Google+

სიახლეები

03.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კახეთის გუბერნატორს რთველთან დაკავშირებით მითითებები მისცა

საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრს, კახეთის გუბერნატორსა და რვა რაიონის გამგებელს შეხვდა. ტრადიციად ქცეულ შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მისგან შესაბამისი დავალებებიც მიიღეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გასული წლების გამოცდილებით, თუ რთველი კარგად იქნება ორგანიზებული და გეგმა სწორად, შესაძლო სირთულეების გათვალისწინებით შემუშავდება, სასურველ შედეგსაც მივიღებთ. ყურძნის უხვი მოსავლიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა შარშანდელი შედეგებიც დადებითად შეაფასა. ყურძნის კრეფა კახეთში 27 აგვისტოს დაიწყო, აქტიურ ფაზაში კი რთველი მომდევნო თვეებში გადავა.

„რთველი კახეთში ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ არის - ეს ძალზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური, პოლიტიკური საკითხია. მოდერნიზაციის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ყველა დარგში ფულს  ინტენსიურად ვდებთ. კახეთში უკვე  შემოვიტანეთ სხვა კულტურები, ჩნდება დასაქმების სხვა საშუალებები, გადამუშავების გასხვავებული ტექნოლოგიები, მაგრამ ყურძენი, ვენახი და ღვინო ჩვენთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი რიგითი მიმართულება. ეს არის ჩვენი იდენტურობის, ჩვენი კულტურის ნამდვილი პასპორტი; ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ის, რაზეც დგას ჩვენი თვითმყოფადობა. ამიტომ, ჩემთვის ეს მეტად მგრძნობიარე და ფართო თემაა და ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. უნდა გავიზიაროთ უცხოური გამოცდილებაც. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ყურძნის 400 ადგილობრივი, ქართული ჯიში, რაც საფრანგეთის გარდა, მგონი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია, ხოლო, მეორე მხრივ, გვჭირდება ახალი ტექნოლოგია. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინათ ევროპელ მეღვინეებთანაც გვქონდა შეხვედრა. კახეთში წელს ღვინის ინსტიტუტს ვაფუძნებთ, ჩამოგვყავს ბევრი უცხოელი მეღვინე, ჩვენს სპეციალისტებს უცხოეთში სასწავლებლად ვაგზავნით, რათა გავაუმჯობესოთ და უფრო განვავითაროთ ქართული  ჯიშები. რამდენიმე წლის წინათ, ვენახის ამოძირკვისა და განადგურების საფრთხის წანაშე დავდექით. ჩვენმა ოკუპანტმა (ოფიციალურად მაშინ ჯერ არ იყო ოკუპანტი) ემბარგო, პრაქტიკულად, ერთადერთი მიზნით შემოიღო - მათ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ღვინის ბაზარზე დაბრუნების მიზნით, კახელები გაიქცეოდნენ და პირადად ჩააბარებდნენ „ციხე-სიმაგრის" გასაღებს. ისინი ცუდად იცნობენ კახელებს! ჩვენ შაჰ-აბასს და სხვა დამპყრობლებს გავუძელით და კარგად ვიცით, რა უნდა მოვიმოქმედოთ. მთავარია, რომ ჩვენი ვენახები გადავარჩინეთ და  მთავარი კრიზისი დაძლეულია. თუკი დღეს ვენახი და ყურძნის ჯიში გაუმჯობესდება, ეს სულ  სხვა თემაა. ამას აკეთებს ავსტრალიაც და სხვა ქვეყნებიც - ჩვენთან არის ჯიშები, რომელთაგან ზოგიერთი არც ჩვენს კლიმატს ერგება, არც ჩვენს ტრადიციას და არც მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს, მაგრამ ჩვენს ძირითად ჯიშებს  გაფრთხილება,  გაუმჯობესება და განვითარება სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით,  ბევრი უნდა ვიმუშაოთ. როგორც ჩანს, წელს უფრო მეტი მოსავალი გვექნება, ვიდრე შარშან გვქონდა. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, თითოეული თქვენგანისათვის ერთგვარი გამოწვევაცაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრეზიდენტს განუცხადა, კახეთში ყურძენი ჯერ კიდევ რჩება შემოსავლის ძირითად წყაროდ. წინასწარი ინფორმაციით, წელს მოსავალი 50 პროცენტით გაიზრდება, რაც კახეთს, დაახლოებით, 60 მილიონ ლარს მოუტანს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური თვალსაზრისით, კახელებისთვის ეს დიდი შვება იქნება.

პრეზიდენტი ღვინის ექსპორტის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ წელს საექსპორტო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაცილებით დიდი რაოდენობით უნდა შევიდეს, მით უფრო, რომ საქართველომ ამერიკაში სასაქონლო ნიშანი (Trademark) დაიცვა.

