Google+

ბრიფინგები

15.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ტრადიციული ბრიფინგზე, უპირველესად, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა, რომლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. მანანა მანჯგალაძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობელებს.

„განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ტრაგედიას. ბუნებრივია, საქართველოს  პრეზიდენტი აგრძელებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლს.  როგორც იცით, სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა  კახეთში, კერძოდ, გურჯაანში, ახმეტასა და საგარეჯოში, ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა მცხეთა-მთიანეთის, კერძოდ, დუშეთის რაიონის მოსახლეობა.   სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ამჟამადაც 24 საათიანი რეჟიმით გრძელდება. ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშოებსაც“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ამ პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო სამსახური და პირადი შემადგენლობა. მუშაობას განაგრძობენ როგორც ადგილობრივი გამგეობები, ისე  ქალაქის სპეციალური სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა. 

„იცით, რომ სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც,  დაზიანდა გზები, ხიდები, ასევე კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში  არსებული შენობა-ნაგებობები. სალიკვიდაციო შტაბს  ხელმძღვანელობს   ინფრასტრუქტურისა და  რეგიონული განვითრების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე გაამახვილა, რომელიც გასულ კვირას ჩაეყარა საფუძველი. მისი თქმით, სიმბოლურია ის, რომ აღნიშნული საზოგადოება სწორედ   ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაფუძნდა. მე-19 საუკუნის მიწურულს ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესულმა და თვალსაჩინო წარმომადგენლებმა სწორედ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, ჩამოაყალიბეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ თანამედროვე სამყაროში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის სწავლება და გავრცელება იყო. სწორედ ამიტომ, ჩაეყარა საფუძველი კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას და დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელების, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებისა და სოფლებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. კომპიუტერული ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით კონკურსი გამოცხადდა. პირველ ეტაპზე შერჩეულია 300 სოფელი, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა 1500 აღემატება. კონკურსში მონაწილეობა ამ სოფლების ყველა მცხოვრებს შეუძლია, რომელსაც საშუალო განათლება აქვს მიღებული. ღია კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ტრენინგებსა და სტაჟირებას გაივლიან, ასევე უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერი და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, ექნებათ უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ეს ადამიანები სოფლის მოსახლეობას  თავად გაუწევენ სხვადასხვა სახის  კონსულტაციებს“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტს შეეხებოდა. მისი თქმით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ეწვევა ნიუ იორკს, ლოს ანჯელესს.

„ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას  მიიღებს  ნატოს სამიტში, რომელიც 19-21 მაისს გაიმართება ჩიკაგოში. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი  შეხვედრებს გამართავს  შეერთებული შტატების  პოლიტიკური და საქმიანი  წრეების წარმომადგენლებთან. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე საჯარო  გამოსვლა,  მათ შორის,  წამყვან  ამერიკულ  უნივერსიტეტებში“, - აღნიშნა მან.

პრესსპიკერი კიდევ ერთი საკითხს შეეხო, რომელიც სრულიად საქართველოს  კათალიკოს პატრიარქის, მისი უწმინდეობისა და უნეტარესობის ილია მეორეს დაბადებიდან 80 წლისთავსა და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

„ამ საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ ეს თარიღები ღირსეულად აღინიშნოს და სათანადო პატივით გაიმართოს მისი უწმინდესობის საიუბილეო ღონისძიებები“, აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ კომისიაში ერთობლივად იმუშავებენ საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code