Google+

სიახლეები

02.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი კახეთს ესტუმრა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კახეთის რეგიონს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა გრემის განახლებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა, რომელსაც მე-16 საუკუნის დროინდელი იერსახე დაუბრუნდა. პრეზიდენტმა გრემის მუზეუმები, ასევე შუა საუკუნეების ცნობილი აბანო და მარანიც მოინახულა, რომლებიც რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლდა.

„გრემის მონასტრის აღდგენა ისტორიული, საშვილიშვილო საქმეა. ეს დიდი სამონასტრო კომპლექსი შაჰ-აბასმა მიწასთან გაასწორა და მას შემდეგ სიცოცხლე შეჩერდა კიდეც. ბუნებრივია,  გრემის ეკლესია კვლავინდებურად თავის ადგილზე იდგა, მაგრამ შელახულ მდგომარეობაში იყო. ამ ორიოდე წლის წინ, მაშინ როცა ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად აქ მთავრობის სხდომა გავმართეთ, მივიღეთ ამ ისტორიული, ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის აღდგენის გადაწყვეტილებაც. როდესაც ზოგ-ზოგიერთები ამბობენ, თითქოს, საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკლესიას ებრძვის, ამასობაში 500-ზე მეტი ეკლესია აღვადგინეთ. ჩვენ ქვეყნის ისტორიიდან, უძველესი რელიგიური წარსულიდან ახალ ფაქტებს ვამზეურებთ, ისინი კი - ისტორიული რეალობისა და დღევანდელობის დამახინჯებას ცდილობენ. ჩემთვის მათი ნათქვამი მთავარი არ არის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ამით ხალხს დამატებითი შემოსავალი უჩნდება, რადგანაც  ეს ტურიზმის ცენტრია. ამ ადგილს რეალური შანსი აქვს, რომ რუკაზე დამკვიდრდეს, როგორც მნიშვნელოვანი ადგილი. ეს ერთ-ერთი დიდი საქმეა რაც გავაკეთეთ. თუმცა გრემს ისედაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ. ვინც ზემოთ, ნეკრესის მონასტერში ყოფილა, ნახავდა, რომ ის ულამაზესი, წარმოუდგენელი სიდიადის ადგილია, რომელიც ნანგრევებიდან ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით აღდგა. კარგი იქნება, თუ თითოეული ქართველი მოინახულებს ნეკრესს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ უახლოესი კვირების განმავლბაში ახალციხეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მშენებლობა იწყება. ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც მრავალი საუკუნის ნგრევისა და განადგურების შემდეგ წარსულიდან შემოგვრჩა, პირვანდელ ბრწყინვალებას დავუბრუნებთ და  უახლოეს ორ წელიწადში ბოლომდე აღვადგენთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გრემის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი დურუჯის ტბისკენ გაემგზავრა, სადაც აგრეთვე კომპლექსური მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დურუჯის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია აუცილებლად დასუფთავდება, მოეწყობა სპორტული მოედნები, აშენდება სასტუმროები და რესტორნები, სადაც ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს დასვენებისა და ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცემათ, ამას გარდა, მოეწყობა ველობილიკებიც. პრეზიდენტის თქმით, ეს მონაკვეთი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და დასასვენებელი კომპლექსების რაოდენობაც გაიზარდოს.

„გარშემო კეთილმოეწყო რამდენიმე ტბა, მათ შორის, ყვარლისა და ლოპოტას ტბები. ყველამ, ვინც ამაზე იზრუნა, ძალიან კარგი საქმე გააკეთა. თუმცა პრობლემას ისაა, რომ ტბები კერძო პირების საკუთრებაა და, ბუნებრივია, მათ მატერიალური მოგების მიღება სურთ. ამიტომ, იქ შესვლა ყველას არ შეუძლია. ვფიქრობ, დამატებით კიდევ უნდა შეიქმნას საჯარო მოხმარების ტბა, რადგანაც ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ იმ მოსახლეობასაც, რომელსაც ფულის გადახდის საშუალება არ აქვს, ხელი ყველაფერზე მიუწვდებოდეს. ტბაზე ყველას უნდა შეეძლოს მოსვლა, რათა გარემოთიც დატკბეს, ბავშვიც გაასეირნოს, ტბაშიც იცურაოს ან თუნდაც ითევზაოს", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტბაზე ამჟამად უცხოეთიდან ჩამოტანილი წყლის ფილტრები მონტაჟდება, რაც მას უჩვეულო ელფერს შესძენს.  

„ნოემბერში ახალი, კეთილმოწყობილი ტბა გვექნება. ყვარლის ულამაზეს მთებზე ილია ჭავჭავაძეც წერდა. მალე აქვე ულამაზესი ყვარლის ტბა ცისფერ ფერსაც მიიღებს. ამ ადგილის გაშენება ჩემი ახირება არ არის - დარწმუნებული ვარ, აქ უამრავი ახალ სასტუმრო და კაფე გაიხსნება; ხალხს ინტერესი გაუჩნდება უფრო მეტი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოიყვანოს. ვფიქრობ, კახეთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი გახდება, ამ ტბის კეთილმოწყობა კი მისი პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. სამომავლოდ ამ ულამაზესი ტბის გამოსახულება აუცილებლად აღიბეჭდება საქართველოს საფოსტო ბარათებზეც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე პრეზიდენტმა ყვარელში არსებული ღვინის საცავიც მოინახულა, სადაც 800 მეტრის სიგრძის გვირაბში, 20 მილიონი  ბოთლი ღვინო ძველდება და ინახება. მიხეილ სააკაშვილმა საცავის ღვინოც დააჭაშნიკა და ღვინის სტანდარტის გაუმჯობების თაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აქ ახალი ღვინის ქარხნის აშენებაც იგეგმება

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)