Google+

სიახლეები

04.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მოგესალმებით ყველას.

დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში ახალი დიდი ინვესტიცია ხორციელდება.  

65 მილიონი დოლარის ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ დამატებით ჩაიდება ფული საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაში და, შესაბამისად, შემოსავალი გადანაწილდება თითოეულ ოჯახზე.

შესაძლოა ეს საქმე ვინმემ უმნიშვნელოდ მიიჩნიოს, მაგრამ ასაფრენი ზოლი ბევრად უფრო რთული გასაკეთებელია, ვიდრე ტერმინალი.

ჩვენი ასაფრენი ზოლი, რომელიც უკვე მოძველებულია, მთლიანად იცვლება.

ქვეყანაში შემომსვლელისთვის, ეს არის პირველი შთაბეჭდილება...

ერთი, რაც უნდა ვთქვათ, მგზავრების რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა.

ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მიღწევა იყო ის, რომ დაიწყო ავიაბაზრის გახსნა. მანამდე მხოლოდ ერთი გადამზიდავი იყო დარჩენილი.

წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებში პარლამენტში ქრთამები დაარიგეს და ყველა ავიაკომპანია განდევნეს ბაზრიდან.

არ შემიძლია არ ვთქვა, იმ პირობებში, როდესაც კომპანია „ტავ ჯორჯია“-სთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, ყველას მიგვაჩნია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით თბილისიდან ბილეთების ფასი დაუშვებლად მაღალია - არ შეიძლება, რომ კიევის მიმართულებით ბილეთი ღირდეს 600 ამერიკული დოლარი; არ შეიძლება რომ ევროპის მიმართულებით იყოს ისეთი მაღალი ფასები, როგორიც დღეს არის...

ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი ტურისტი.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი საქართველოში ჩამოდიოდა 120 ათასი ტურისტი, წელს ჩამოვა 4 მილიონ 200 ათასი, ხოლო მომავალ წელს გვეყოლება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაა. მსოფლიოში კი ერთი-ორი ქვეყანა თუა საქართველოს ზომის, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტი ჩადის.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოჯახებში მეტი შემოსავალი შევა და ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდება.

ზოგიერთი ამბობს, რომ თითქოს, ჩვენ ყველაფერი უცხოელებისთვის გვინდა, არადა ეს უცხოელები ფულს აქ ხარჯავენ - ჩვენ მიერ გახსნილ კაფეებში, ჩვენ მიერ გახსნილ სასტუმროებში, ჩვენ მიერ შექმნილ ბიზნესებში, ყიდულობენ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ვეწევით ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას...

საბოლოოდ, სწორედ ამიტომ დაძლია კახეთმა ღვინის ემბარგოს შედეგები - ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ადგილზე აჭაშნიკებს ქართულ ღვინოს და ამით ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას.

მადლობელი ვარ ამ კომპანიის, რადგან „ტავ ჯორჯია“-სთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ღვინო მოხვდეს ამ კომპანიის სხვადასხვა ტერმინალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ახლა უნდა მივაღწიოთ შემდგომ ლიბერალიზაციას, უნდა დავწიოთ ტარიფები და გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. უახლოეს 2 წელიწადში ამ აეროპორტიდან შესაძლებელია მგზავრთა რაოდენობის გაორმაგებაც.

საქართველოს უფრო მეტი მოქალაქისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ბილეთები და  თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს, რომ მოგზაურობა მხოლოდ ერთი და იგივე 5-10 პროცენტის პრივილეგია არ არის.

რამდენიმე წლის წინათ თითქმის ყველა მგზავრი იცნობდა ერთმანეთს - ვითარება უკვე შეიცვალა, მაგრამ არასაკმარისად.

მომავალ წელს ევროპასთან, ალბათ, უკვე გვექნება უვიზო მიმოსვლა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევაა; ასევე გვექნება თავისუფალი ვაჭრობა როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან და ამ მხრივ ერთადერთი ქვეყანა ვიქნებით ევროპაში... თუმცა, იმისათვის, რომ  ამით ყველა ქართულმა ოჯახმა ისარგებლოს, საჭიროა ბილეთების ფასის შემცირება.  

