საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა
ჩემო ძვირფასო მეგობრებო,
არ მეგონა თუ ოდესმე კიდევ დამჭირდებოდა მსგავსი სიტყვით გამოსვლა ქართველი ახალგაზრდების წინაშე და, სიმართლე გითხრათ, სამწუხაროა, რომ დღეს ამის გაკეთება მიწევს.
მეგონა, რომ ის საკითხი, რომლის განხილვაც დღეს იძულებით მიხდება, უკვე დიდი ხანია გარკვეული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით განმარტებებს და ცოტა ხნის წინათ ქართულ საჯარო დებატებში ისევ დაბრუნდა. ეს არის ჩვენი დასავლური ორიენტაციისა და ჩვენი ეროვნული იდენტურობის საკითხი.
ბოლო 10 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც, ზოგიერთი კრიტიკოსის, ლეგიტიმური და არალეგიტიმური, „ასავალ-დასავალის“ და სხვა ბინძური პრესისა და ჭორების მიერ გაღვივებული ბრაზისა და სიძულვილის, პოლიტიკური კავშირებისა თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი კონსოლიდირებული იყო კონსენსუსით დასავლეთის მიმართულებით სვლის იდეის გარშემო. ეს იდეა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებისა და ინტეგრირების უალტერნატივობა იყო.
ხალხს შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონოს გარკვეული პოლიტიკა ან პოლიტიკოსი; მე შეიძლება მომწონდა ან არ მომწონდა კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკოსი, მაგრამ ყველა სერიოზული გამოკითხვა და ყველა მთავარი პოლიტიკური ძალის პლატფორმა აჩვენებდა, რომ ჩვენს დასავლურ თვითმყოფადობასა და მომავალს ქვეყნის შიგნით ეჭვქვეშ არავინ აყენებდა.
ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემისა და სახელმწიფო აპარატის ქართული ოცნებისთვის გადაბარების შემდეგ კეთდებოდა შემაშფოთებელი განცხადებები, მაგალითად, ქართული საგარეო პოლიტიკის არმენიზაციის შესახებ. სომხეთი ჩვენი მეგობარია, მაგრამ განსაკუთრებით მისი საბაჟო კავშირში შესვლის გააწყვეტილების შემდეგ, არ მესმის, რატომ აცხადებს პრემიერი იმას, რომ ჩვენთვის ამ მეზობლის საგარეო პოლიტიკა მისაბაძი უნდა იყოს. ინიშნებოდა არაადეკვატური კადრები, თუმცა ლიდერები და პარლამენტი ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ვალდებულების შესახებ ფორმალურად ინარჩუნებდნენ იგივე პოზიციას. ამბობდნენ, რომ ეს იყო უალტერნატივო გზა ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე. მე ამას მივესალმებოდი. ეს ნორმალური და ნათელი იყო და ამის მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. ბუქარესტის სამიტზე ჩაიწერა გარანტირებულად, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ასეთი მყარი გარანტია წარსულში არ მიუღია ნატოს წევრობის არც ერთ კანდიდატს. საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს სულ უფრო დამკვიდრებულ აზრად იქცა ევროპაში.
ყოველივე ეს ბოლო პერიოდში შეიცვალა. პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა და ახლახან ისევ გაიმეორა, რომ ევრაზიის კავშირი, რომელიც როგორც ყველამ იცის და როგორც ამას თავად რუსები განიხილავენ, საბჭოთა კავშირის ახალი ფორმაა და პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის შექნილია, რათა უკან დახიონ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ჩვენს რეგიონში მიღწეული პროგრესი, არის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შესასწავლია, როგორც შესაძლო ვარიანტი.
აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიდე პრემიერ-მინისტრთან პოლემიკაში, რომელიც შანსს არ უშვებს რომ ყველა წვრილმან საკითხზე მექიშპოს და დამეზომოს. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემაზე. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ უამრავი რამ არის სამსჯელო, ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ პირადი პოლემიკის საგანი გახდეს. ფაქტი სახეზეა და უნდა ვაღიაროთ: პრემიერ-მინისტრმა დაარღვია ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ. ეს მისი აბსოლუტური უფლება იყო, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის. ახლა, როდესაც ტაბუ დარღვეულია და ეს საკითხი ისევ დებატების საგანია, უფრო გამართლებულია ეკამათო ადამიანს, რომელმაც ეს ტაბუ დაარღვია. მთავარი ისაა, რომ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს ეს დებატი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისა და საქართველოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მომავლისთვის.
თავს ნუ მოვიტყუებთ: მიუხედავად ივანიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებისა, ევროპასა და ევრაზიას შორის არჩევანი არ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში გაკეთებული პრაგმატული არჩევანი.
მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმეს თავს დავესხა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენთან განვიხილო რა ალტერნატივები არსებობს და გავაფრთხილო ხალხი იმის შესახებ, თუ რასთან გვაქვს საქმე.
ჩემო მეგობრებო,
ევროპა არის ჩვენი ფესვი, ჩვენი, როგორც ქართველების თვითმყოფადობის ფუძე, ჩვენი შორეული წარსული და დანიშნულების ადგილი; ჩვენი, როგორც თავისუფალი ერისა და ხალხის მომავალი.
