, 10 მარტიდან საქართველოში სურსათის 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგება დაიწყება. როგორც მან აღნიშნა, სამივე წინადადება საქართველოს მთავრობის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ინფლაციურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიმუშავა.

მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის უახლოეს გეგმებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ 10  მარტიდან იწყება პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს საინვესტიციო და ეკონომიკური მნიშვნელობის ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა გაიმართება დონალდ ტრამპთან და საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების  განხორციელების ძალზე მნიშვნელოვან  კონტრაქტს მოეწრება ხელი. რთული ეკონომიკური პერიოდის დროს, ეს სერიოზული საინვესტიციო გარღვევაა. ასევე დაგეგმილია პოლიტიკური შეხვედრები. ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი სავალუტო ფონდის აღმსრულებელ დირექტორსაც შეხვდება და მხარეები უახლოესი წლების თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანჯგალაძის თქმით, თუკი წინა ვიზიტისას საქართველოს პრეზიდნეტი ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას, ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებს შეხვდა, ამ ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ხელმღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code