Google+

ბრიფინგები

13.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგები განაახლა. მან ბოლო პერიოდში განვითარებულ მნიშნვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის დამლევამდე ძალიან საინტერესო სოციალური და ეკონომიკური პროექტები განხორციელდება. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი, პენსიების ზრდას უკავშირდება.

„ეს ის დაპირებაა, რომლის შესასრულებლად, საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, პენსია უკვე მეშვიდედ გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პენსიის ოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პენსიონრებს შეუნარჩუნდებათ ყველა სახის სოციალური, მათ შორის, სტაჟისა და დამსახურების დანამატი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა, განათლების სიტემაში არსებული სიახლები იყო. პრეზიდენტის სახელით, მან პედაგოგებს, მოსწავლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მისი განმარტებით, ახალ სასწავლო წელს ექსპლუატაციაში 12 ახალი და 350 რეაბილიტირებული სკოლა შევა, რომლებშიც ულტრათანამედროვე ტიპის ლაბორატორიები მოეწყო. სიახლეა ისიც, რომ ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახდა.

„პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, საქართველოში დამატებით 1500 უცხოელი პედაგოგი ჩამოვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დარეგულრდა სასკოლო სახელმძღვანელობის ფასებიც. სოციალურად დაუცველ ყველა მოსწავლეს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფო სახელმძღვანელოებს საჩუქრად გადასცემს", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ პედაგოგთა ხელფასების ზრდის თაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სერტიფიცირების შემთხვევაში, მასწავლებლის ხელფასის დანამატი 75 ლარს შეადგენს, ხოლო ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მას კიდევ 125 ლარი დაემატება. იმ პედაგოგთა 25 პროცენტის ხელფასი, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცდებზე საუკეთესო ქულები მიიღეს, 1000 ლარი გახდა.

პრესსპიკერის თქმით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს პროფესიული სასწავლებლის ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ხოლო სხვა შემთხვევაში, დანარჩენი 80 პროცენტიან თანადაფინანსებას მიიღებს.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა, ენერგეტიკის სფეროში არსებული სიახლეები იყო. მისი განაცხადებით, ათ პროექტში, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია, 450 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება, ექვს ჰესზე უკვე მიმდინარეობს მშენებლობა, ხოლო ოთხ მათგანზე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მანანა მანჯგალაძე წლევანდელი რთველის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით, 10 მილიონი ლარი გამოყო. მისი თქმით, მოსავლის დაბინავებაში გლეხების ხელშეწყობა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა.

პრესსპიკერი ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების თემაზეც ესაუბრა. მისი განმარტებით, დაგეგმილია პრეზიდენტის ტრადიციული ვიზიტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. როგორც მან აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც თვის დამლევს პოლონეთში, კერძოდ, ვარშავაში გაიმართება.

„მაღალი რანგის სტუმრებს ჩვენ მთელი შემოდგომის განმავლობაში ველოდებით, მათგან პრეზიდენტ სარკოზისა და ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტებს გამოვყოფდი" - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

დაბოლოს, პრეზიდენტის პრესსპიკერი რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რაგბის ფედერაციის მესვეურებს საგანგებო წერილი გადასცა. წერილში მიხეილ სააკაშვილი ქართველ მორაგბეებს მიმართავს და ასპარეზობისას წარმატებებს უსურვებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code