ევროკავშირი, შესაძლოა, ხანდახან შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ის მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და რეფორმებს; მუდმივ მუშაობას, რათა ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და მოკავშირეებს ავუხსნათ და დავუმტკიცოთ ის, რომ ჩვენი ადგილი სწორედ იქ არის; რომ ჩვენ უნდა დავიკავოთ ჩვენი ადგილი თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული ერების მაგიდასთან. დიახ, მე ვაღიარებ, ნათელია, რომ ევროკავშირში შესვლა რთულია და ჩვენი წევრობა მყისიერად არ მოხდება.
მეორე მხრივ, ევრაზიის კავშირი მარტივია: პუტინი მიგვიღებს იქ ხვალვე, თუ ასე გადავწყვეტთ და ამის სანაცვლოდ, ის არც ძალისხმევას მოგვთხოვს და არც დამატებით რეფორმებს. იგი ბედნიერი იქნება, თუკი ამ კავშირში ჩაგვითრევს. ის ამაზე ოცნებობს კიდეც, რამეთუ, ამ კავშირის წევრობა ჩვენი ძალისხმევის და რეფორმების სრული დასამარებაა.
დღეს აქ ვსაუბრობ როგორც ადამიანი, რომელიც ასაკით თქვენზე უფროსია...
ეს არ იქნება ჩვენთვის ახალი, ამის თაობაზე ბევრად ადრეც ვიცოდით, რადგან 1991 წლამდე ისედაც ევრაზიის კავშირში ვიყავით - მაშინ უბრალოდ ამას სხვა სახელი ერქვა: საბჭოთა კავშირი, მანამდე კი - რუსეთის იმპერია.
ოცწლიანი ძალისხმევის, შეცდომების, ომებისა და შემოჭრების, ასევე პროგრესისა და წარმატების მიუხედავად, ჩვენ ისევ აქ ვდგავართ, კონფრონტაციას გვიწევენ და არჩევანის წინაშე გვაყენებენ:
ევრაზიული საზოგადოება
• არავითარი ანგარიშვალდებულება;
• ოპონენტები ციხეში;
• უმცირესობებს თავს ესხმიან;
• კორუფცია ყველგანაა გაბატონებული: ევრაზიაა, მაგალითად, რომ ისევ შეიძლება მართვის მოწმობის ფულით გაკეთება. ის, რაც უკვე ჩვენს საბაჟოებსა და გამგეობებში;
• მძვინვარებს კრიმინალი. ევრაზიაა ის, რასაც ამ რამდენიმე დღის წინ დედაჩემის აივნიდან ვისმენდი და ვხედავდი – ქუჩის გარჩევები და ჩაცუცქული ხალხი;
• ოლიგარქიული ეკონომიკა;
• ნეპოტიზმი - როცა თანამდებობის დაკავება და წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პატრონი გყავს. ევრაზიაა, მაგალითად, შენი მეუღლის ანგარიშვალდებულ უწყებაში დასაქმება; ევრაზიაა, მაგალითად, როცა ახმეტას მართავენ ზვიადაურები, ხოლო მთლიანად კახეთს - თამაზაშვილები;
• საყოფაცხოვრებო საკითხები, მაგალითად, ბევრი ნაგავი ქუჩაში. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, ბათუმი შარშან ევროპა იყო, წელს კი ევრაზიაა.
მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, რომელიც ევრაზიის კავშირზე ფიქრობს და არ გამოირჩევა ასეთი მახასიათებლებით...
მეორეა ევროპული საზოგადოება
• მთავრობა იცვლება არჩევნებით;
• ოპონენეტები ტელეგადაცემებში სხედან და არა ციხის პატარა უჰაერო საკნებში, როგორც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და სხვები;
• უმცირესობები ინტეგრირებულია და საკუთარი შეხედულებისამებრ ლოცულობენ ან არ ლოცულობენ;
• ქუჩებში ჩვეულებრივ არ კლავენ და ხალხი დაცულია;
• საზოგადოება მერიტოკრატიულია, ე.ი. ეფუძნება შრომას და არა კლანურ და ნათესაურ კავშირებს;
• ეკონომიკა ეფუძნება თავისუფლებას და პირად ინიციატივას;
• სისუფთავე და წესრიგი.
კრიზისის მიუხედავად, მაჩვენეთ ერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც უფრო მეტად არ ერგებოდა თქვენს პირად მისწრაფებებს და ოცნებებს, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც ევრაზიის კავშირზე ფიქრობენ.
საგარეო პოლიტიკა არ არის ცალკე თემა. ის განსაზღვრავს იმ საზოგადოებას, რომლშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ცხოვრების იმ ტიპს, რომელიც გვსურს გვქონდეს. ახლა ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და მისთვის უნდა იბრძოლოთ.
თქვენი თაობა გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს. შემიძლია გითხრათ, რომ მე მშურს თქვენი და იმ ძალისხმევის, რომელიც უნდა გაწიოთ. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ალტერნატივა ზედმეტად კატასტროფულია იმისთვის, რომ რომელიმე ჩვენგანმა ამ თამაშს უბრალოდ მაყურებლის რანგში ადევნოს თვალი.
დღეიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში ზუსტად ისეთივე უფლებამოსილება მექნება, როგორიც აქვს თითოეულ თქვენგანს, მაგრამ მიუხედავად უფლებამოსილებისა, დღეს, მეც და თქვენც გვაქვს იგივე პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერასოდეს ვერ გავექცევით. მეც და თქვენც გვაქვს ჩვენი საკუთარი ხმა და ის ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე შეეხება თითოეული ჩვენგანის ბედს და ქვეყნის მომავალს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ხმამაღლა დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია.