Google+

სიახლეები

19.11.2011
მიხეილ სააკაშვილი:  წინანდალში ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის გახსნა ძალიან დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენაა

მინდა ყველას მოგესალმოთ.

დღეს,  მართლაც, ძალიან დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენა ხდება - აქ, წინანდალში ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტი იხსნება. 
უპირველესად, მადლობა უნდა ვუთხრათ კახელ მევენახეებს, კახეთის მკვიდრთ, იმ ხალხს, ვინც ჩვენს ვაზს უვლის და ქართულ ღვინოს აწარმოებს. 
ვფიქრობ, ეს ხალხი მართლაც იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას და დაფასებას. 
მომავალი წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად კახეთის განვითარება გამოვაცხადეთ. 
უნდა ვთქვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში,  კახელებმა მართლაც წარმოუდგენელი გამბედაობა, გამძლეობა და ნიჭი გამოავლინეს. საქართველოს დაპყრობის სურვილით, მტერმა ომის დაწყების საფუძვლის მომზადება კახეთზე შეტევით დაიწყო. პირველი დარტყმა მან სწორედ კახეთს მიაყენა - დაარტყა ქართულ ღვინოს. მათ ჩაკეტეს ბაზრები და არსებობის წყარო გადაკეტეს - ვაზის განადგურების უფრო მოდერნიზებული ფორმა შეიმუშავეს. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თავის დროს, დიდმა დამპყრობელმა შაჰ-აბასმა, რაც მისთვის ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველოს გენეტიკური კოდი, საქართველოს ყველაზე მგრძნობიარე ადგილი არის ქართული ვაზი. 
თუმცა, რაც არ გამოუვიდა შაჰ-აბასს, იმას ვერ მიაღწევდნენ ვერც ახალი ეპოქის დამპყრობლები.  
ბოლო წლებში გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი პატარა და დიდი საწარმო, გამოჩნდა ახალი, ბაზრები და, რაც მთავარია, წარმოუდგენლად გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი. 
ქართული ღვინო 6 წლის წინათ და ქართული ღვინო დღეს, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 
ამ ემბარგომ გვაიძულა და ისეთი პირობები შეგვიქმნა, რომ ჩვენი ღვინო ბევრად უნდა გაგვეუმჯობესებინა. 
5-6 წლის წინათ, როდესაც უცხოელებს ვიღებდით, გვიჭირდა ისეთი ღვინის პოვნა, რომლითაც შეიძლებოდა გამასპინძლებაც და თავის მოწონებაც. 
აქ, ადგილზე ყოველთვის ძალიან კარგი, მსოფლიოში საუკეთესო ღვინო იყო, მაგრამ  ბოთლში ჩამოსხმული სრულიად განსხვავდებოდა მისგან. 
ამას კონკრეტული ახსნა აქვს.
ღვინის წარმოება საქართველოს გარკვეული რაოდენობით შეუძლია. თუმცა საბჭოთა დროს გადაწყვიტეს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოესხათ და ამით ქართული ღვინო და მისი ხარისხი, პრაქტიკულად, გაანადგურეს. ის, რასაც მაშინ ასხამდნენ, ღვინო საერთოდ არ იყო, მით უმეტეს - ქართული. ეს ტრადიცია კი დიდხანს შენარჩუნდა. 
ქართული ღვინის ისტორიაში ახალი ეპოქა 2006 წელს დაიწყო. 
თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს, წელს ჩვენ უფრო მეტ ღვინოს ვყიდით, ვიდრე ემბარგომდე ვყიდდით. თანაც ვყიდით ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ღვინოს და ბევრად უფრო მეტ ქვეყანაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ემბარგოს შედეგები საქართველოსთვის დამთავრდა.
საქართველოსთვის ღვინო არა მხოლოდ სასმელი ან ერთი კონკრეტული ეკონომიკური კატეგორიაა,  არამედ ამ ქვეყნის ევროპულობის, ცივილიზებულობის, კულტურისა და იდენტურობის სიმბოლო. 
ამიტომ, როდესაც ღვინოზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს რაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ბოსტნეულმა, ხილმა კახეთში შარშან და წელს უფრო მეტი შემოსავალი მოგვცა,  ვიდრე ვენახმა, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი კატეგორია. 
ქართული ღვინო ახლა ჩნდება ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ვანკუვერში, ლონდონში, გერმანიასა და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს,  იტალიაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ  ქვეყნებში საქართველო შედის როგორც ცივილიზებული, ევროპული ქვეყანა. 
