სიახლეები
15.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ შუხუთს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთს მეუღლესთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად ეწვია, სადაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიიციულად, ლელობურთში შეჯიბრი იმართება. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად, მათ შუხუთის სახალხო დღესასწაულიც მიულოცა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ლანჩხუთში იმნაიშვილების ოჯახს ესტუმრა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქვეყნის პირველმა პირმა მათაც მიულოცა და სააღდგომო საჩუქრებიც გადასცა. პრეზიდენტმა 92 წლის თინა იმნაიშვილს, რომელიც 40 წლის განმავლობაში პირადად მონაწილეობდა შეჯიბრში, ლელობურთის ტრადიციებსა და ლანჩხუთის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
„ლანჩხუთში ჩვენ დიდ მშენებლობებს ვიწყებთ. ბევრი ხალხი დასაქმდება. უნდა დავიწყოთ ახალგაზრდობის გადამზადებაც. მდგომარეობის გამოსასწორებლად პროფტექნიკურ სასწავლებლებს ვქმნით, გარშემო კურორტებს ვანვითარებთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ლელობურთი გურიის ერთ–ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელიც შუხუთში ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე უკვე სამი საუკუნის განმავლობაში იმართება და ტრადიციულად, ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მოსახლეობა უპირისპირდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, შუხუთში თამაშს მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ.