Google+

ბრიფინგები

10.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და მუქარის შემცველ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით გავრცელებული ვერსიების თაობაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ ფაქტზე გამოხმაურება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოფიციალურმა პირებმა, კერძოდ,  მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა. კოკა ყანდიაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე, ინტერნეტ და ბეჭდვით მედიაზე დაყრდნობით, აღნიშნულ ვიდეორგოლების შემქმნელად და გამავრცელებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ მის ვინაობას გამოძიება დროულად დაადგენს.      

„ეს ადამიანი დიდი ხანია არ გამოჩენილა და მინდა საზოგადებას შევახსენო, ვინ არის ყანდიაშვილი. ეს არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, რომელიც, რატომღაც, პრემიერმა აირჩია მთავარ პიარად. დღეს ის არის ოფიციალური პირი. ის არის მთავრობის მთავარი პიარ დირიჟორი და ოფიციალურად მისი თანამდებობაა მთვრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. უპირველესად, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ არ დაუბარებიათ დაკითხვაზე. შესაბამისად, როდესაც ასეთი განცხადება ვრცელდება და თან ამას იმეორებენ ოფიციალური პირები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა არიან პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა მესიჯებს აწვდის საზოგადოებას მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი, მაშინ, როდესაც არანაირი ქმედება არ განხორციელებულა და ამას წინ არ უძღვის არანაირი ოფიციალური ქმედება, სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების სიცრუეში შეყვანა. აი, ამას აკეთებენ დღეს ოფიციალური პირები. ოფიციალური პირის განცხადებებს წინ უნდა უძღოდეს ოფიციალური ქმედებები“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გააკეთოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს ხელს მსგავსი ინფორმაციების გავრცელება ოფიციალური პირების მხრიდან. მისი თქმით, ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს, მით უმეტეს, თუკი ისინი საქართველოშია დამზადებული და ატვირთული (რისი ნიშნებიც აშკარად არის). მან ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, ამ ფაქტის გამოძიება ჭიანურდება.  

„ერთადერთი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ არის ის, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და დაუყოვნებლივ გაეცეს პასუხი შეკითხვებს: ვინ დაამზადა ეს კლიპები? ვის ინტერესებს შეესაბამებოდა ამ  კლიპების დამზადება, საიდან აიტვირთა და ვინ არის დამკვეთი და შემსრულებელი? მათზე პასუხის მოძიება არის ტექნიკური საკითხი და ძალიან ოპერატიულად შეიძლება მოქმედება. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და შსს-სა და სხვა უწყებებისგან მოვითხოვთ, რომ უმოკლეს პერიოდში, ოპერატიულად გამოიძიონ ყველაფერი. ვფიქრობ, მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ტირაჟირებას არ უნდა უკეთებდეს ყვითელ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც არავითარი ოფიციალური საფუძველი არ აქვს. ჩვენ პასუხები, მათ შორის, ამ შეკითხვაზეც გვჭირდება, თუ რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა ბარნოვმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code