მაგალითად, ესპანეთში ადრე ღვინის ბარებში წამიკითხავს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, თუმცა იმ ბარებში არასდროს არ ყოფილა ქართული ღვინო. 
შარშანწინ ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში მოვხვდი და ჩვენი ჩატანილი ღვინო იქაურ სომელიეს გავასინჯე - ორი თვის წინათ იგივე რესტორანში ვიყავი და უკვე ექვსი სახეობის ქართული ღვინო იყო მენიუში შეტანილი.  
პრეზიდენტით დაწყებული, ყველა ჩვენგანი მარკეტინგითა და ღვინის გასაღებით უნდა დაკავდეს. 
პირადად მომივლია სუპერმარკეტები ბალკანეთის ქვეყნებში, პოლონეთში, საიდანაც ფალსიფიცირებული ღვინოების კოლექცია მქონდა ჩამოტანილი. ეს იმიტომ, რომ წინა მთავრობის დროს ლიცენზიები გაყიდეს და „ხვანჭკარას“, „ქინძმარაულს“, „საფერავს“ დიდი რაოდენობით ასხამდნენ ბულგარეთში, უკრაინაში, რუსეთში და ა.შ. 
ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესები, გადავკეტეთ ბაზარი, დავიკანონეთ სახელები და  დავიბრუნეთ ყველაფერი, რაც წინა წლებში დაკარგული გვქონდა. 
ახლა, როდესაც, ამ მხრივ, ყველაფერი მოვაწესრიგეთ, ისე გვჭირდება ხარისხი და ტექნოლოგიები, როგორც არასდროს. 
ქვევრში დაყენებული ქართული ღვინო საუკეთესოა, მაგრამ ბოთლში ჩამოსხმული ჯერ-ჯერობით საკმაოდ სუსტია. 
ქვევრიდან ბოთლამდე და ბოთლიდან ბაზრამდე - ეს არის ის ორი ეტაპი, რომლის გავლაც უნდა ვისწავლოთ. ე.ი. საჭიროა ჯერ შევქმნათ ხარისხი, შემდეგ სწორი მარკეტინგი და შემდეგ მსოფლიოს ბაზრებზე გატანა.  
ქართული ღვინო წელს პირველად შევა კანადაში, მოლაპარაკება ვაწარმოეთ ნორვეგიელებთან, შვედებთან, ჩინელებთან. ჩვენ ყველა ბაზარზე ვმუშაობთ და ნელ-ნელა ყველგან შევდივართ.  
ამას წინათ, ქართულ ღვინოებს ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ჰონგკონგში - ქართულმა ღვინომ აიღო გრან-პრი, „ქინძმარაულის მარნის“ მუხის კასრში დაძველებულმა 2006 წლის „საფერავმა“. 
ასე რომ, ახლა ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. 
ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს. ინსტიტუტში, რომელიც უცხოელ მეგობრებთან ერთად შევქმენით, უპირველეს ყოვლისა, მოამზადებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ღვინის გაკეთება ისწავლონ.
ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, რომელიც ყველაფერს მარტივად სწავლობს და თუ მიზნად დავისახავთ, ყველაფერი გამოგვივა. 
მაგალითად, აჭარაში, კერძოდ, ქედაში, რომელიც ზოგადად ტრადიციული მეღვინეობის ადგილი არ არის, 3 წლის წინათ თვალი მოვკარი, რომ მთის ფერდობზე ველური ჩხავერი იზრდებოდა. იქაურებს ძირების ჩაყრა შევთავაზე, კერძო სექტორიც შეგვეხიდა და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ, ჩამოვიყვანეთ იტალიელი ტექნოლოგები და წელს პირველად გამოუშვეს საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ღვინო. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ იქ ღვინის გაკეთება შესაძლებელი იყო. 
ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები შეიტანეს კერძო კომპანიებმა იმერეთშიც, ძალიან კარგი მარკეტინგული ქსელი ააწყო, მაგალითად, კომპანიამ „თელიანი ველი“, თუმცა ხარისხზე მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ და მოუწევთ კიდეც მუშაობა.  
ჩვენი მეგობარი მარკ ლუბეც ამბობდა, რომ გვაქვს ძალიან კარგი ბუნებრივი პირობები და ეს უნდა გამოვიყენოთ. 
ჩვენ უნდა გვყავდეს ბევრი 50, 100, 200 ახალი მეღვინე, რომელმაც იცის როგორ კეთდება ღვინო თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამას წლევანდელი წლიდან დავიწყებთ.
