Google+

სიახლეები

06.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა Tbilisi+35 კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

უპირველეს ყოვლისა, ყველას მოგესალმებით.

მართლაც ძალიან დიდი პატივია ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენციის გამართვა ჩვენს დედაქალაქში ამდენი წლის შემდეგ.

უწინარესად, მინდა მადლობა გადავუხადო UNESCO-ს და UNEP-ს ამ ღონისძიების ორგანიზებისას გაწეული დახმარებისთვის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა აღგვენიშნა მნიშვნელოვანი მიღწევა.

ვფიქრობ, თბილისმა დაამტკიცა, რომ ის დღეს საერთაშორისო ქალაქია.

1977 წელს თქვენ ჩამოხვედით  საბჭოთა რესპუბლიკის ერთ-ერთ დედაქალაქში,  რომელსაც არც თავისუფლება ჰქონდა, არც დამოუკიდებლობა და არც საკუთარი ხედვა, მაგრამ ახლა ის განსხვავებული ქალაქია - დამოუკიდებელი საქართველოს ამაყი დედაქალაქი, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს, ახალი გზავნილები აქვს  მსოფლიოსთვის და ახალი მიზნები.

ის ფრთხილი და ამაყი გამგრძელებელია თავისი მდიდარი ისტორიისა.

რა თქმა უნდა, მსოფლიო ძალზე განსხვავებულია დღეს. იმის წარმოდგენაც რთულია, სად ვიყავით 1977 წელს.

ზოგიერთი თქვენგანი მაშინ, ალბათ, დაბადებულიც არ იყო. მე მაშინ 9 წლის ვიყავი და იმ დროში გარემოს დაცვა არ იყო პირველი, რაზეც შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა ყოველდღიურ ცხოვრებასა და განათლების თვალსაზრისით.

ახლა, ფაქტობრივად, ბუნება და გარემო ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა და გაკვეთილებს გვაძლევს. ის ასწავლის კუნძულების მცხოვრებთ - იქ, სადაც ადამიანები  გაქრობის  ყოველდღიური საფრთხის წინაშე დგანან.

ტრაგედიაა, როდესაც გარემოს დაუცველობის გამო, ქვეყანამ, თავის იდენტურობასთან ერთად, შეიძლება არსებობა შეწყვიტოს.

ის გაკვეთილებს  აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში წყლისა და საკვების პრობლემა აქვთ.

ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მასთან მორგება.

მდგრადი განვითარების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული საგანმანათლებლო ჩარევა ეროვნული, რეგნიონალური და საერთაშორისო მასშტაბით.

ასე რომ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული განათლების მიზანია, მხარი დაუჭიროს ცხოვრების სტილის, განწყობის და ქცევის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას თანამედროვე გამოწვევების პირობებში.

ის მოითხოვს მრავალფეროვან მოქმედებას, ისევე როგორც გრძელვადიან  კონკრეტულ სტრატეგიებს სფეროების მიხედვით.

ჩვენ უნდა შთაგვაგონოს მსოფლიოში არსებულმა წარმატების მაგალითებმა, უნდა შევქმნათ ახალი ისტორიებიც, გავუზიაროთ ერთმანეთს და ვეძებოთ საქმის კეთების ახალი გზები.

საქართველო ხდება 100-პროცენტიანი მწვანე და სუფთა ენერგიის ქვეყანა. ჩვენ ვხდებით რეგიონის ყველაზე დიდი სუფთა, ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტიორი.

ჩვენ ვმუშაობთ მზის ენერგიაზე და სხვა სუფთა ენერგიის წყაროებზე.

ჩვენ ვცდილობთ ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას.

ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ჰაერის ნულოვანი დაბინძურების ქვეყანა.

ჩვენ ვგეგმავთ მთელი მთავრობის გადაყვანას ელექტრომობილებზე და ეს უახლოეს წლებში მოხდება.

როდესაც თავად ვმართავ მანქანას, თითქმის, ყოველთვის ელექტრომობილს ვიყენებ და ასევე ვცდილობთ, მსგავსი მანქანები მომავალში ადგილზე დავამზადოთ.

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა სუფთა წყალი გვქონდეს, შევქმნათ გარემოს დაცვისთვის საჭირო დაწესებულებები, რომელიც ხალხს ასე ესაჭიროება და ზოგადად შევცვალოთ სისტემა.

ჩვენ გვაქვს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ყველა ბავშვისთვის კომპიუტერის გადაცემას ითვალისწინებს.

ჩვენ მოვიწვიეთ 10 ათასი უცხოელი მასწავლებელი, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენაა.

საქართველოში ყველა საშუალო სკოლაშია ავსტრალიელი, ამერიკელი ან ინგლისელი მასწავლებელი, რომლებიც ჩვენს ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან.

