Google+

სიახლეები

31.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. 

უპირველეს ყოვლისა, ახალ წელს მივულოცავ მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს საქართველოში. მათ, ვინც თუნდაც ბოლო დღეებში იბრძოდა იმისათვის, რომ საახალწლო სუფრაზე ნობათი მიეტანა. 

ვისთვისაც ის, თუ როგორ მოუაროს საკუთარ შვილებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ უმუშევრობასა და უსახსრობას, ყოველდღიური რეალობაა. 
რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ ამ ხალხზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი თანადგომის და ზრუნვის საგანი სწორედ ისინი არიან.
მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენს თანამემამულეებს, ყველას, ვინც საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად თვლის. 
გასული წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი იყო. 
ძალიან ბევრი მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. 
საქართველოს ეკონომიკა უფრო ჩქარი ტემპით ვითარდებოდა, ვიდრე რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში. 
ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებდით რეფორმების განხორციელებას დაა თანაც ძალიან სწრაფი ტემპით. 
2008 წელს მტერს მიწასთან გასწორებული ვეგონეთ, მაგრამ ბოლო წლებში მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეზე: უკრაინაში, შუა აზიაში, ჩვენ მეზობლებში და რუსეთშიც კი, მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ საქართველო აბსოლუტური ლიდერია რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 
ჩვენ გვბაძავენ, გვეჯიბრებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ აგრესიაზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ განხორციელდა. 
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველაზე მარტივია ბიზნესის კეთება მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.
ჩვენ გვაქვს ყველაზე თანამედროვე საბაჟოები, ყველაზე თანამედროვე საგადასახადო სამსახური, ყველაზე წარმატებული, გამჭირვალე და ხალხისთვის მსახურობაზე ორიენტირებული ახალგაზრდული სახელმწიფო აპარატი.
ამით ძალიან ვამაყობ და მინდა, ამ სახელმწიფო აპარატის თითოეულ თანამშრომელს დამდეგი ახალი წელი მივულოცო. 
იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს არ ჯეროდა, ჩვენ გასულ წელს სერიოზულად წავიწიეთ წინ და ფრთები შევასხით იმ დიდ დაპირებას, რომ საქართველოში აშენებულიყო ათეულობით მსოფლიო დონის საავადმყოფო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურულ უმრავლესობისთვის. ეს, რა თქმა უნდა,  ძალიან დიდი მიღწევაა.
მინდა გავიხსენო ის, რომ წელს პირველად ხელი მოვაწერეთ მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობის თაობაზე, გავამარტივეთ სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან და გადაწყდა, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლაზე.
რაც მთავარია, ევროკავშირში წელს პირველად ალაპარაკდა სერიოზულად ყველა, რომ შემდეგ წლებში საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.
ეს არის ნამდვილი გეოპოლიტიკური რევოლუცია.
ევროპარლამენტის რეზოლუციის მეშვეობით, ევროპულ სამართლებრივ ლექსიკონში მყარად დამკვიდრდა ტერმინები - ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. პატარა ქვეყნისთვის ეს  გარდაუვალი დეოკუპაციის და ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა. 
წელს მოხდა ძალიან ბევრი კონკრეტული ცვლილება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან, თითქმის ყველგან ჩვენ შემოვიღეთ მანდატურის ინსტიტუტი და ნახეთ როგორ შეიცვალა სიტუაცია: ჩვენს სკოლებში 90 პროცენტით შემცირდა ძალადობა და ჩვენი ბავშვებისთვის სკოლები გახდა  უსაფრთხო. 
ღვედების შემოღებისა და იმ იმ ცვლილებების შედეგად, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით განხორციელდა, საქართველოს გზებზე მკვეთრად შემცირდა სიკვდილიანობა და გასულ წლებთან შედარებით, ბევრად მეტი, ასობით სიცოცხლე გადარჩა. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. 
გასულ წელს გაგრძელდა პენსიების ზრდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დაუცველ მოქალაქეებს ბევრად მეტი სჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ზრუნვა ჩვენს პენსიონერებზე არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. 
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან დიდ ეპოქაში. სიმართლეა ის, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ერთი მხრივ, დამპყრობელთან უწევს ბრძოლა, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შენება, ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში, არც ერთ ეპოქაში საქართველოში ერთდროულად არ აშენებულა იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და, თუნდაც, 2011 წელს. 
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში არასდროს არ ჩამოსულა იმდენი უცხოელი სტუმარი და ტურისტი, როგორც რამდენიც წელს ჩამოვიდა. 
ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, არც ერთ ცალკე აღებულ ისტორიულ პერიოდში, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ბოლო წლებში, მაგრამ ბევრად უფრო მეტი გეგმა გვაქვს.ეს შეეხება არა მხოლოდ თბილისს, არამედ საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონულ ცენტრს, ყველა ტურისტული მიზიდულობის ადგილს, ყველგან, სადაც საქართველო არ არის ოკუპირებული.
ამ ბრწყინვალებას ქმნის არა მთავრობა, ჩემო მეგობრებო, არამედ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ვინც შექმნა ეს კლიმატი - აღმშენებლობის, მომავალი დღის რწმენის, უსაზღვრო რწმენის იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, საქართველო აუცილებლად ბოლომდე გაიმართება წელში.
ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამოქალაქენო, რა თქმა უნდა, მოსაყოლი და სასაუბრო ძალიან ბევრია, მაგრამ მინდა გავიხსენო როგორ ხვდებოდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას  - ამ დროს, ყოველი ახალი წლის წინ ძველი ებრაელები ერთმანეთს ასე ულოცავდნენ: „მომავალ წელს იერუსალიმში!“ 
მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმპერია გარდაუვლად დაეცემა, საქართველო საბოლოოდ განთავისუფლდება და მინდა დავამკვიდროდ ტრადიციადის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთს ასე მიულოცოს: „მომავალ წელს სოხუმში!“ 
გილოცავთ 2012 წელს.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)