Google+

სიახლეები

29.11.2011
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მოგესალმებით,

ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მიღება საქართველოში.

მსურს თავიდანვე აღვნიშნო, რომ უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველო - სომხეთის, ასევე ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა არასდროს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა.

ამ ფაქტს განსაკუთრებულად იმიტომ აღვნიშნავ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ასეთი ინტენსიური, ვფიქრობ, არც საბჭოთა იმპერიის პერიოდში ყოფილა და არც სხვა ნებისმიერ ეპოქაში.

მხოლოდ წელს, სომხეთიდან 600 ათასმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი და ეწვია   საქართველოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთის მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი რეგულარულად სტუმრობს ჩვენ ქვეყანას.

ასევე მინდა ვთქვა, რომ პროცედურების გამარტივებისთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავდგით.

ჩვენი მეგობრობა დროშია გამოცდილი.

არასდროს დამავიწყდება ჩემი ვიზიტი ერევანში ამ ორი წლის წინათ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში. სომხეთმა, მაშინ, დიდი მორალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა.

მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკების დამამთავრებელ ეტაპზე გადავედით, რომლის შედეგად, ჩვენი საზღვრის გადაკვეთა უკიდურესად გამარტივდება.

ჩვენ ავაშენეთ სასაზღვრო პუნქტები, თუმცა დამატებით კიდევ ვხსნით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. სასაზღვრო პუნქტებს აშენებს სომხეთის მხარეც.  ჩვენი მოქალაქეების შემოწმება გამარტივდება და ყველა, ვინც საზღვარს გადაკვეთს მხოლოდ ერთჯერადად შემოწმდება.

ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ აღნიშნული პროცედურა ხალხს მანქანებიდან გადმოუსვლელად შეეძლოთ.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ის ვითარება, რომლის დროსაც ხალხს საათობით უწევდა რიგებში დგომა საზღვირს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე მხარეს, აღარ იარსებებს. ბიუროკრატია, პრაქტიკულად, მოისპობა და აქ ისეთივე გამჭვირვალე სისტემა იქნება, როგორიც შვეიცარია-საფრანგეთისა და ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის საზღვრებზეა.  

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ასეთი სისტემა უკვე გვავქვს თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან და ის საკმაოდ კარგად მუშაობს.

ვიმედოვნებ, რომ ბევრად დახვეწილ სისტემას შევქმნით სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.  

ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, პრობლემა, პრაქტიკულად, არ გვაქვს.

ჩვენ მინისტრებს თითქმის ყოველ თვეში აქვთ ვიზიტები, ამავდროულად, სხვა ბევრი კონკრეტული სამუშაო ჯგუფი მუშაობს და ოპერატიულად აგვარებს ჩვენი ქვეყნების განვითარების საკითხებს. ეს შეეხება არა მარტო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, არამედ ყველა სხვა საკითხს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ურთიერთობა სამაგალითოა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა მათ შორის, როგორიც შეიძლება მეზობლებს შორის იყოს.

ამას გარდა, მსურს გითხრათ, რომ ჩვენი კონცეფცია, რა თქმა უნდა, ეფუძნება ერთიანი კავკასიის კონცეფციას. დარწმუნებული ვარ, რომ კავკასიაში ყველა კონფლიქტი იმ იმპერიულმა ძალამ მოგვახვია თავს, რომლის მთავარი პრინციპია: „გათიშე და იბატონე“.

კავკასიის ყველა ქვეყნის, ყველა ხალხის ინტერესებს შეესაბამება კავკასიის გაერთიანება, კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცისა და, პერსპექტივაში, ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა. ეს აუცილებლად განხორციელდება, პატარა ქვეყნებისთვის ამას ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენი პატარა ქვეყნებისთვის, ჩვენი ხალხებისთვის ამას ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს და ეს ეხება კავკასიის უკლებლივ ყველა ქვეყანას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ ის კონფლიქტები, რომელიც ხელოვნურად ქონდა ჩვენ ქვეყნებს თავს მოხვეული, ადრე თუ გვიან გადაწყდება. ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ადრე მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა გარე ძალა, მით უფრო მეტად შევძლებთ საერთო ენის გამონახვას მით უფრო ჩქარა შევძლებთ საერთო ევროპულ სივრცეში და საერთოდ რეგიონში ინტეგრირებას.

ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. აღმოსავლეთ პარტნიორობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და მიზანად სწორედ იმას ისახავს, რომ ევროპასთან დაახლოების პარალელურად,  ევროპის თანამეგობრობასთან ერთად განვვითარდეთ.

ვფიქრობ, ჩვენი ხედვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრულიად იდენტურია.

სერჟ სარგსიანს მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო - რომ არა მისი პირადი ძალისხმევა, საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ასე ვერ განვითადებოდა.

ჩვენ მასთან მრავალწლიანი, ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა იმ პერიოდიდან მოყოლებული გვაკავშირებს, როდესაც ჯერ კიდევ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი წევრი იყო.

ეს ურთიერთობა ეფუძნება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის გარემოს გაუმჯობესებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის დღევანდელი პრეზიდენტის პიროვნულ ფაქტორსაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი, მისი მგზნებარე რწმენა, ბევრი საკითხი ასე სწრაფად ვერ გადაწყდებოდა და ურთიერთობა ამდენად კარგი ვერ იქნებოდა.