რა თქმა უნდა, ჩვენ პოსტსაბჭოთა გარდაქმნიდან დავიწყეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა იყო. ქვეყანა გაჯერებული იყო უსამართლობით,  ყოვლისმომცველი კორუფციისა და კლანური მმართველობის პირობებში.

ევროკავშირის ბოლო კვლევებით, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა ევროპაში.

ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალიზებული ქვეყანა ვიყავით, მაგრამ ახლა, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ.

გაერო-ს მონაცემებით, ჩვენი დედაქალაქი, თბილისი მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქია.

ჩვენ გამოვირჩევით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცედურებით საბაჟო სფეროში, აქ ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი კომპანიების დარეგისტრირება და სასაბუთე ტრანზაქციები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემა.  

ასევე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მსოფლიო ბანკის მონაცემებით. ეს ყველაფერი ცხოვრების გამარტივებას ემსახურება მაგრამ ცხოვრება ვერ იქნება მარტივი თუ ეს ყველაფერი მდგრადი არ გახდება და ეს ადგილი გრძელვადიანად არ დარჩება ასეთი მთელი მსოფლიოსთვის.

საქართველო ასევე დიდი ტურისტული ჰაბია. როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი,  120 ათასი ტურისტი თუ გვყავდა წელიწადში, 2 წლის წინათ 2 მილიონი გვყავდა, შარშან - 3 მილიონი, წელს კი - 4 მილიონ 200 ათასი. მომავალ წელს 5 მილიონ 500 ათასი გვეყოლება და  მაქსიმუმ 3 წელიწადში 10 მილიონსაც მივაღწევთ.

ჩვენ გვინდა, რომ გარემოს თვალსაზრისითაც გავზარდოთ ტურიზმი და ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ერთი მხრივ, ეს კარგია ეკონომიკისთვის, რადგან საქართველო უსაფრთხო, ლამაზი, და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ არის დამატებითი გამოწვევებიც, რომლებსაც უნდა მივხედოთ.

არის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული გამოწვევები რომლებსაც უნდა მივხედოთ.

ამას გარდა, ვმუშაობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთნ დაკავშირებით.

ალბათ იცით, რომ ჩვენ შევქმენით საზოგადოებრივი კოლეჯების ქსელი, რომელიც პროფესიულ სწავლებას უზრუნველყოფს, მათ შორის, გარემოს დაცვის მიმართულებითაც.

ისეთი ამერიკული უნივერსიტეტების კონსორციუმთან ერთად, როგორიცაა MIT და Minnesota, პირველად, ჩვენი რეგიონის ისტორიაში ვქმნით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აჭარაში, ბათუმში, რომელსაც ექნება კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი შენობა.

მინდა გირჩიოთ, ეწვიოთ ამ ქალაქს.

ჩვენ ასევე მთლიან გარდაქმნას ვახდენთ განათლების სისტემაში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ განათლების სისტემაში გვქონდა.

მხოლოდ პოლიციაში არ ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის თვალსაზრისით. როდესაც რეფორმები დავიწყეთ პოლიციის სრული შემადგენლობა დავითხოეთ სამსახურიდან.

ჩვენ ასევე სრულად დავითხოვეთ სამსახურიდან საგადასახადო სამსახური, მაგრამ განათლების სისტემის მთელი შემადგენლობის დათხოვა ვერ შევძელით.

განათლების სისტემა ყველაზე კორუმპირებული იყო საქართველოში - უნივერსიტეტში ჩაბარებისას, ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადასვლისას, ასევე კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ქრთამი უნდა გადაგეხადათ.

ეს დრო ახლა, რა თქმა უნდა, წასულია.

ჩვენ შემოვიღეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, კორუფციის მსგავსი დონის დაძლევა და ჩვენი მაჩვენებლების ამაღლება სერიოზული გამოწვევაა.

ჩვენ სწრაფად უნდა მოვახდინოთ ამაზე კონცენტრირება, გამოვიყენოთ შესაძლებლობები, ვისწავლოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს პროგრესი.

ჩვენ უნდა შევაჯეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა დავძლიოთ გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო ვითარებაში.

ბოლოდროინდელი საერთაშორისო ფორუმების, როგორიც იყო Rio+20, და მომავლის ღონისძიებების მეშვეობით, ჩვენ გვინდა შევქმნათ ინერცია, რომელსაც აიტაცებენ და ვფიქრობ, კონფერენციის Tbilisi+35 მიზანიც ესაა.

კონკრეტული ქმედებებით ამით უნდა აღინიშნოს, რაღაც ახლის დაწყება ჩვენი გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის, ისევე როგორც მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის.

კიდევ ერთხელ გიხდით ყველას დიდ მადლობას და განსაკუთრებით მათ, ვინც შორიდან ჩამოვიდა. თქვენ ძალისხმევა არ დაიშურეთ და გისურვებთ დროის სასიამოვნოდ გატარებას საქართველოში! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)