Google+

ბრიფინგები

29.11.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება უახლოეს  გეგმებზე გაამახვილა.

მანანა მანჯგალაძე, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო  სფეროს შეეხო. როგორც მან აღნიშნა, დეკემბრის პირველსავე რიცხვებში, ჰოსპიტალური  რეფორმის ფარგლებში, დაიწყება ახალი სამედიცინო  დაწესებულებების გახსნის პროცესი და 40-მდე საავადმყოფო შევა ექსპლუატაციაში. ახალი, მრავალპროფილიანი კლინიკები იანვარშიც გაიხსნება და ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება.    

„ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა შევეცდები, რამდენიმე მათგანი  დავასახელო. ახალი ჰოსპიტალები  ამოქმედდება  მცხეთაში, ყაზბეგში, დუშეთში, თიანეთში; კახეთში - საგარეჯოსა და ლაგოდეხში; იმერეთის  რეგიონში - სამტრედიაში, ზესტაფონში, ჭიათურშა, ხონში,  ტყიბულში , წყალტუბოში;  ასევე ბაკურიანსა და ადიგენში; აჭარაში - შუახევში,  ქედასა და ჩაქვში. ჩამონათვალში ასევე არის თეთრი წყარო,  მარნეული, წალკა, გარდაბანი,  ბოლნისი.  ამას გარდა, საავადმყოფოები ამოქმედდება გურიაში - ოზურგეთის რაიონში; კასპსა და ხაშურში;  სამეგრელოში – მარტვილში,  წალენჯიხასა და ფოთში, სვანეთში - მესტიაში და, რა თქმა უნდა, თბილისში“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ეს სრული ჩამონათვალი არ არის.  

პრესსპიკერის განცხადებით, ყველა ეს სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმდება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, აღჭურვილი იქნება ახალი, თანამედროვე  სამედიცინო ტექნიკით და ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ ხალხმა  ხელმისაწვდომი და და ხარისხიანი მომსახურება მიიღოს.

„მინდა ღვნიშნო, რომ ამით შესრულდა საქართველოს მთავრობის დანაპირები ამ სფეროსთან დაკავშირებით  - შეკეთდა,  აშენდა  და ამოქმედდა სრულიად ახალი თანამედროვე, მრავალპროფილური კვალიფიცირებული   სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის სამსახურში უახლოეს დღეებში ჩადგება“, - აღნიშნა მან.

შემდეგი საკითხი, რომლის თაობაზეც პრესსპიკერმა გაამახვილა ყურადღება, იმ დებატებს შეეხებოდა, რომლებიც საქართველოს პარლამენტში გასულ კვიას გაიმართა.

„საქართველოს  პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს  ამ პროცესს, დებატებს,  რომელიც საკანონმებლო  ორგანოში მიმდინარეობს  და საქართველოს მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმისა და 2012 წლის  ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ  იმართება. ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან უმრავლესობასა და ოპოზიციას შესაძლებლობა მიეცა კიდევ ერთხელ გაეცვალათ საკუთარი მოსაზრებები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ  მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის გაგრძელებასა და დასაქმების პრობლემის მოგვარებას გულისხმობს, უახლეს მომავალში დამტკიცდება“, - განაცახადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი ასევე საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს შეეხო. მისი თქმით,  ვიზიტის  ფარგლებში გაიმართება საფუძვლიანი მოლაპარაკებები ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორმხრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

„ბუნებრივია, პრეზიდენტებს შორის გაიმართება პირისპირ შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღმავებასათან დაკავშირებით. ამას გარდა, გაიმართება  ქართულ-სომხური ბიზნეს ფორუმი, რომლის მუშაობაში ორივე ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, ტრადიციულ და  მეგობრულ ურთიერთობას“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code