„ჩვენ უნდა მივხედოთ იმ ბაზრებს, სადაც არის კანონიერება, გამჭვირვალობა და შესაძლებელია ბაზრის პროგნოზირება. ამერიკული ბაზარი წარმოუდგენლად დიდია რუსულ ბაზართან შედარებით. რუსულ ბაზარზე იქვე წარმოებულ ღვინოს ასაღებდნენ, ნამდვილი ქართული ღვინო კი, რეალურად, ძალიან ცოტა იყო. სინამდვილეში, ის, რასაც საქართველო რუსეთში ყიდდა, ჩვენი წარმოებული პროდუქციის ძალიან მცრე პროცენტს შეადგენდა, თუმცა, ბუნებრივია, ემბარგომ დიდი ზარალი მოგვაყენა. ამის დაძლევა გაგვჭირდა, მაგრამ, შემდგომი წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შეუძლებელი არ ყოფილა. ამიტომ, ბევრად უფრო აქტიური მუშაობისკენ მოგიწოდებთ, რადგან ჩვენს პროდუქციას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს  ევროპაში, ჩინეთში. ამის მისაღწევად დიდი ენერგია უნდა დავხარჯოთ. ექსპორტს სტაბილურად ვაწარმოებთ უკრაინაში, ყაზახეთში და ბევრად უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ბალტიისა და პოლონეთის ბაზრებზე.  ასე რომ, მე ვფიქრობ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება პრაქტიკულად აღარ არსებობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მომავალი წლის მთავარ მიზნად პრეზიდენტმა საქართველოს შიდა ბაზრის ათვისება დაუსახა. ტურიზმის განვითარების პირობებში, მიხეილ სააკაშვილს ეს მეტად მნიშვნელოვანად მიაჩნია, რადგან ქვეყანა ასე ბევრად მეტ  შემოსავალს მიიღებს.

„ჩვენი მთავარი ბაზარი მომავალ წლებში საქართველო გახდება. მოდერნიზაციის პროგრამით, 2015 წელს ვვარაუდობ, რომ 7-8 მილიონი ტურისტი გვეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქვეყნის სტუმრებზე, დაახლოებით, 10 მილიონი ბოთლი უნდა ვიანგარიშოთ. ამას ადგილობრივთა მოთხოვნაც დაემატება, რომელიც იმ დროისათვის 8 მილიონამდე ბოთლი იქნება (დღესდღეობით შედა მოხმარება 6 მილონ ბოთლს შეადგენს) და, დაახლოებით 20 მილიონამდე ავალთ, რაც ჩვენი წარმოების დაახლოებით 40 პროცენტია. ეს კი, სერიოზული გარღვევაა", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტი ლოჯისტიკური პრობლემებითაც დაინტერესდა და ინფორმაცია იმის თაობაზეც მოითხოვა, იყო თუ არა მოსახლეობა კმაყოფილი შარშანდელი შედეგებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა არ არსებობს და სახელმწიფოს მხრივ, ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. მისი თქმით, უკვე ფუნქციონირებს რთველის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი და პროცესის მართვისთვის აუცილებელი ინფორმაცია ერთიან ბაზაშია თავმოყრილი.  

რთველის ორგანიზატორებმა პრეზიდენტისგან კონკრეტული დავალებებიც მიიღეს. მიხეილს სააკაშვილს მიაჩნია, რომ სწორი მარკეტინგის პირობებში ფასების ზრდაც არის შესაძლებელი და ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევაც. მისი თქმით, უპირველესად, უნდა შეიქმნას დეფიციტური მოთხოვნა, ვისწავლოთ პროდუქციის გასაღება და შემდეგ დავარეგულიროთ ფასები.  

„ქართული ღვინის შესახებ ახლა უკვე ყველგან იციან, მაგრამ უმეტეს ქვეყანაში ის არც კი გაუსინჯავთ. ასევეა ტურიზმის სფეროშიც - იციან, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცოტა ქვეყნიდან თუ ჩამოდიან აქ. მაგალითად, ლიტვაში ბორჯომი ყველგანაა, მაგრამ ქართული ღვინო არსად არ იყო. ექსპორტის ძველი მეთოდებით წარმოება, შორს ვერ წაგვიყვანს. ამისათვის მარკეტინგული სისტემის დახვეწა და ახალი მეთოდების ათვისებაა საჭირო. საქართველოში ამას თანდათან სწავლობენ. ჩვენც ისე უნდა ვიმუშავოთ, როგორც სამხრეთ აფრიკელები და ჩილელები მუშაობდნენ თავიდან. მათ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, ჩვენ კი ეს არ მოგვიწევს. თუმცა ზოგიერთი ძველი, ცუდი ტრადიცია ჯერაც გადასალახი გვაქვს.

ამ ეტაპზე მთავარია მოსავლის დაბინავება, შემდეგ - გადამუშავება და ბაზრებზე გასვლა. თუ ამას ვერ შევძლებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. იმ პირობებში, როდესაც არ არის დეფიციტური მოთხოვნა, ფასს ვერ გაზრდი. ჯერ უნდა შევქმნათ დეფიციტური მოთხოვნა, ვისწავლოთ გასაღება და შემდეგ ვიზრუნოთ ფასების ზრდაზე. წელს უფრო მეტ მოსავალს ველოდებით, ამიტომ, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ არსებული ფასები და არ დავწიოთ ნიშნული. ეს არის ჩვენი წლევანდელი ამოცანა. უნდა ვიმუშაოთ ისე, როგორც სიმინდისა და ზოგიერთი სხვა კულტურის შემთხვევაში ვმუშაობდით. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განახლება მუდმივი პროცესი უნდა გახდეს. ჩვენი ძალზე გონებაგახსნილი ხალხი გვყავს და ამ ეტაპამდე მისასვლელად მხოლოდ იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ ისწავლოს და საქმე გააკეთოს. ვფიქრობ, შარშანდელი რთველი ნამდვილად წარმატებული იყო და ეს თითოეული თქვენგანის მუშაობის შედეგია. თუმცა, ჩვენთვის ყოველი რთველი გამოცდაა - შეგვიძლია თუ არა ჩვენს ხალხს ხელი გავუმართოთ, მხარში ამოვუდგეთ და შვება ვაგრძნობინოთ. მართალია, საქართველოში ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ წლის პირველ თვეებში საკმაოდ დიდი ინფლაცია გვქონდა და მოსავლით მიღებული შემოსავალი ბევრ ოჯახს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასე რომ, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ და არაფერს არ შევუშინდებით, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა საქრთველოს პრეზიდენტმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)