ბრიფინგები
17.05.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, რაც, ბუნებრივია, ემსახურება საქართველოსა და უნგრეთს შორის ქართულ-უნგრული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებასა და გაძლიერებას. ასევე იგეგმება მთელი რიგი შეხვედრები საქართველოში - ვიზიტს იწყებს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი ერჟი ბუზეკი.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტი თბილისს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, ერჟი ბუზეკი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. ასევე თბილისს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მიშელ კალმი-რეი ესტუმრება, მაისის დამლევს კი, მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად სარფის ახლადაშენებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გახსნის. ამას გარდა, საგულისხმოა, რომ დედაქალაქი ზედიზედ კონგრესმენთა ორ ჯგუფს უმასპინძლებს. დაგეგმილია საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლებიც, ბუნებრივია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას უკავშირდება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერი შეეხო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში თავსდამტყდარ სტიქიას, რომელმაც სერიოზული ზარალი მიაყენა ქვეყანას. უამინდობამ თბილისის წყალმომარაგების შეზღუდვაც გამოიწვია.
„პრეზიდენტი რეგულარულად ღებულობს ინფორმაციას დედაქალაქისთვის წყლის მიწოდების თობაზე, თუმცა, როგორც ცნობილია, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდების პროცესი უკვე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ასევე, ბოლო ინფრომაციით, კახეთის რეგიონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კონკრეტული დავალებები მისცა მხარის გუბერნატორსა და შესაბამისი სამსახურებს", - აღნიშნა პრესსპიკერმა.