რომ არა მისი პირადი წვლილი, ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობები ვერც ასე უპრობლემო და  გამართული იქნებოდა.

ჩვენ ასევე დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს იმას, რომ  სომხეთი ცდილობს ცვლილებების განხორციელებას ქვეყნის შიგნით და მუშაობს ეკონომიკური და პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაზე.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სომხეთში შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და შიდა პოლიტიკური თანამშრომლობა იყოს, გახდეს ძლიერი, განვითარებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქვეყანა.

პრეზიდენტი სარგსიანი ამ საკითხებზე უკვე მუშაობს, რათა სომხეთი დარჩეს ასეთივე საიმედო პარტნიორი მისი მეზობლებისთვის, როგორც დღეს არის საქართველოსთვის.

ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, მსურს კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ძალიან დიდი სიხარულით.

ჩვენთვის ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ოფიციალური ვიზიტი - ეს არის შეხვედრა ძველ და საიმედო მეგობართან.

 

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი

ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ვიმყოფებოდე ჩემს მოძმე საქართველოში და შევხდე პრეზიდენტ სააკაშვილს.

მინდა მივესალმო მას და მადლობა გადავუხადო გულთბილი დახვედრისთვის.

ჩვენი ყოველი ვიზიტი, მათ შორის,  დღევანდელი, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა.  

მსურს ასევე დავადასტურო ჩვენ ორ ერს შორის განსაკუთრებული მეგობრობა და ურთიერთპატივისცემაა.

ჩვენი ურთიერთობა წელს კიდევ უფრო გააქტიურდა და ბევრად ინტენსიური გახდა.

დიდად ვაფასებ და ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ახალი დინამიკა შეინიშნება.

ჩვენ გვქონდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, საკანონმდებლო და საზღვრების უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, ასევე ვთანამშრომლობთ თავდაცვის სფეროში. 

ყოველივე ეს კვლავაც გაგრძელდება.

რამდენიმე დღის წინათ ბათუმში გაიმართა მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-9 სხდომა, რომელშიც ჩვენი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ.

დღეს, ამ ვიზიტის ფარგლებში სხვა მრავალი ღონისძიება დავგეგმეთ და ორმხრივ ფორმატში ბევრი სამუშაო შესრულდება.

დღეს გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, ჩვენი ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და უმაღლეს დონეს მიაღწია.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შეთანხმებას, რომელიც თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სფეროებში ითვალისწინებს.

ასევე, ვცდილობთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა ავაგოთ ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს შორის.

ჩვენი ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება და კიდევ მრავალ საკითხთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ.

ჩვენი ქვეყნების საარსებო პირობები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ყოველივე გვკარნახობს, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს მშვიდი და თანაბარი.

დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობას.

თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია როგორც სომხეთისთვის, ისე საქართველოსთვის.

როდესაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებს მოვაგვარებთ, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა, ეკონომიკური და აკადემიური ინტეგრაციის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწევს.  

ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრულია და ის ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებს მოიცავს, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კულტურის დარგში.

მომავალი თვეების განმავლობაში უნდა დავიწყოთ საგზაო ტრასის მშენებლობა, რომელიც შეაერთებს ბათუმსა და ნინოწმინდას. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოს პორტებისაკენ სწრაფად გაიზარდოს სატრანსპორტო ნაკადი.

ჩვენ უკვე ვიცით თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის გზები, რომლებიც ევროპულ სტრანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

ვფიქრობ, სომხეთის მოქალაქეებიც გახდებიან ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების მომსწრენი.  

ჩვენ ასევე გვსურს, ენერგეტიკული კავშირებისა და რესურსების სინქრონიზირება მოვახდინოთ. სომხეთი და საქართველო  თანამშრომლობას ძმური ურთიერთობის საფუძველზე აგებენ და რასაკვირველია, ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრება გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდეს. ამან შესაძლებლობა უნდა მოგვცეს გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშე მთელი რეგიონი დგას. ამ მიმართულებით, ვცდილობთ, პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ.

რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონ პრეზიდენტს, რომ მხოლოდ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე შევძლებთ რეგიონში დაძაბულობის შესუსტებას და რეგიონალურ კონფლიქტებთან დაკავშირებით წინგადადგმული ნაბიჯები გვექნება.

მოლაპარაკების დროს განვაცხადე, რომ საქართველოში ყოველი ვიზიტისას, ვგრძნობ, რომ თქვენი ქვეყანა მუდამ მზად არის კონტაქტების გაფართოებისთვის.

ჩვენი ქვეყნის ლიდერები წლების განმავლობაში რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს არა მარტო პრაქტიკული, პრაგმატული საკითხები გადასაჭრელად, არამედ იმისთვისაც, რომ ახალგაზრდა თაობას აჩვენონ თუ რაოდენ მაღალ დონეზეა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა.

მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის საქართველო ძალზე სახარბიელო საფუძველს ქმნის.

ბატონო პრეზიდენტო, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განვითარების გაცილებით მაღალ დონის მისაღწევად, არის რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც წელს პროგრესი განიცადა.

მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი მეგობრული ატმოსფეროსა და ასეთი სტუმართმოყვარეობისთვის.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)