Google+

სიახლეები

22.11.2011
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ახალ შენობაში საქართველოს პრეზიდენტი ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავი შენობაა.

ბოლო წლების განმავლობაში სულ ვფიქრობდი, რომ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს კარგი და სოლიდური შენობა სჭირდებოდა.  

უნდა აღვნიშნო, რომ მთავარ მოედანზე განთავსებული შენობის მოდერნიზაცის სხვადასხვა გზები მოვსინჯეთ, სახელმწიფო რესურსები მოვიძიეთ, კერძო სპონსორებს მივმართეთ, მაგრამ მაინცდამაინც დიდი თანადგომა არ აღმოგვიჩინეს. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს მუზეუმი ამ შენობაში გადმოსულიყო.

ეს, მართლაც, ძალიან კარგი დღეა  ჩემთვის.

დღეს კარგი დღეა, რადგან ქუთაისში ძალიან კარგი, მზიანი და თბილი ამინდი და ქუთათურების განათებული სახეები დაგვხვდა.

კარგი დღეა ასევე იმიტომ, რომ დღეს არის რამდენიმე წლის წინათ გამოცხადებული ჩვენი პროგრამის - ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

ქუთაისში იხსნება საქართველოს მთავრობის სახლი და ეს საქართველოს პარლამენტის ამ ქალაქში გადმოსასვლელად მხოლოდ მზადების ეტაპია. ეს იქნება  ერთადერთი ადგილი, სადაც იფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტი.

მომავალი წლის 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა პარლამენტის პირველი სხდომით გაიხსნება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია არა მხოლოდ ქუთაისისთვის,  არამედ  წყალტუბოსთვის, ბაღდათისთვის, ვანისთვის, ხონისთვის, ქუთაისის გარშემო მდებარე რაიონებისთვის, მთელი იმერეთისთვის და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის.  

ამავე დროს, დღეს ჩვენ ქუთაისში ამ  ჭეშმარიტად დიდ,  ისტორიულ საქმეს ვასრულებთ, რომელსაც საფუძველი ქუთაისის ძალიან ბევრმა ღირსეულმა მკვიდრმა და ღირსეულმა მოქალაქემ ჩაუყარა.

ეს საქმე მე-19 საუკუნის 80-იანი წლებში დაიწყო.

ჩვენ ვდგავართ იმ შენობაში, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანმა ქართველმა მოღვაწემ,  კირილე ლორთქიფანიძემ ჩაუყარა საფუძველი  მე-19 საუკუნეში. 1896 წელს საქართველოს ძლიერების სიმბოლოდ, ამ შენობის საძირკველში მან თეთრი მონეტები, ლითონის ფირფიტები ჩადო.

ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს პირველმა სწორედ კირილე ლორთქიფანიძემ გადასცა თავისი პირადი კოლექცია - უნიკალური ბიბლიოთეკა. ამიტომ, სიმბოლურია, რომ სწორედ მის მიერ აშენებულ შენობაში დაიდო ამ მუზეუმმა ახლა ბინა.

ქუთაისს ყოველთვის ჰყავდა სრულიად გამორჩეული ინტელიგენცია, ინტელექტუალები, მოაზროვნე ადამიანები და შემოქმედები.

ქართული საზოგადოებრიობის მთავარი ღერძი, ვფიქრობ, სწორედ იმ მოღვაწეებზე გადის, რომლებიც ჩვენ ქუთაისმა გვაჩუქა.

ამ მუზეუმის ცხოვრების გზის დასაწყისიც ამ მოღვაწეებს უკავშირდება. ენთუზიასტთა შორის იყვნენ: იოსებ ოცხელი, სიმონ ქვარიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, გრიგოლ გველესიანი, სამსონ ყიფიანი, სილოვან ხუნდაძე, კონსტანტინე ჯორჯიკია და სხვა ღვაწლმოსილი ქართველები.

მათ მოიარეს საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი - ლეჩხუმი, რაჭა, სვანეთი, მთელი იმერეთი და სათითაოდ აგროვებდნენ  ნიმუშებს, ოქროს ფონდს; იწერდნენ ყველაფერს, ქმნიდნენ ქრონიკას, მოჰყავდათ სისტემაში და ამზადებდნენ მუზეუმისთვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გრიგოლ გველესიანი, რომელმაც  საკუთარი სახლი დაუთმო ამ მუზეუმს და რომელშიც თავდაპირველად 1000-ზე მეტი ექსპონატი  შევიდა.

