მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ყურადღება 2012 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განსახილველად პარლამენტში შეიტანა. პრესსპიკერი ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელთა გადაწყვეტა ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, კერძოდ, ეს ეხება სოფლის მეურნეობის, განათლების, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, 2012 წლის ბიუჯეტი მთავრობის მიერ წარმოდგენილ 10-პუნქტიან გეგმასთან ერთად ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი დასაქმების პრობლემის მოგვარებაა.
„2012 წლის ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია, თუმცა მომდევნო თვის ან თვენახევრის განმავლობაში საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას საშუალება მიეცემა აქტიურად ჩაერთოს საბიუჯეტო განხილვის პროცესში. ცალკეულ უწყებებს მიცემული აქვთ შესაბამისი დავალებები, რათა პოზიციები საბოლოოდ შეჯერდეს და მომავალი წლის ბიუჯეტი დროულად დამტკიცდეს“ - განაცხადა მან.
მანანა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის ბიუჯეტის 7 მილიარდ 673 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 323 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თანხა ისეთ პრიორიტეტებზეა გადანაწილებული, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც მოიცავს შესაბამისი ტექნიკის განახლებას, სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებას და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას; ჯანდაცვის სფეროს პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით კი, პენსიების ზრდა და სოციალურად დაუცველთა სადაზღვევო სისტემის დახვეწა. ამას გარდა, დაგეგმილია სერტიფიცირებულ პედაგოგთა ხელფასების გაზრდა და ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონში განხორციელდება. მანანა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებას საინტერესო გეგმები აქვს ახალციხესთან, ბორჯომთან, გორსა და თელავთან დაკავშირებით. წლის დამლევამდე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება ზუგდიდშიც, ხოლო მცხეთასა და ქუთაისში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება.
„ხელისუფლება ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს, ასევე, რაჭაში, გურიასა და იმერეთში. 2012 წელს საქართველოს რეგიონებში დაწყებული სამუშაოებით, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განვითარების გარდა, მთავრობა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ტრადიციულ ბრიფინგზე, მანანა მანჯგალაძე რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს პირველად ექნება შესაძლებლობა სრულ ინფორმაციას ფლობდეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის და სხვა სახის ეკონომიკური ურთიერთობის თაობაზე. ამასთან, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რაც, მანჯგალაძის განცხადებით, ქართული დიპლომატიის სერიოზული წარმატებაა.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ძალიან რთული მოლაპარაკებების შედეგად, შვეიცარიის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ შემოთავაზებას დაუჭირა მხარი, რაც, პრაქტიკულად, იმ პოზიციას ეფუძნება, რომელიც საქართველოს მთვარობას მოლაპარაკების დაწყების დროს ჰქონდა“, - განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა - „ხანგრძლივი ყოყმანის მიუხედავად, ჩვენი მეგობრების აქტიური მუშაობის შედეგად, აღნიშნული წინადადებები რუსეთის მხარემაც მიიღო და ახლა მხოლოდ ტექნიკური - პროცედურული საკითხების გადაწყვეტა დარჩა“.
მანანა მანჯგალაძემ საგარეო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტია დაგეგმილი. ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრებს.
დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
„ამ მძიმე წუთებში, პრეზიდნეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ეს საკმაოდ რისკიანი პროფესიაა და ამიტომ, ამ ადამიანთა უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.