სიახლეები
27.06.2013
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა კვლავაც დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ.
ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ქმედება მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის ქმედება ცივი ომის პოლიტიკად შეაფასა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველების მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და ქართველ ჯარისკაცებს გამოჩენილი მამაცობისა და უდიდესი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს და თანადგომა გამოუცხადა მთელ ქართველ ერს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა. მან დადებითად შეაფასა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ფაქტი და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული წვლილი. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც დემოკრატიულად და სამართლიან ვითარებაში ჩაივლის.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მათ შორის, გამოყო უმცირესობის უფლებების დაცვის აუცილებლობა. მისი განცხადებით, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებები.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ლიდერმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებაც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ ახალმა მთავრობამ რეფორმების მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს და დაწყებული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.