Google+

ბრიფინგები

06.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის მიმდინარეობის დეტალებით დაიწყო. მისი თქმით, დეკემბერი და იანვარი, ამ მხრივ, გამორჩეული იქნება და მიმდინარე თვეში 30 ახალი საავადმყოფო გაიხსნება.

„ექსპლუატაციაში უკვე  შევიდა ხონის, თერჯოლის, ტყიბულის, ლაგოდეხისა და წალკის  სამედიცინო დაწესებულებები. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი, ახალი კლინიკები დაიწყებს ფუნქციონირებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხელისუფლების დანაპირები 100 ახალი საავადმყოფოს გახსნის თაობაზე სრულდება და 2011-2012 წლების განმავლობაში ახალი, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა ყურადღება პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე - ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქის სახელწოდება შემთხვევით არ შერჩეულა და ის ისტორიულ სინამდვილეს ეფუძნება.

„ეს იქნება ახალი, თანამედროვე ქალაქი, რომლის  კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ლაზიკა გახდება არა მარტო დასავლეთ საქრთველოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი. არავის არ აქვს იმის ილუზია,   რომ ქალაქი ერთ დღეში, ან თუნდაც ერთ წელიწადში აშენდება - ეს, მინიმუმ, ათწლიანი გეგმაა.  სამშენებლო სამუშაოები კი, 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება. 2012-2013 წლეში ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულებული იქნება, ხოლო 2015 წლისთვის ქალაქის    ნაწილის მშენებლობა დასრულდება“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, ამ ადგილის მთავარი ხიბლი მისი ბუნებრივი მდებარეობაა, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს, განსაკუთრებით, ინვესტორებისათვის. კერძო ინვესტიციის გარდა, ქალაქის მშენებლობაში თანხა სახელმწიფოს მხრივაც ჩაიდება. მან ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა მარტივი არ არის, თუმცა დასძინა, რომ ხელისუფლებას ამ საქმეში გამოცდილება აქვს და ამის მაგალითად ანაკლიის მშენებლობა დაასახელა.   

პრესსპიკერი ახალი პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია ამ რეგიონის განვითარების თვალსაზრისით.

მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთში გამართულ არჩევნებს უკავშირდებოდა. პრესსპიკერის თქმით, ამ არჩევნების მიმდინარეობის შეფასება და მონიტორინგი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქმეა. თუმცა მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება უკანონო  არჩევნები, რაც ყოველგვარი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების  დარღვევაა. პრესსპიკერის განცხადებით, მსგავსი უკანონობა ხორციელდება არა მარტო საქართველოში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ, დნესტრისპირეთშიც.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code