სიახლეები
13.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთს ესტუმრა, სადაც იუსტიციის ახალი სახლი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა შენობა და პატარების კუთხე დაათვალიერა და იმ ახალ სერვისებსა და პროექტებს გაეცნო, რომელსაც ადგილობრივები აქ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. იუსტიციის ახალი სახლის თანამედროვე შუშის შენობა ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს და ხუთ თვეში აშენდა.
ქვეყნის პირველი პირი იუსტიციის სახლთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა, მათ სიტყვით მიმართა და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებაც გურიის მასშტაბით იგეგმება. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება დასაქმების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ოზურგეთის განახლებული პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის ახლადგახსნილ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა. იგი დაინტერესდა, თუ როგორ აგრძელებს საავადმყოფო მუშაობას და რამდენიმე პაციენტი და ახლშობილი მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის ცენტრში მიმდინარე სამუშოებსაც გაეცნო. ქალაქის ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს - სრულად განახლდება "თეატრალური მოედანი" და მის ტერიტორიაზე მდებარე სკვერი; შენობების გარე ფასადები; "ჭადრების ბაღში" მოეწყობა კაფე; ასევე მიმდინარეობს ოზურგეთის რკინიგზის სადგურის შენობის სარეკონსტრუქციო და სხვა სამუშაოები. ოზურგეთის ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია შემოდგომით დასრულდება, უახლოეს პერიოდში კი დაიწყება კურორტ ბახმაროსა და ურეკის კეთილმოწყობა.