Google+

სიახლეები

04.05.2010
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ჩოგბურთის კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ჩოგბურთის კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ კორტებზე ნორჩ სპორტსმენებთან ერთად ჩოხბურთი ითამაშა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, კორტების გახსნის იდეა ეკუთვნის ქუთაისელებს. მისი თქმით, ჯანსაღი მომავალი თაობის აღსაზრდელად საჭიროა ყველა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

"მე და ჩემი მეგობრები ბათუმში კორტებზე ვთამაშობდით. ვნახე ქუთაისელი თანამოქალაქეები, გამიკვირდა ასე შორს რომ იყვნენ სათამაშოდ ჩამოსულები. აღმოჩნდა, რომ ქუთაისში არ იყო კორტები. მაშინ მე დავპირდი მათ, რომ მოვაგვარებდი კორტების პრობლემას ყველა სხვა საკითხთან ერთად, რომელიც ქუთაისშია გადასაწყვეტი. აქამდე ქუთაისში არ იყო კორტები, მოშლილი იყო სტადიონი, ქუთაისელები ცურვას სწავლობდნენ პარკეტზე. კორტებისა და ტანვარჯიშის დარბაზის შემდეგ, უახლოეს დღეებში ქუთაისში ახალი საცურაო აუზი და "ტორპედოს" ცენტრალური სტადიონი გაიხსნება. ამით ქუთაისელი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მათ პერსპექტივაზე ვაკეთებთ გათვლას." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში რკინიგზის ახალი სადგური და ახალი მატარებელი დაათვალიერა. პრეზიდენტმა ქართული წარმოების მატარებლით ქუთაისელებთან ერთად იმგზავრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რკინიგზის განვითარებისათვის და მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სწორედ საქართველოში აწყობილი მატარებლები უნდა იყოს. "მართალია, რომ რკინიგზის განვითარებაში ფული უნდა ჩავდოთ, მაგრამ მთავარი კაპიტალი ხალხია. რკინიგზის სპეციალისტები ადვილი გასაზრდელი არ არის" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რკინიგზის თანამშრომელმა პრეზიდენტს ქუთაისელების თხოვნა გააცნო. ქუთაისელების სურვილია, რომ ზაფხულში ქუთაისი ბათუმის მიმართულებით მატარებელმა იმოძრაოს დილის საათებში. მიხეილ სააკაშვილმა ეს ინიციატივა მოიწონა და განაცხადა, რომ ტურისტული საზაფხულო სეზონისთვის მოსახლეობას შეეძლება ბათუმში დილით ჩასვლა და საღამოს უკან ჩამოსვლა.

მიხეილ სააკაშვილი ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა.

"ქუთაისი მეორე დედაქალაქი თქვენთვის მარტო ლოზუნგს არ უნდა ნიშნავდეს. ეს უნდა ნიშნავდეს ყველა მიმართულებით ჩქარა მოძრაობას, უნდა ნიშნავდეს რეალურად დასაქმებას, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს გეოგრაფიული ცენტრის ფუნქცია, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დედაქალაქში არ იყოს ჭაობი. უნდა იყოს გზები , ინფრასტრუქტურა, წყალსადენი, კანალიზაცია, ამ უწყებების გარშემო კი, გაჩნდება სამუშაო ადგილები. იმისათვის, რომ აქ იყოს ინდუსტრიული ბუმი, საჭიროა მომზადება." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)