Google+

ბრიფინგები

03.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი საქართველოს მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებით დაიწყო.

„საქართველოს  კონსტიტუციისა და მოქმედი კანონის შესაბამისად, დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი აქტით პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე  გადაუგზავნა  საქართველოს პარლამენტს. ბუნებრივია, შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინა საქართველოს მთავრობის ახალი  პროგრამა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის  მნიშვნელოვან სხვა თემებთან ერთად, წარმოაჩენს  სამ ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც განსაზღვრავს  საქართველოს მთავრობის  საქმიანობას, პარლამენეტში დამტკიცების შემდეგ“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ ყველა ის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც სამინისტროებს ჩაუდგებიან სათავეში: პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე   პრეზიდენტმა წარადგინა ივანე მერაბიშვილის კანდიდატურა, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე - ბაჩანა ახალაია, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - შაშკინის  კანდიდატურა, განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის თანამდებობაზე —  ხატია დეკანოიძე. ცვლილებები შეეხო ლტოლვითა და  განსახლების სამინისტრისაც - მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია დალი ხომერიკის კანდიდატურა. ამას გარდა იქმნება ახალი უწყებაც - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულია პაატა ტრაპაიძის კანდიდატურა.

რაც შეეხება იმ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამით არის  გათვალისწინებული - ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ჯანდაცვის სფერო. პრესსპიკერის განცადებით, პროგრამის მიხედვით, უმთავრესია ის, რომ   ქვეყანამ და, უპირველესად, ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს.  

„დასაქმების მიმართულებით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ინიციატივაა დასაქმების მინისტრის პორტფელის შემოღება, რომელიც ხაზგასმით მიანიშნებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის ჩვენი საზოგადოების უმთავრესი გამოწვევის – უმუშევრობის პრობლემის დაძლევას“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

სოციალური თვალსაზრისით  ერთ-ერთი ყველაზე მთავარი  საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დასვა, ათას-ლარიანი ვაუჩერის ინიციატივაა. ამ ვაუჩერს მიიღებს თითოეული ოჯახი და თავადვე გადაწყვეტს სად და როგორ  გამოიყენოს თანხა.

ახალი მთავრობისთვის, მანჯგალაძის თქმით, პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვის სფერო და მისი ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქისათვის.

„4 წლის  განმავლობაში, ახალი სამოქმედო გეგემის მიხედვით, ჯანდაცვის უწყება სამი მილიარდის დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხაც სწორედ მოსახლეობისკენ იქნება მიმართული. ყველა პენსიონერი, მასწავლებელი, სკოლამდელი ბავშვები, პოლიციელი, ჯარისკაცი,  დევნილი, სოციალურად დაუცველი ადამიანი - ყველა  მოქალაქე დაზღვეული იქნება”, - აღნიშნა მან.  

პრეზიდენტის პრესსპიკერმა სოფლის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.  მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო პროგრამაში სოფლის მეურნეობის სფერო სამ ძირითად პრიორიტეტს  შორისაა.

„ის, რომ სასოფლო სამურნეო დანიშნულების სავარგულების დამუშავება უნდა გაორმაგდეს; ის, რომ ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა უნდა გაიზრდოს და სათანადო ყურადღება დაეთმოს  გლეხსა და სოფელს, ახალი მთავრობის ახალი პროგრამის სტრატეგიაა. ასევე განსაზღვრულია, ტექნიკური ბაზის კიდევ უფრო გაზრდა, დამატებით შემოვა სასოფლო სამურნეო ტექნიკა და რაც მთავარია, თითოეული გლეხისთვის ეს ტექნიკა  ხელმისაწვდომი იქნება. ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, უმთავარესია ის, რომ მეტი სარგებლი ჰქონდეს ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. პროგრამა უკვე გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code