სიახლეები
31.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ახალი სასტუმრო და ხიდი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ანაკლიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პალმბიჩი“ და 600-მეტრიანი ხის საფეხმავლო ხიდი დაათვალიერა.
საქართველოს პირველმა პირმა ზღვისპირა ქალაქის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმშენებლობა აქ ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, იმ ადგილზე, სადაც 2 წლის წინათ ჭაობი იყო, დღეს უკვე სამი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ფუნქციონირებს. მისი განმარტებით, მომდევნო წლის ზაფხულში კი, მათ რიცხვს კიდევ ორი დაემატება. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელს ანაკლიაში აკვაპარკიც გაიხსნება. ქვეყნის პირველმა პირმა შავიზღვისპირეთის უნიკალურ კლიმატურ პირობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული ზღვისპირა კურორტები მექსიკის, ეგვიპტისა და მსოფლიოს სხვა ცნობილ კურორტებს არაფრით ჩამოუვარდება.
„ეს მესამე ხუთვალსკვლავიანი სასტუმროა ანაკლიაში. ზაფხულისთვის ამ რაოდენობას კიდევ ორი დაემატება. აქვე გაიხსნება აკვაპარკიც. 2012 წელს ანაკლიაში ხუთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გვექნება მაშინ, როდესაც ორი წლის წინათ აქ არაფერი არ იყო ჭაობის გარდა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს. წარმოიდგინეთ, გუშინ ბათუმში ვიყავი და მთელი დღე საოცრად მზიანი ამინდი იყო. 45 წუთის სავალზე შეგიძლია თოვლში ისრიალო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის კომბინაციაა, ფაქტობრივად, ერთ მონაკვეთში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.