აქედან დაიწყო ამ მუზეუმის ოდისეა.

ამას დაემთხვა ომები, რევოლუციები და ა.შ. - ვიდრე რამდენიმე დღის წინათ, ეს შენობა გაიხსნებოდა, ამ მუზეუმმა 13-ჯერ გამოიცვალა ბინა. დღეს აქ 150 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

ჩვენგან  მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს მუზეუმი შენობიდან შენობაში,  დროებით თავშესაფრებში რუდუნებით ატარა და თითოეული ეს ექსპონატი აგროვა.

აქ მართლაც ძალიან  ბევრი რელიკვიაა, ფასდაუდებელი ოქროს ფონდია, უამრავი საინტერესო რამ, რაც ჩვენთვის ქართული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს განასახიერებს.

მეამაყება, რომ ბოლოს და ბოლოს გავხსენით ეს მუზეუმი.

რამდენიმე წლის წინათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიყავი და გულზე შემომეყარა, როდესაც აქ უმძიმესი პირობები დავინახე. ამდენი საინტერესო ექსპონატი ნესტსა და  სიცივეში იყო, ხოლო მუზეუმის თანამშრომლები საოცრად დაბალ ხელფასზე მუშაობდნენ.

ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ მართლაც კარგი შედეგი მივიღეთ.

თუმცა ქუთაისი მთლიანად მუზეუმია ღია ცის ქვეშ - აქ არის მოწამეთა, გელათი, ბაგრატი... თითოეული ადამიანი, რომელიც მოწამეთას, გელათის, ბაგრატის აღდგენაზე მუშაობდა, უდიდეს ეროვნულ საქმეს აკეთებდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მთლიანად ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევისთვის.

თავისი ისტორიის დასაწყისიდანვე ქუთაისი სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. მას, ძირითადად, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული. VIII და XI საუკუნეებში უძველესი ქართული სამეფოს,  კოლხას დედაქალაქი სწორედ ქუთაისი იყო. VIII საუკუნიდან 978 წლამდე ლეონის მიერ შექმნილი ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს, ხოლო შემდეგ, 1122 წლამდე ერთიანი საქართველოს დედაქალაქი იყო. 

 ქუთაისის ახალი ისტორია იწყება 21-ე საუკუნეში და სამი ათწლეულის წინანდელი ფუნქციის აღდგენით ქუთაისი ხდება საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი და მეორე დედაქალაქი.

მსურს, ყველას - პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს პირდაპირ ვუთხრა: მათ, ვისაც არ ესმის ქუთაისის ისტორიული პოლიტიკური მნიშვნელობა, საერთოდ არ ესმით საქართველო; ისინი, ვისაც არ ესმის ის, თუ რატომ გადმოგვაქვს პარლამენტი ქუთაისში, ეწინააღმდეგებიან საქართველოს განვითარების, გაერთიანების, ევროპული არჩევანისა და  საერთოდ, ამ ქვეყნის მომავლის ლოგიკას; მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ გააზრებული ჩვენი ისტორია და ქუთაისის მნიშვნელობა საქართველოსთვის.

ქუთაისისთვის, იმ ქალაქისთვის, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიან, ძლიერ, დავით აღმაშენებლის საქართველოს განასახიერებს, პარლამენტის აქ გადმოსვლა არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიული ფუნქციის დაბრუნებას.

ჩვენ დღეს ვხსნით ახალი აეროპორტის მშენებლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია; აქ უამრავი ახალი საწარმო იხსნება; აქ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და  ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთ საქართველოს უჩნდება განვითარების შესაძლებლობა, მამოძრავებელი, წინ წასვლის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული.

ქუთაისი, რა თქმა უნდა, ყოველთვის საამაყოა ქართველებისთვის. ეს არის ქალაქი, სადაც იყო ინტელიგენციის წარმომადგენელთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა იყო.

იცით, რომ კოტე მესხის, ლადო მესხიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ვასაძის, იპოლიტე ხვიჩიას ხსოვნის პატივსაცემად დასრულდება ქუთაისის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.

2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე, კიდევ ერთი ისტორიული მომენტი გაცოცხლდება, ქალაქის მთავარ მოედანზე კოლხური შადრევანი ამოქმედდება.

ჩვენ აღვადგინეთ, ფაქტობრივად, ახლიდან ავაშენეთ ოპერის თეატრი.

