Google+

სიახლეები

30.09.2011
მიხეილ საკაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრო 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში, რომელშიც  საქართველოს პრეზიდენტი ესწრება, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა მონაწილეობს. ძირითადი საკითხები, რომლებსაც ქართული მხარე განიხილავს, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება და სავიზიტო რეჟიმის გამარტივებაა.

მიხეილ სააკაშვილი სიტყვით დახურულ სხდომაზე გამოვიდა და ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა. გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა მასმედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

„მთავარი, რაც შეიცვალა არის ის, რომ გუშინ და დღეს ბევრი ლიდერი აღნიშნავდა -  საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. რამდენიმე წლის წინათ ამის ხმამაღლა თქმაც არ შეიძლებოდა. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. ამას გარდა, აღსანიშნავია და ევროპულ და ამერიკულ პრესაშიც წერენ, რომ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის  ყველაზე განვითარებულია. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ლაპარაკი მოლდოვაზეც იყო, თუმცა, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ  ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში განვახორციელეთ, წარმატებული აღმოჩნდა. რაც მთავარია, ჩვენმა ხალხმა სულის სიმტკიცე წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში შეინარჩუნა, გვენდო, გამოგვყვა, რეფორმები აქტიურად მოითხოვა მთელი პოლიტიკური კლასისგან  და ყველაზე თანამედროვე პროცესებს აუწყო ფეხი. როდესაც საქმე ბიზნესის კეთების სიმარტივეს, დამნაშავეობასთან ბრძოლას, პენიტენციურ რეფორმებს შეეხო, დასახულ ამოცანებს საქართველომ ბევრად უკეთესად გაართვა თავი, ვიდრე ევროკავშირის ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ. საიდუმლო აღარ არის, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები პენიტენციური რეფორმის შესასწავლად საქართველოში ჩამოდიან. შესაძლოა, ჩვენთან უკვირდეთ, მაგრამ უკვე იმ დონეს მივაღწიეთ, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნებიც კი ჩვენს გამოცდილებას იზიარებს. მაგალითად, ევროკავშირმა კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, სემინარებიც გამართა, რომლებზეც საქართველოს გამოცდილებით სწავლობენ - როგორ მოვახერხეთ წარმოუდგენლად მოკლე პერიოდში კრიმინალის ამდენად შემცირება. ერთი მხრივ, მრავალ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მეორე მხრივ კი, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის წევრობა და მასთან დაახლოება გადამწვეტია. ჩვენ მარტო ვერ დავრჩებით, რადგან საქართველო ძალზე რთულ რეგიონში მდებარეობს და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რომელიმე გაერთიანების წევრობა, ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. საქართველო დსთ-ს წევრი აღარ არის, მით უმეტეს, ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში ყოფნა  არაფერს გვაძლევდა. ამ მხრივ, ჩვენთვის ყველაზე მისაღებია ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პირველი პირი ბელარუსის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია ეს ქვეყანა წარმოდგენილი იყოს  აღმოსავლეთის პარტნიორობაში.  

„ბელარუსის გარეშე ეს გაერთიანება ვერ იქნება სრულფასოვანი პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ამ პროცესზე კონტროლი არ დაკარგოს და ის მეორე, დიდ მეზობელს არ ჩაუვარდეს ხელში, რაც მის ინტერესს წარმოადგენს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბელარუსის წარმომადგენელი დღეს დარბაზში არ იმყოფებოდა, რაც, თავის მხრივ, ცუდია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს, მათ შორის, სხვადასხვა ძალებთან დიალოგისა და მოლაპარაკებების ჩათვლით, რათა  შემდეგი სხდომებისთვის ეს ვითარება შეიცვალოს. ევროკავშირი სწორად იქცევა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ელაპარაკება. ასევე უნდა დაიწყოს პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგი ოფიციალურ მინსკთან, რათა  მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ ქვეყანამაც დაიკავოს ადგილი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა მთავარი მოთამაშის სტატუსი შეინარჩუნოს, რაც ცალსახად გამოვხატეთ კიდეც. ვფიქრობ, არსებული სიძნელეების მიუხედავად, მომავალში გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)