რა თქმა უნდა, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაზაფხულზე ფოთშიც იქნება აეროპორტი, ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ გურიაშიც იყოს აეროპორტი, კერძოდ, მერიაში; ამას გარდა, ყველამ იცით, რომ გავხსენით აეროპორტები მესტიასა და ინგირში.

შიდა რეისები რეგულარულად განხორციელდება ნატახტარის აეროპორტიდან - ეს არის შიდა ავიაცია. ასევე აეროპორტს ვაკეთებთ თუშეთში, აუცილებლად უნდა გავაკეთეთოთ ამბროლაურშიც. ვმუშაობთ ახალქალაქის აეროპორტზეც.

საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას იშვიათად თუ აქვს ამდენი საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი - არ აქვს, პრაქტიკულად, არც ერთს.

ეს ჩვენ გვესაჭიროება, რადგან გზაგასაყარზე ვიმყოფებით და ამით სარგებელი ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს.  

ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი რამ: ფოთის აეროპორტი რჩება სახელმწიფო მფლობელობაში იმისათვის, რომ თქვენ გაგიწიოთ კონკურენცია, ჩემო მეგობრებო.

მსურს გითხრათ პირდაპირ - აუცილებლად უნდა დაწიოთ ფასები.

მახსოვს ჩვენი შეხვედრა ბობოყვათში, 2005 წელს, მაშინ, როდესაც შეთანხმებას მივაღწიეთ - თქვენ თქვენი სიტყვა შეასრულეთ, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძმებო, ბაზარზე მარტო ვერ დაგტოვებთ და მონოპოლისტები ვერ გახდებით.

თქვენ საუკეთესო ხართ, ეს დიდი კომპანიაა, მაგრამ ხალხს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი ბილეთები - ქუთაისის აეროპორტი სერიოზულ კონკურენციას გაგიწევთ თუ ფასებს არ დაწევთ და ჩვენი ხალხისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

კერძო სექტორს ჩვენ ხელს ვუწყობთ, ინვესტიციებისთვის შესაბამის გარემოს ვქმნით, მაგრამ მინდა, რომ  სტუდენტებმა იფრინონ, მით უმეტეს, რომ უკვე გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს როგორც სტუდენტებისთვის, ისე ბიზნესისთვის და უნდა ვიაროთ  ყველა მიმართულებით.

გვჭირდება ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა და მათაც უნდა შევუქმნათ პირობები. 

მიხარია რომ კომპანია „პეგასუსი“ შემოვიდა, მიხარია, რომ  „ყატარის ავიახაზები“ შემოვიდა, ბათუმში უკვე „კუვეითის ავიახაზები“ ასრულებს რეისებს.

დიდად გემადლიერებით იმისთვის, რომ ბათუმის აეროპორტიც კარგად გააკეთეთ.  

ჩვენ გვინდა, რომ სამაგალითო თანამშრომლობა გვქონდეს - თქვენ მართლაც საუკეთესო კომპანია გაქვთ და თქვენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

გვსურს, რომ სწორედ თქვენთან ერთად შევქმნათ უფრო ლიბერალური გარემო, რათა ხალხმა ამით იხეიროს.

მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო „ტავ“-ის ყველა თანამშრომელს.

თქვენ ნამდვილ ქართულ კომპანიად ჩამოყალიბდით - პირდაპირ და ირიბად ჩვენი ქვეყნის ასობით და ათასობით მოქალაქეს ასაქმებთ.

ჩვენ სანიმუშო ურთიერთობა გვაქვს, სიტყვის ხალხი ხართ და ყველაფერი შეასრულეთ, რაც თქვით.  

ამას გარდა, უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის აეროპორტს ექნება ახალი ტერმინალი. ალბათ ეს იქნება ორ წელიწადში...

ამიტომ, ყველამ ვიმუშავოთ, შემოვიყვანოთ კომპანიები, მუშაობა მთელი მასშტაბით გავშალოთ და ამ მიმართულებით, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ამ რეგიონის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი.  

ასევე ჩვენი სურვილია, რომ ამით თითოეულმა ქართულმა ოჯახმა ისარგებლოს. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს არა მისთვის, არამედ სხვებისთვის კეთდება - ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფრისგან ბოლომდე უნდა მიიღოს სარგებელი.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)