Google+

ბრიფინგები

14.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი უამინდობით შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხებით დაიწყო. პრესსპიკერმა განმარტა, რომ გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, ყველა სამსახურისა და შესაბამისი უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა ის სირთულეები, რომლებიც მთელ რიგ ქვეყნებში შეიქმნა. მისი თქმით, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული სამსახურებისა და სამინისტროების მუშაობას თითოეულ რეგიონში პრეზიდენტი პირადად აკონტროლებდა.

"კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ბუნებრივია, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდა. რაც შეეხება სხვა სახის დაბრკოლებებს, გზებსა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, ყველა მსგავსი სირთულე, პრაქტიკულად, მყისიერად იყო აღმოფხვრილი. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავალებები პრეზიდენტმა გუშინაც გასცა. კერძოდ, მან შესაბამის სტრუქტურას ახალი, სპეციალური თოვლსაწმენდი ტექნიკის შეძენა დაავალა, რათა დიდთოვლობის დროს კონკრეტული რეგიონები არ მოწყდეს გარე სამყაროს", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მან ყურადღება დედაქალაქის მერის ინიციატივაზეც გაამახვილა, რომელიც ყინვის დროს უსახლკაროთა თავშესაფრების ამოქმედებას ითვალისწინებს. უსახლკარო ადამიანებს, განსაკუთრებული ყინვისა და სიცივის გამო, სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, თბილისის მერია უფასო თავშესაფრითა და ცხელი საკვებით უზრუნველყოფს.

მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ, მათ  ინფორმაცია მიაწოდა. პრესსპიკერის თქმით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან, პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თემები და იმ საკითხებს შეეხო, რომლებიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს უკავშირდება.

"პრეზიდენტის სასახლეში გამართული სხდომის მიმდინარეობისას, საუბარი აგრეთვე იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ პროექტებს შეეხო, რომელთა განხორციელებაც საქართველოს, პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იგეგმება ან უკვე  მიმდინარეობს. ეს ერთდროულად მიმდინარე რამდენიმე პროექტია ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ეს შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა ნაწილის მშენებლობა დაწყებულია, ნაწილი კი 2012 წლიდან დაიწყება" - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა სოფლის მეურნეობის სექტორზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკვე დაგეგმილია საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი ჯანდაცვის სფეროს რეფორმებით დაასრულა. "პრეზიდენტმა  განსაკუთრებული ყურადღება სადაზღვევო კომპანიების მუშაობაზე გაამახვილა. მან ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, რათა ყველა ნაკისრი ვალდებულება დროულად შეასრულონ. ითქვა, რომ დაუშვებელია ყოველგვარი შეფერხება მედპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით", - დასძინა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში თავად მოინახულებს ახლადგახსნილ სამედიცინო ობიექტებს ყაზბეგში, თიანეთში, ცაგერში, დმანისში, წალენჯიხაში, მესტიაში, ონში, ახმეტასა და ყვარელში.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code