 ბოლოს და ბოლოს, ეს არის ზაქარია ფალიაშვილის ქალაქი; ქუთაისი დიდი აკაკის ქალაქია;  ეს ქართული კლასიკური მუსიკის და მხატვრობის კორიფეების, ეს დიდი ტრადიციების მქონე ქალაქია; ეს არის ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, გალაკტიონის, "ცისფერყანწელების", გრიგოლ რობაქიძის, დიდი მეცნიერებისა და განათლების ქალაქი. სხვათა შორის, "ცისფერყანწელების" კაფე ახლაც არის თეთრ ხიდთან, რომელიც თავისთავად განასახიერებს ქუთაისის ძალიან ლამაზ სახეს.

ქალაქს შეუძლია მითები შექმნას და უმღეროს, მაგალითად, ხიდს.

აქ არის ასევე, ლეონის აშენებული ჯაჭვის ხიდი, რომელზეც გადაუვლია ყველა დიდ მოღვაწეს, ძალიან ბევრ დიპლომატს, მოგზაურს, მათ შორის, სამწუხაროდ, დამპყრობლებს...

ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ იქ, სადაც ახლა ძველი ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში იდგნენ რუსი „სალდატები“, „სკოპცები“ და მეფის სასახლის ადგილზე რუსეთის ყაზარმები იყო.

ქუთაისმა მთელი საუკუნე მოანდომა, რათა წარსულისთვის ჩაებარებინა მათი აშენებული ყაზარმები და გადაელახა დამპყრობლის ფსიქოლოგია, რომელიც ცდილობდა მონებად ექცია ქართველები. საბჭოთა დროსაც იქმნებოდა მითები მათ კრიმინალურ მენტალიტეტზე და იყო ამ  მენტალიტეტის დამკვიდრების მცდელობა, მაგრამ ეს ადვილად  იშლება სწორად იმის გამო, ამხელა კულტურა და სული აქვს ამ ქალაქს.

ქუთაისის სამი ათასწლეულის წინანდელ ისტორიაშია, რა თქმა უნდა, ჩვენი მემკვიდრეობა - დაწყებული არგონავტების ლეგენდიდან და დამთავრებული 21-ე სააუკუნის პარლამენტის აქ გადმოსვლით.

ვფიქრობ, ყოველივე ამის ქუთაისში შექმნა ნიშნავს ასევე სერიოზულ შანსს ჩვენი ახალი თაობებისთვის - დასაქმებისთვის, ახალი საწარმოს შექმნისთვის, ინვესტიციების ჩადებისთვის.

მთელი მსოფლიოს განვითარების პროცესი ზღვის მიმართულებით მიდის და ქუთაისი ყველაზე ახლომდებარე დიდი ცენტრია შავ ზღვასთან, ე.ი.  ჩვენს სატრანზიტო გზებთან.  ესეც მნიშვნელოვანი და გასათვალისწენებელია, როდესაც ვლაპარაკობ იმაზე, თუ რატომ გადმოდის აქ პარლამენტი, რატომ იხსნება დღეს აქ საქართველოს მთავრობის მეორე რეზიდენცია, რატომ გაიხსნა იუსტიციის სახლი, რატომ გაიხსნა, მათ შორის, ცენტრალური უწყებები, რატომ გადმოვიდა აქ საგზაო დეპარტამენტი.

ამიტომ, მე დღეს ისევ მინდა მოგმართოთ თქვენ (ბევრი ღირსეული ადამიანია ქუთაისში და სამწუხაროდ ამ გრანდიოზულ დარბაზში ყველას მოწვევა ვერ მოხერხდა) და მთელ ქუთაისს: ჩვენ არა მხოლოდ ისტორიით, არამედ ჩვენი მომავლითაც ვიამაყებთ, რადგან დარწმუნებული ვარ, მომავლის აკაკი წერეთლები, მომავლის ლადო მესხიშვილები, მომავლის კირილე ლორთქიფანიძეები ახლა უსხედან მერხებს ქუთაისის განახლებულ, კომპიუტერიზირებულ, აღდგენილ და, მათ შორის, ახლადაშენებულ სკოლებში. მათი მომავლისათვის და მათი წარმატებისთვის საქართველოს დღევანდელი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ ქალაქს მისი ისტორიული მნიშვნელობა, ფუნქცია და, რაც მთავარია, ამის მეშვეობით ახალი ენერგია მივცეთ, ახალი სისხლი გადავუსხათ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს განვითარებას  ჩვენი ბევრად უკეთესი მომავლისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად.

დიდი მადლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)