ამ პროექტის განხორციელება 4 თვის წინათ დავგეგმეთ - საფრანგეთში შევიკრიბეთ და დავიწყეთ კიდეც. ძალიან დიდი მადლობა პარტნიორებს, რომ ეს ინსტიტუტი ასე მოკლე დროში გაიხსნა. 
მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო აქ ისწავლოს და რამდენი ნიჭიერი მეღვინეც გვეყოლება, იმდენს გავუშვებთ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, რათა იქ გაიღრმავონ ცოდნა და საქართველოში ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ. 
თანაც, ყველა ახალგაზრდა, რომელიც ჩვენ გავუშვით, უკან დაბრუნდა. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მიგრაციის ბაზა. ახალგაზრდები აღარ გარბიან ქვეყნიდან, თუმცა ყველას მოვუწოდებ დროებით წავიდნენ სასწავლებლად ან თუნდაც სამუშაოდ, რათა სიახლეებს გაეცნონ და შემდეგ საქართველოში შემოიტანონ.
ხალხს, რომელიც ყოველივე ამას ქმნიდა, მათ შორის, ალექსანდრე ჭავჭავაძესაც, განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული და ევროპული ცოდნით იყო შეიარაღებული. 
დღეს ისე გვჭირდება უცხოური ცოდნა, როგორც არასდროს. 
რამდენიმე დღის წინათ ახალი კომპლექსი - ილიას ტბა გავხსენით, შენდება წარმოუდგენლად ლამაზი შატო, უკვე აშენდა შუამთის შატო, მანამდე - შუხმანი, ყვარლის ტბა, ლოპოტა...
უზარმაზარი აღდგენითი სამუშაოები იწყება თელავში, ზოგადად, კახეთში, თუშეთში - ახმეტის რაიონში. ყვარელში ისევ ვაგრძელებთ აღმშენებლობას. 
გურჯაანში, დედოფლის წყაროში, ლაგოდეხში, საგარეჯოში სასოფლო სამეურნეო პროგრამები გვაქვს განსახორციელებელი. 
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, კახეთი ისევ წამოიწია. 
კახეთის პრობლემა მუდმივად გვქონდა, რადგან აქ არასდროს არ ყოფილა მძიმე ინდუსტრია და ტერიტორიულადაც ჩიხი იყო - არ არსებობდა ლოჯისტიკა და ტრანსპორტირების ცენტრები. 
აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს, რომელიც ყოველგვარ თანადგომას იმსახურებს. 
გუშინ ჩემი მეზობლები დავპატიჟე ყვარელში, ჩემს ვენახში. თითოეული მათგანი ადგილობრივი მცხოვრებია, ჩვეულებრივი მოსახლე და უნდა ნახოთ როგორი ღირსეული პიროვნებები არიან. ზოგს პატარა „პროფილაქტიკა“ აქვს და მანქანების შეკეთებითაა დაკავებული, ზოგს - პატარა მაღაზია და პროდუქტებით ვაჭრობს, ზოგს სხვა, პატარ-პატარა  ბიზნესი აქვს... 
ყველა ადამიანი თავისებურად ნიჭიერი, ძალიან შრომისმოყვარე, განსხვავებული და ღირსეულია. 
მთელი კახეთი ასეთია.
ასეთია, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო, მაგრამ ახლა ამ რეგიონზე ვლაპარაკობთ და უნდა აღვნიშნოთ რამხელა ტურისტული პოტენციალია ამ კუთხეში.  ჩვენ მათ ყველანაირად უნდა ამოვუდგეთ მხარში და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის ამუშავებას. 
აქ წარმოუდგენლად კარგი, მშრალი კლიმატი და ულამაზესი  ბუნებაა, უგემრიელესი კერძები და უძველესი კულტურა. უკვე აღვადგინეთ გრემი, ნეკრისი, დიდი სამუშაოები შევასრულეთ შუამთასა და ალავერდში. თავისთავად ძალიან კარგია, რომ გომბორის გზა აღვადგინეთ, რადგან საგრძნობლად მოკლდება მანძილი. ახლა თუშეთში ვაპირებთ გზის გაყვანას და ეს სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. 
კახეთის პოტენციალი მუდმივად გამოუყენებელი იყო. 
ის, რასაც ჩვენ დღეს ვუყრით საფუძველს, მართლაც ახალი ხარისხობრივი რამ არის. ამ საოცარ ადგილზე ჩვენ შემოგვაქვს ევროპული ტექნოლოგია, როგორც, თავის დროს, მე-19 საუკუნეში შემოიტანეს ალექსანდრე ჭავჭავაძემ, გრიგოლ ორბელიანმა და განსაკუთრებით, ილია ჭავჭავაძემ. 
არავინ ისე კარგად არ წერს ქართული ღვინის შესახებ, როგორც ილია ჭავჭავაძე. იგი ამბობდა, რომ ჩვენ გვაქვს კარგი ღვინო და კარგი პირობები. ყველამ ვიცით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს მანაც კარგად იცოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და შემდეგ ბაზარზე გატანა. 
ბაზარზე გატანა თანდათან ვისწავლეთ - უკრაინაში 200 ათას ბოთლს ვყიდდით, წელს ავალთ 8-10 მილიონამდე; პოლონეთში შარშან იყო 200 ათასი, ნახავთ, წელს ავალთ 5-6 მილიონზე. ჩინეთში ვყიდდით 50 ათას ბოთლს და აუცილებლად ავალთ 10-15 მილიონზე. 
ამას ვისწავლით, მაგრამ მთავარია, შუალედური რგოლი - ღვინის გაკეთება და ჩამოსხმა. ამასაც ვისწავლით და ნახეთ, ჩვენზე უკეთესი არავინ აღარ იქნება. 
ჩილემ და კალიფორნიამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ასევე, პრაქტიკულად, ნულიდან დაიწყო, თავის დროს, სამხრეთ აფრიკამ, მაგრამ ჩილე და კალიფორნია დღეს სამაგალითოა.
მახსოვს, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, კალიფორნიის უხარისხო და უგემური ღვინო 6 ლიტრი 5 დოლარად იყიდებოდა. ახლა ის უმაღლესი კლასის სასმელია და ჩვეულებრივი ბოთლი 100-დან 400 დოლარამდე ღირს. ამას ათ წელიწადში მიაღწიეს. 
ჩვენ - ღვინის სამშობლო ყურძენს რამდენიმე ათასწლეულია ვწურავთ და რატომ ვერ უნდა მივაღწიოთ? 
რა თქმა უნდა, ყველაფერს მივაღწევთ და თუ უკეთესად ვიმუშავებთ,  ბევრად უფრო მეტსაც გავაკეთებთ.
პირადად მე, მზად ვარ ეს ინსტიტუტი სრული პატრონაჟის ქვეშ ავიყვანო, რადგან დიდი ინტერესი მაქვს წარმატებული მეღვინეები და საუკეთესო სპეციალისტები გავზარდოთ. 
სხვათა შორის, ჩემს ნაკვეთში ახლა ღვინის ბიბლიოთეკას ვაკეთებ, რათა პირადად გავეცნო როგორ კეთდება ღვინო სხვადასხვა ჯიშებისგან. სიამოვნებით ვუმასპინძლებ თქვენს უცხოელ პროფესორებსაც. 
ახლა ყველა ერთად უნდა დავკავდეთ ჩვენი ღვინის ექსპორტით. ამ საკითხს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 
ბოლოს მინდა მარკ ლუბეზე ვთქვა. 
კარგია, რომ საქართველოს ჰყავს წარმოუდგენლად კარგი, ენთუზიასტი და იდეალისტი მეგობრები. საქართველოს მეგობარი მხოლოდ იდეალისტი თუ იქნება. საქართველოს მტრობა ძნელი არ არის, მაგრამ ეს ქვეყანა რომ გიყვარდეს  და  ემსახურო მას, ძალიან დიდი რწმენა უნდა გქონდეს. მარკი მართლაც ასეთი იდეალისტია. 
რა თქმა უნდა, ჩვენც ვეძებთ მეგობრებს, მაგრამ თავადაც რომ გვპოულობენ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. 
და რადგან ჩვენს გვერდით ასეთი მეგობრები არიან, ე.ი. სწორ გზას ვადგავართ და სიმართლის და ტყუილის ბრძოლაში, სიკეთის და ბოროტების  ბრძოლაში სწორ მხარეს ვართ - სიმართლისა და სიკეთის მხარეს. 
ჩემთვის ამის ყველაზე უტყუარი ნიშანია ის, რომ მარკის მსგავსი იდელისტები საქართველოს პოულობენ და აქ ახდენენ საკუთარი ოცნებების რეალიზაციას. 
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ იმედი არ გაუცრუვდეთ და ეს არ ინანონ.
ყველა ერთად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. 
დიდი მადლობა!
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)