სიახლეები
16.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, ვეტო დაადო და საქართველოს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა მიმდინარე წლის 28 ივნისს მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესის.
კანონპროექტის მიღების საფუძველი, როგორც ჩანს, გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ წარმომაგდენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას და მეტიც, რეალურად ხელს უშლის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრიომლობასა და კონსენსუსის მიღწევას. საბოლოო ჯამში, კანონპროექტი აკნინებს ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც, ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც.
ამგვარი საკანონმებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა იმოქმედონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს.